რას უშვრებოდნენ რომაელები ნარჩენებს

თუ გავითვალისწინებთ, როგორ ეპყრობოდნენ პომპეელები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, შეიძლება ითქვას, რომ ისინი უფრო უფრთხილდებოდნენ გარემოს, ვიდრე ჩვენ.

როცა ვეზუვის ამოფრქვევისას დამარხული ანტიკური ქალაქების გათხრები დაიწყო, მდიდრულმა ვილებმა, ულამაზესმა ფრესკებმა და ოქროს სამკაულებმა სხვა ყველა ინფორმაცია გადაფარა. ახლა კი, ათეულობით წლის შემდეგ, მეცნიერებმა სხვა დეტალების კვლევაც დაიწყეს, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა.

სპეციალისტები ნაგვის ნარჩენებს პომპეისა და მის მეზობელ ქალაქებში წლების განმავლობაში სწავლობდნენ, რათა გაერკვიათ, როგორ ექცეოდნენ ამ ქალაქების მოქალაქეები საკუთარ ნივთებს. აღმოჩნდა, რომ პომპეის ქუჩებში განთავსებული იყო ნაგვის ურნები და კალათები. თუმცა პომპეისთან ახლოს, ერთ–ერთ სოფელში, სამზარეულოში ქურა ისეთი მტვრით იყო დაფარული, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის არასოდეს გაუსუფთავებიათ.

თეოდორ პენია, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევის ხელმძღვანელი: “ქურის პირველადი დათვალიარებისას რჩებოდა განცდა, რომ მისი მფლობელები იყვნენ ბიჭები საერთო საცხოვრებლიდან. სამზარეულოსთან ახლოს მყოფი სათავსოც არ ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას. უწესრიგოდ იყო ბრინჯაოს სათლი, რომლითაც ჭიდან წყალი მოჰქონდათ. ქოთნებს ნაპირები ჰქონდათ ჩამომსხვრეული და ქვაბები შეკეთებული იყო, მაგრამ შესაძლოა მეტად ადვილად დაშლილიყვნენ. თუმცა, ამ ნივთებით მაინც სარგებლობდნენ და მათ გადაყრას აშკარად არ ჩქარობდნენ”.

ასევე პომპეისთან ახლოს მდებარე სამეურნეო კომპლექსში, სადაც ღვინოს აყენებდნენ, ათასზე მეტი ამფორაა, რომლითაც ღვინო გადაჰქონდათ. შეკეთების კვალი ბევრ ამფორას ეტყობა. თუმცა შეკეთებულებსაც ისევე იყენებდნენ ღვინის გადასატანად, როგორც ახლებს.

როცა მეცნიერებმა ქუჩაში გამოტანილი ნარჩენების შესწავლა დაიწყეს, ელოდნენ, რომ მრავლად იპოვიდნენ მინის ნივთებს, მაგალითად სუნამოს ბოთლებს, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. აღმოჩნდა, რომ მათ აგროვებდნენ, ადნობდნენ და სხვა დანიშნულებით იყენებდნენ.

რა თქმა უნდა, გადაჭარბებული შეფასება იქნება, რომ პომპეის მცხოვრებლები ნარჩენების გადამუშავების თავგამოდებული მომხრეები იყვნენ, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ საკუთრებას უფრთხილდებოდნენ, კერამიკის თუ სხვა ჭურჭელს დიდხანს იყენებდნენ, ხოლო დაზიანებულს შეაკეთებდნენ ან სხვა დანიშნულებას უძებნიდნენ.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*