“რკინის ღმერთები” და მეტეორიტული რკინა ძველ ეგვიპტეში

არქეოლოგების მიერ საუკუნის წინ ნაპოვნი ნივთების თანამედროვე ანალიზმა შესაძლოა რკინის ხანის დაწყების თარიღი შეცვალოს. მძივის მარცვალი, რომელიც კაიროს სამხრეთით, 70 კილომეტრის დაშორებით ჯერ კიდევ 1911 წელს იპოვეს, მიუთითებს, მეტეორიტულ ლითონებს, რომელთაგანაც რკინის მიღება შეძლეს, ეგვიპტელები ძვ. წ. IV ათასწლეულში გაეცნენ.

240px-Widmanstatten_hand

რკინის განსაკუთრებული კრისტალური სტრუქტურა (ვინდმანშტეტენის სტრუქტურა) მხოლოდ რკინის მეტეორიტებისთვის არის დამახასიათებელი

კამათი, არის თუ არა მძივის ამ მარცვლებში ნიკელი და შეიძლება თუ არა ლაპარაკი მათ არამიწიერ წარმომავლობაზე, პრაქტიკულად მთელი საუკუნე გრძელდებოდა. ერთ–ერთი მარცვლის ელექტრონულ–მიკროსკოპულმა და ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ, რომელიც ინგლისის მილტონ–კინსის უნივერსიტეტის პლანეტოლოგებმა დიანა ჯონსონის ხელმძღვანელობით მოაწყვეს, მეცნიერებს საშუალება მისცა, დაედგინათ ლითონში არა მხოლოდ ნიკელის მაღალი შემცველობა, არამედ რკინის განსაკუთრებული კრიტალური სტრუქტურა, რომელსაც ვინდმანშტეტენის სტრუქტურა ეწოდება.

ასეთი სტრუქტურა მხოლოდ რკინის მეტეორიტებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც მშობელი ასტეროიდების შემადგენლობაში ნელა ცივდებოდნენ ჯერ კიდევ იმ დროს, როცა მზის სისტემა ის–ისაა ყალიბდებოდა.

მეცნიერებმა ამ მძივების შექმნის პროცესის აღწერაც კი შეძლეს: ეგვიპტელები ჯერ აბრტყელებდნენ მეტეორიტის ნაწილს, შემდეგ მილივით ახვევდნენ და ნაწილებად ჭრიდნენ.

ძველ ეგვიპტეში რკინის მადნის წარმოება ძვ. წ. VI საუკუნეში დაიწყეს. მიკვლეული არტეფაქტები კი გაცილებით ადრეული ხანისაა.

o-EGYPTIAN-JEWELRY-SPACE-facebook (1)

1911 წელს აღმოჩენილი მძივის ანალიზმა მეცნიერებს ახალი დასკვნის საფუძველი 2015 წელს შეუქმნა

დიანა ჯონსონი (მილტონ–კეინსის უნივერსიტეტის პროფესორი): “ფარაონების ქვეყანაში რკინის ნივთები არცთუ ბევრია ნაპოვნი და ისინი ძირითადად დიდებულთა სამარხებშია აღმოჩენილი. ეს ლითონი სამეფო მმართველობასა და ძალაუფლებასთან ასოცირდებოდა”.

არსებობდა ცრურწმენა, რომ კეთილშობილი ლითონი მათ მფლობელს გარდაცვალების შემდეგ სულთა სამყაროში უპრობლემოდ გადასვლაში ეხმარებოდა.

მძივი, რომელსაც ელექტრონულ–კომპიუტერული და ტომოგრაფიული ანალიზი ჩაუტარდა, მანჩესტერის მუზეუმშია დაცული. მუზეუმის ეგვიპტისა და სუდანის ისტორიის განყოფილების კურატორი კემპბელ პრაისი ამბობს, რომ ძველ წერილობით წყაროებში დაცული ცნობებით ძველ ეგვიპტელებს ეგონათ, რომ ღმერთებს რკინის ჩონჩხი ჰქონდათ.

პრაისი ვარაუდობს, რომ ამ წარმოდგენას საფუძველი შესაძლოა მეტეორიტებმა დაუდეს, რადგან ძველ ეგვიპტელებს მეტეორიტული რკინა ღმერთების ნაწილებად წარმოედგინათ, რომლებიც დედამიწაზე ცვიოდნენ.

კვლევის ასეთი შედეგების შემდეგ დიანა ჯონსონი გეგმავს მეტეორიტული რკინისგან დამზადებული სხვა ეგვიპტური არტეფაქტების შესწავლასაც. თუმცა მანამდე, ჯერ შესწავლის ნებართვის მოპოვებაა აუცილებელი.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*