როგორ გამოიყურება ტვინის ნაშთები ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ

მეცნიერებმა მინისებური შავი მასის იდენტიფიცირება შეძლეს.

ვეზუვის ცნობილი ამოფრქვევა 79 წლის 24 აგვისტოს დილით დაიწყო. მას თითქმის 2 ათასი მსხვერპლი მოჰყვა.

გავარვარებული ლავის და ფერფლის ქვეშ დამარხული ნეშტები და არტეფაქტების შესწავლა გრძელდება. მეცნიერები დღესაც საოცარ აღმოჩენებს აკეთებენ.

ამოფრქვევის შედეგად ადამიანები მხოლოდ პომპეიში კი არა, ასევე მეზობლად მდებარე ჰერკულანუმში დაიღუპნენ.

ეს ქალაქი ვეზუვიდან დასავლეთით მდებარეობს და პირველმა ფაზამ მას დიდი ზიანი ვერ მიაყენა. მაგრამ შუაღამის შემდეგ, ქალაქისკენ 100 კმ/სთ სიჩქარით პიროკლასტიკური ნაკადები დაიძრა და ადამიანები, რომლებიც სახლებში ელოდებოდნენ სტიქიური უბედურების გავლას, დაიღუპნენ. ქალაქის ნაგებობები კარგად შემოინახა: ლავამ ისინი “დააკონსერვა”.

მსხვერპლთა ნეშტები ჩვენამდე სხვადასხვა მდგომარეობით არის შემორჩენილი. რბილი ქსოვილები იშვიათად არის შემორჩენილი. კერძოდ თავის ტვინი: ნეირონების შემადგენლობაში შემავალი ცხიმები გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად იშლება.

ახლახანს, კვლევების დროს პირველად აღმოაჩინეს დაუშლელი ტვინი: ის მინისებურ მასად იქცა.

ეს ადამიანის ნეშტის რბილი ქსოვილების ვიტრიფიკაციის უნიკალური შემთხვევაა: აქამდე ასეთი შემთხვევები, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დაბომბვების მსხვერპლების ნიმუშებშია შემონახული.

აღმოჩენა ნეაპოლის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააკეთეს. კვლევის ობიექტი ჰერკულანუმში 1960-იან წლებში ნაპოვნი ნეშტი იყო.

გავარვარებული ლავის ნაკადები ადამიანს შენობაში წამოეწია. ეს ცნობილი Collegium Augustalium-ია. მამაკაცი საწოლზე პირქვე იწვა და მისი ჩონჩხიდან მხოლოდ კიდურების და მკერდის ფრაგმენტები შემორჩა. იქ, სადაც თავის ქალა უნდა ყოფილიყო, მეცნიერებმა მინისებური შავი მასა შენიშნეს.

საერთო ჯამში, გათხრების ადგილას, 300-მდე მსხვერპლია ნაპოვნი, მაგრამ მსგავსი ფრაგმენტები არცერთი მათგანის ნეშტებში აღმოჩენილი არ არის.

მოლეკულარულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მინისებური მასა შეიცავდა ზოგიერთ ცილას, რომლებიც ნერვული ქსოვილებისთვის არის დამახასიათებელი. ასევე ცხიმოვან მჟავებს.

ანალიზის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ აღმოჩენილია ვეზუვის მსხვერპლის თავის ტვინი.

ოთახში დამწვარი ხის ანალიზის დახმარებით კი დადგინდა, თუ სად მდებარეობდა მამაკაცი სიკვდილის დროს. ასევე გაირკვა, რომ სიკვდილის მომენტში რამდენი იყო ტემპერატურა, რომლის დროსაც ვიტრიფიკაცია მოხდა: ის 520°C-ს შეადგენდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*