როგორი იყო სახელოვნებო კონკურსები ოლიმპიურ თამაშებზე

1912 წლიდან 1948 წლამდე, ოლიპიურ თამაშებზე, სპორტული ასპარეზობის გარდა სხვა შეჯიბრებებიც ტარდებოდა.

ერთხელ, თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელმა, ბარონმა პიერ დე კუბერტენმა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სახელოვნებო კონკურსების ჩართვაც გადაწყვიტა. მისი მიზანი სპორტის და ხელოვნების გაერთიანება იყო. ის თვლიდა, რომ მედლები მხოლოდ სპორტის სახეობებში გამარჯვებულებისთვის კი არ უნდა გადაეცათ, არამედ იმ მხატვრული ნამუშევრებისთვისაც, რომლებსაც სპორტთან უშუალო კავშირი ჰქონდათ.

პიერ დე კუბერტენის იდეას თავიდანვე მხარი არ დაუჭირეს. სახელოვნებო კონკურსები ოლიმპიურ პროგრამაში მხოლოდ 1912 წლის სტოკჰოლმის ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩართეს. მაშინ კონკურსში მხოლოდ 35 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მედლებით დაჯილდოება ყველა კატეგორიაში მოხვდა.

1912-დან 1948 წლამდე არსებობდა კატეგორია “არქიტექტურა”. 1924 წელს მას დაემატა ლიტერატურული კონკურსი, 1928 და 1948 წლებში ის გაყვეს სამ კატეგორიად – “დრამა”, “ლირიკა” და “ეპოსი”.

წესების თანახმად, ლიტერატურულ კონკურსში მონაწილე ნაშრომებში არ უნდა ყოფილიყო 20 ათასზე ნაკლები სიტყვა და თან უნდა დართვოდა თარგმანი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე.

ამას გარდა, 1932 წლიდან არსებობდა მუსიკალური კონკურსი. 1936 წელს კატეგორია ქვეკატეგორიებად გაყვეს: “ორკესტრი”, “ინსტრუმენტალური მუსიკა”, “სოლო”, “გუნდი”.

არსებობდა “ფერწერის” კატეგორიაც, რომელიც 1932 წელს, ასევე დაყვეს კატეგორიებად: “სურათი”, “ნახატი”, “აკვარელი” და “გრავიურა”. მოგვიანებით დაამატეს “სარეკლამო გრაფიკა”, “ბეჭდვითი გრაფიკა” და “ოფორტი”. ქანდაკების კონკურსიც გაყვეს ორ ქვეკატეგორიად – “ქანდაკება” და “რელიეფი”, მოგვიანებით კი დაემატა კიდევ ორი – “მედალი” და “სპორტული ნიშნები”.

კონკურსებში მხოლოდ მხატვრები, არქიტექტორები, მოქანდაკეები კი არ მონაწილეობდნენ, არამედ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებიც. მაგალითად, ამერიკელი მსროლელი უოლტერ უაინენსი ქანდაკების კონკურსშიც მონაწილეობდა, ხოლო უნგრელი მოცურავე ალფრედ ჰაიოში “არქიტექტურის” კატეგორიის პრიზიორი გახდა.

1912 წელს სტოკჰოლმში ლიტერატურულ კონკურსში თვით პიერ დე კუბერტენმა მიიღო მონაწილეობა ფსევდონიმით. მისი ნაშრომი იყო “ოდა სპორტს”.

სახელოვნებო კონკურსებმა დიდ პოპულარობას მიაღწიეს მაყურებლებში. მაგრამ 1949 წლიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ კონკურსების ყველა მონაწილე პროფესიონალი იყო და ხელოვნებით ისინი ფულს შოულობდნენ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ოლიმპიური თამაშების სამოყვარულო სტატუსს. ამიტომ 1954 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სახელოვნებო კონკურსები შეეცვალათ გამოფენებით, სადაც მედლებით დაჯილდოებული გამარჯვებულები აღარ იქნებოდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*