რაფაელი

რომ მქონოდეს რაფაელის ფუნჯი, მოცარტის მელოდია

და კალდერონის ენა, იქნებ მეც რაიმე გრძნობა ჩამენერგა

თქვენთვის.

[ჰაინე]

ადამიანები იმისთვის კვდებიან, რომ

კაცობრიობამ იცოცხლოს.

[ბელინსკი]

რაფაელი! სრულყოფილი მშვენიერების სხივმოსილი სახე! თავისი საუკუნის და ყველა საუკუნის დიდება!

Selfportrait_of_Raffaelo,_Uffizi_Florence

რაფაელი (ავტოპორტრეტი)

თუ ლეონარდო და ვინჩი დიდი აღორძინების ტვინია, ხოლო მიქელანჯელო – მარჯვენა, რაფაელი მისი გულია და თვალი პატიოსანი. გოეთემ მას ახალი დროის ხელოვანთა შორის უნათლესი უწოდა.

როცა ბოროტი ინკვიზიტორები გახრწნილების მორევში ცურავდნენ, მოაზროვნე ადამიანებს სახსრებს უმსხვრევდნენ და კოცონზე წვავდნენ, შეუპოვარი ტიტანები ადიდებდნენ ადამიანის სულიერ და ხორციელ სილამაზეს, რითაც ჯიბრში ედგნენ ძალადობას. ადამიანის ხელახლა აღმოჩენა იყო მათი მიზანი და მოწოდება.

რაფაელი ფუნჯით უმღერდა მშვენიერებას ციურ საგალობელს, ის თვით იყო სრულყოფილი მშვენიერება: ამაყი, ახოვანი, თავაზიანი, მეფურად მოსილი, გონებამახვილი, მუდამ მხიარული და სასურველი…

იტალიურ ენაზე რაფაელი მთავარანგელოზის სახელია. მის მიწიერ ორეულს ერქვა  რაფაელო სანტი. სწორედ ამ მეორეზე ამბობდნენ: სიცოცხლეში ღმერთს ეშინოდა, არ მაჯობოსო, სიკვდილის შემდეგ კი – მეც არ მოვკვდეო!

სულ 37 წელი იცოცხლა… სასტიკი და სამართლიანი ისტორია ასაკისთვის შეღავათს არ იძლევა, და რაფაელს არ ესაჭიროება არავითარი შეღავათი.

რაფაელის პირველი მასწავლებელი მამამისი იყო, საკმაოდ ნიჭიერი მხატვარი ჯოვანი სანტი. ერთხელ ოსტატი ლუკა მოუთხრობდა, ფლორენციაში მიქელანჯელო მეორედ ვნახეო, ისეთივე კუშტია, მაგრამ მალე მის სახელს მსოფლიო გაიგებსო.

– მიქელანჯელო? – იკითხა ყრმა რაფაელმა. – განა მამაჩემზე უკეთ ხატავს?

1500 წელს 17 წლის ჭაბუკი პერუჯაში ჩადის და სახელოვანი პიეტრო პერუჯინოსთან ერთად ქმნის რამდენიმე სურათს.

Pope_Julius_II

პაპი იულიუს II

1504 წელს ურბინოელი ოსტატი იტალიის ხელოვნების აკვანში – ფლორენციაში ჩადის, სადაც ლეონარდოს და ფრა ბარტოლომეოს ზეგავლენას განიცდის. რამდენიმე წელს ფლორენციასა და პერუჯაში მუშაობს. მოკლე ხანში იქმნება გველეშაპთან მებრძოლი “წმინდა გიორგი” და “წმინდა ოჯახი”, საკურთხევლის ნაირფეროვანი სახეები და მადონები – მომაჯადოებელი დედები, რომლებიც ლეონარდოსებური კომპოზიციით გვხიბლავენ – პირამიდული განლაგებით.

რაფაელის მეორე დიდი მეგობარი იყო ფრანჩესკო ფრანჩია. ამ ოსტატის “ქრისტეს ნათლისღება” გარდამავალი საფეხურია მაღალი რენესანსისათვის. მისმა ჰარმონიულმა ხელოვნებამ შემდგომი სრულყოფა ჰპოვა რაფაელის სიქსტინის მადონას სახით.

ფლორენციის პერიოდის ქმნილებათა გვირგვინია “ქრისტეს კუბოში ჩასვენება”. ორი წელი ფიქრობდა და მუშაობდა ჩანახაზებზე, ვიდრე ამ ძნელ ამოცანას ხელს მოჰკიდებდა. სურათი ბრწყინვალეა, თუმცა ჯერაც აკლია დასრულებული გენიის სრულყოფა. მარიამ მაგდალინელი, ჯვრიდან ახლად გარდამოხსნილ ქრისტეს რომ ხელზე ეამბორება, უზადოა, ხოლო ორი ჭაბუკი, რომელთაც ცხედარი უჭირავთ, უხერხულ პოზაში დგას. ხის მასალაზე შესრულებულ ამ შედევრში იოლად იცნობა მიქელანჯელოს იესოს ქანდაკება “პიეტადან”. ღვთისმშობლის წინ დაჩოქილი ქალის მოძრაობაც დიდი ფლორენციელის “წმინდა ოჯახიდანაა” გადაღებული. მაგრამ ფიგურების სიცოცხლე, განლაგება, მოძრაობისა და დარდის გამოხატვის ძალა მაინც მოწმობს, რომ ესაა კლასიკური ქმნილება, დახვეწილი სურათი, რაც ჩრდილავს ანდრეა დელ სარტოს ანალოგიურ ტილოს.

Lvr-george

“წმინდა გიორგი”

1508 წელს დიდი ურბინოელი ხუროთმოძღვარი, პეტრეს ტაძრის მთავარი არქიტექტორი ბრამანტე თავის გენიალურ თანამემამულეს მოულოდნელად რომში იწვევს. მოულოდნელი იყო ეს მხოლოდ რაფაელისათვის. ჯერ კიდევ ორი წლით ადრე ჭკვიანი და მეომარი პაპი იულიუს II, ბოლონიაში სალაშქროდ ჩასული “ტიაროსანი კეისარი”, სამი დღით ურბინოში გაჩერდა, ჰერცოგთა სამეფო ქალაქში, აქ ნახა რაფაელი, მისი ნამუშევრები, და მაშინვე შეიცნო გენია, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რათა ხორცი შეესხა ნიკოლოზ მეხუთის ძველი იდეისათვის: რომი უნდა ექცია საქრისტიანოს უდიდეს და უმშვენიერეს ქალაქად. რაფაელმა კი ამ დროისათვის დაასრულა სწავლა და სრულყოფა, მიიღო ყველაფერი, რისი მიცემაცფლორენციას შეეძლო.

“ჰელიოდორის განდევნა იერუსალიმის ტაძრიდან”, რაც 1512 წელს დაიწყო, ალეგორიული სურათია: იგულისხმება ფრანგების განდევნა საეკლესიო სახელმწიფოდან. თვით პაპმა იულიუს II–მ ამ ფრესკაზე თავისი თავი გამოაყვანინა – ბალდახინით, საიდანაც მორჭმით შესცქერის ეკლესიის დამარცხებულ მტრებს. სულ სხვაა იულიუსი გვიანდელ პორტრეტში – უკვე მოტეხილი ბერიკაცი, ცალი ფეხი რომ სამარეში უდგას და მაინც საომარ გეგმებს აწყობს ჯიუტ თავში.

პიტის გალერეაში ყურადღებას იპყრობს “დონა ველატა დე პიტი” (“მანდილოსანი”), ალბათ რაფაელის სატრფო, როგორც ვაზარი ვარაუდობს. ამბობენ, სიქსტინის მადონის ნატურად ეს სახე გამოიყენაო, და მაშინ ეს ქალი ორმაგად უკვდავყოფილია. მარადქალური სინაზის ეს იშვიათი ნიმუში 1515 წელს შეიქმნა. იმავე წელსაა შესრულებული მისი სათაყვანებელი გლეხი–ქალის ფორნარინას პორტრეტი. მაგრამ რომელია სიქსტინის მადონის მოდელი, ეს უკვე მხოლოდ რაფაელმა იცის.

მადონებს და იესოს ვინ არ ხატავდა! ეს ეგრე იოლი როდი იყო, რომ იმ ეპოქაში ოსტატი ასეთ პაექრობაში ჩაბმულიყო! ბევრი ორგზის ჯვარცმული იესოც რომ გამოუფენიათ, ამაზე მეტყველებს ერთი ძველი ეპიგრამა:

რას დაღრეჯილხარ, ფერწასული, ჩასვენებული?

ო, მაცხოვარო, მათხოვარი მგონიხარ ქუჩის!

განა განცდილთაჭირთაგან ხარ ასე ვნებული?

არა, იესო! ეს დაღია პაჩეკოს ფუნჯის!

640px-RAFAEL_-_Madonna_Sixtina_(Gemäldegalerie_Alter_Meister,_Dresde,_1513-14._Óleo_sobre_lienzo,_265_x_196_cm)

“სიქსტინის მადონა” 1512 წ.

როგორ შეიქმნა სიქსტინის მადონა? პიაჩენცის წმინდა სიქსტის უბრალო მონასტრის ბერებმა ინებეს ჰქონოდათ ღვთისმშობლის სახე, რომელსაც აქეთ–იქიდან ამოუდგებოდნენ პაპი სიქსტ II და ბიბლიური მოწამე წმ. ბარბარე. სურათი რაფაელს შეუკვეთეს. მიუბაძავი ტილო შეიქმნა შედარებით სწრაფად. მონახაზების გარეშე, და ეს იყო დიდი ხელოვნების ბედნიერი დღე.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რაფაელი მშვენიერ ხელოვნებათა გენერალინტენდანტი იყო, ზღვა საქმე დაეკისრა და ტიტანის ტვირთი დააწვა მის გულსაც, მარჯვენასაც და გონებასაც. მაგრამ მეფურად დიდებული ჭაბუკი მაინც იცლიდა ფორნარინასათვის. ეს სიხარული ჩაუშხამა კარდინალმა ბაბიენამ, რომელიც თავისი ძმისწულის, სენიორა მარიამის ხელს სთავაზობდა, რაფაელმა სიტყვა მისცა და არ შეეძლო სიტყვის გატეხვა, არც ამ სენიორას შერთვა. ეს ცალკე ნისლავდა მის სისხლსავსე ცხოვრებას.

კარდინალი ბაბიენა აჩრდილივით დასდევდა, აჩქარებს, ქორწილი როდის იქნებაო, მარია ჩამოდნაო შენს ლოდინში… “ღმერთო ჩემო, რამდენი მარიამი მყავს ფრესკებზე! ნუთუ არ მეყოფა!” – ფიქრობს რაფაელი და მიზეზს ეძებს: ჯერ ავადმყოფობს, მორჩესო. სენიორა მარიამი ვერ მორჩა და გარდაიცვალა უმალ, ვიდრე რაფაელის ხელით ბეჭედს გაიკეთებდა, ეს დიდოსტატის სახელთან დაკავშირებული ერთადერთი მარიამია, რომელსაც სიკვდილი მოერია.

პაპმა მაინც სიჩლუნგე გამოავლინა, მიწისქვეშა გათხრების უფროსად დანიშნა დიდი მხატვარი. ნესტიან მიწისქვეშეთში გაგზავნილი მზის მესაიდუმლე ცუდად გახდა, ფერი დაკარგა, ციება დაეწყო.

1520 წლის 28 მარტს დიდოსტატი დაწვა და ერთ კვირაში გარდაიცვალა. ძლივს მოასწრო ანდერძის დატოვება. დარჩენილი თანხა, მეგობრებსა და მოწაფეებს დაურიგა, არც ფორნარინა დავიწყებია. კაცობრიობას კი დაუტოვა მხოლოდ ქმნილება. მოგებული დარჩა კაცობრიობა.

მთელი რომი, პაპი, კარდინალები ყრუ დუმილით დასცქეროდნენ უდროოდ დაღუპულ გენიას. 6 აპრილს საღამოს 10 საათზე მიიძინა და მაშინ ყველამ იგრძნო, რომ დაცარიელდა ადგილი, რომელსაც ამიერიდან ვერავინ შეავსებდა.

ამბობენ, იმ დღეს რომში მიწა იძვრა, ვატიკანის კედელი გაიბზარა და პაპი სასახლიდან გაიქცაო.

1024px-Raffaello,_pala_baglioni,_deposizione

“ქრისტეს გარდამოხსნა” 1507 წ.

800px-Raphael_-_Madonna_in_the_Meadow_-_Google_Art_Project

“მადონა მდელოზე” 1506 წ.

640px-Transfiguration_Raphael

“ფერისცვალება” 1520 წ.

Fornarina

ფორნარინა

Leave a comment

Your email address will not be published.


*