როგორ გაანადგურეს ესპანელებმა აცტეკების ცივილიზაცია: ახალი ვერსია

აცტეკების ცივილიზაცია ესპანელი კონკისტადორების მისვლის შემდეგ განადგურდა. მაგრამ რამდენიმე ასეული ჯარისკაცი 25 მილიონიან დიდ იმპერიას ვერ გაანადგურებდა. მეცნიერებმა ახალი ვერსია წამოაყენეს.

1519 წელს ესპანელი კონკისტადორები ერნანდო კორტესის მეთაურობით მექსიკაში ჩავიდნენ. მალე აცტეკების უდიდესი ცივილიზაციისგან თითქმის არაფერი დარჩა, დიდი ქალაქები დაეცა, იმპერატორი ტყვედ ჩაიგდეს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაიღუპა.

ძველი აცტეკების თანამედროვე შთამომავლობის, ნაუას რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონს აღწევს – ეს აცტეკების სახელმწიფოს აყვავების პერიოდის მოსახლეობაზე 16–ჯერ ნაკლებია.

აშკარაა, რომ რამდენიმე საომარი ხომალდი და 600–მდე ჯარისკაცი ვერ შეძლებდა უძლიერესი იმპერიის დამარცხებას. საუკუნეების მანძილზე მეცნიერები სხვადასხვა ვერსიებს აყენებდნენ: ძირითად მიზეზად გვალვისგან გამოწვეული შიმშილობა და ესპანელების მიერ ჩამოტანილი ყვავილის ეპიდემია სახელდებოდა.

ცოტა ხნის წინ, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ახალი ვერსია წამოაყენა. ისინი ეთანხმებიან იმას, რომ 1545–დან 1550 წლამდე უწყვეტი ეპიდემიის შედეგად მოსახლეობის 80% განადგურდა. მათ დაადგინეს მიზეზი, რამაც დაავადების მასიური აფეთქებები გამოიწვია. როგორც კვლევებშია ნათქვამი, აცტეკები სალმონელამ დახოცა. სპეციალისტებმა რამდენიმე ნეშტის ანალიზი გააკეთეს. XVI საუკუნის მექსიკელების ორგანიზმში აღმოჩნდა სალმონელას სახეობა – Salmonella enterica. ეს ბაქტერიები მუცლის ტიფის, პარატიფის და მწვავე ნაწლავური ინფექციების გამომწვევები არიან.

დღეს ეს დაავადებები იკურნება, მაგრამ ასწლეულების წინ ისინი სასიკვდილო იყო. სალმონელა სწორედ ევროპელებმა მოიტანეს ამერიკის კონტინენტზე. ამ ბაქტერიის ყველაზე ძველი სახეობა XIII საუკუნის ნორვეგიულ სამარხშია აღმოჩენილი.

ამის შედეგად, თეორია, რომ კონკისტადორებმა დაამარცხეს აცტეკები, ძალაში რჩება – კორექტირება მხოლოდ “იარაღს” შეეხება. ესპანელებმა უძველესი ცივილიზაცია ბრძოლაში კი არ დაამარცხეს, არამედ ყოფით ცხოვრებაში ახალი ინფექციის გავრცელებით, რომლის წინაშე თვითონ იმუნიტეტი გამომუშავებული უკვე ჰქონდათ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*