რატომ გადაშენდნენ დინოზავრები? ახალი ვერსია

დინოზავრების გადაშენების ზუსტი მიზეზი დღემდე არ არის ცნობილი. ბრიტანელი პალეონტოლოგები მიუახლოვდნენ იმ კითხვის პასუხს, რომელიც ასტეროიდის დაცემის თეორიას უკავშირდება.

დინოზავრები 65 მილიონი წლის წინ ცარცული პერიოდის მიწურულს გადაშენდნენ. მათთან ერთად გადაშენდნენ ზღვის რეპტილიები (მოზაზავრები და პლეზიოზავრები) და მფრინავი ხვლიკები, მოლუსკების და წყალმცენარეების რიგი. სულ გადაშენდა ზღვის ცხოველების 16% და ხმელეთის ხერხემლიანების 18%. ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად “დიდი გადაშენების” მიზეზი მექსიკის ნახევარკუნძულ იუკატანზე ასტეროიდის ან კომეტის ჩამოვარდნა გახდა.

ეს ჰიპოთეზა ემყარება ცხოველების გადაშენების და კრატერ ჩიკსულუბის გაჩენის დროის დაახლოებით თანხვედრას (კრატერი გაჩნდა 10 კილომეტრის სიდიდის ასტეროიდის დაცემის შედეგად დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ). სხვა ვერსიებს შორის არის – ვულკანური აქტივობის გაძლიერება: მაგმის გიგანტური ამოფრქვევა 68–60 მილიონი წლის ინტერვალში.

ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დინოზავრები გაწყვიტეს პირველმა მტაცებელმა ძუძუმწოვრებმა, ასევე დიდი გავლენა იქონია ზღვის დონის დაწევამ, დედამიწის მაგნიტური ველის მკვეთრმა ცვლილებამ და სხვა ფაქტორებმა.

კითხვებზე პასუხის თავისი ვერსია წარადგინეს რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ისინი ამტკიცებენ, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნის დროს დინოზავრები უკვე გადაშენების პირას იყვნენ.

ახალი თეორია კონბინირებულია – ისინი არ უარყოფენ ასტეროიდის ფაქტორს, თუმცა მას მეორეხარისხოვან როლს ანიჭებენ. მათი აზრით, დედამიწის ციურ ობიექტთან შეჯახებამ მხოლოდ დაასრულა ის პროცესი, რომელიც უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო.

მეცნიერებმა ეადარეს ახალი ცხოველების გაჩენის სისწრაფე და უკვე არსებული ძველი ცხოველების გაქრობის სისწრაფე. როცა მეორე ჭარბობს პირველს, მაშინ იწყება გადაშენება.

მასშტაბური გამოთვლების საფუძველზე, რომელშიც 600–მდე სახეობის დინოზავრის მონაცემები შედის, გაირკვა, რომ სწორედ ეს ტენდენცია უკვე დაწყებული იყო 80–75 მილიონი წლის წინ – ჩიკსულუბის კრატერის გაჩენამდე ბევრად უფრო ადრე.

მიუხედავად კვლევებისა, მეცნიერები ამის მიზეზს ვერ ასახელებენ. დინოზავრების ნელ–ნელა გადაშენებაში თავისი როლი შეიძლება სუპერკონტინენტის გახლეჩამ, კლიმატის ცვლილებამ, სხვა ცხოველებთან კონკურენციამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა შეასრულეს. ანუ ასტეროიდის დაცემის გარდა სხვა ფაქტორებმა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*