რელიგიათა შეჯახება კორსიკაზე

საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე ძველი რომაული ქალაქის მარიანას გათხრებისას მითრას უძველესი ტაძრის ნანგრევებს მიაკვლიეს. იგი ძვ. წ. I საუკუნეს განეკუთვნება. აღმოჩენა სპეციალისტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კუნძულზე ამ ინდოარიული ღვთაების კვალს პირველად მიაკვლიეს.

ყველაფერი კი იმას მოჰყვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ ტერიტორიაზე გზის გაყვანა დაიწყეს. როცა არქეოლოგიური საიტი აღმოჩნდა, იმავე ადგილობრივი ხელისუფლების მოწვევით საქმეში საფრანგეთის არქეოლოგიური კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის გუნდი ჩაერთო, ფილიპ შაპონის ხელმძღვანელობით. მათი ვარაუდით, გათხრილია სალოცავი ოთახი და ინიციაციის ადგილი, რომელიც მითრას კულტს უკავშირდება.

ფილიპ შაპონი: “აღმოჩენა მეტად საინტერესოა. კორსიკაზე მითრას კულტის ნიშნები პირველად გამოჩნდა. ამ კულტის კვალი იშვიათად გვხვდება საფრანგეთშიც”.

შაპონის გუნდმა იპოვა ზეთის სანათები, ბრინჯაოს ზარები, თიხის ჭურჭელი და ქალის მარმარილოს თავი. აგრეთვე, მითრას ქვის გამოსახულება, სადაც იგი ხარს მსხვერპლად სწირავს, ხოლო ხოლო ძაღლი და გველი ცხოველის სისხლს სვამენ. მათთან ერთად გამოსახულია მორიელიც. ნაპოვნი არტეფაქტები ამ ადგილის დანიშნულებაზე მეტყველებს.

ხარის მსხვერპლად შეწირვის სცენას მითრას ტაძრებში ხშირად გამოსახავდნენ, რადგან გადმოცემით, მითრამ სამყარო შეწირული ხარის ნაწილებისგან შექმნა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორსიკაზე მითრას და სალოცავის საკურთხეველი განგებ დაანგრიეს. შესაძლოა ეს რელიგიურ დაპირისპირებაზე მიანიშნებდეს და რომის იმპერიაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების პერიოდს უკავშირდებოდეს. მანამდე, ანუ 392 წლამდე, რომის იმპერიაში ყველა რელიგია მისაღები იყო. ალბათ ამიტომ, მითრას ყველაზე სახელგანთქმული სალოცავი რომში, სენტ კლემენტის ბაზილიკაშია. კორსიკაზე კი დიდი ქრისტიანული სამლოცველო დაახლოებით 400 წელს ააგეს.

მარიანა რომაული ქალაქი იყო, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 100 წელს დაარსდა. განსაკუთრებულ აღმავლობას III-IV საუკუნეებში მიაღწია და ძლიერ სავაჭრო ქალაქად იქცა. გათხრები აქ 1930–იან წლებში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება 2000–იანი წლებიდან დაიმსახურა. წინა გათხრებით აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული ბაზილიკა და მოსანათლი აუზი, ასევე სახლები და მაღაზიები.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*