როგორ გებულობენ ძაღლები ადამიანის ლაპარაკს?

ძაღლების პატრონები დარწმუნებულები არიან, რომ მათ შინაურ ცხოველებს შესანიშნავად ესმით ადამიანის ლაპარაკი. ეს რწმენა ახლა მეცნიერულადაც დადასტურდა: ბრიტანელმა მეცნიერებმა სუსეკსის უნივერსიტეტიდან კვლევა ჩაატარეს.

ცნობილია, რომ ადამიანი აღიქვამს არა მარტო სიტყვებს და წინადადებებს, არამედ მეტყველების სხვა თავისებურებებსაც – მათ შორის ინტონაციას. ამ ემოციურ შემადგენელზე ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროა პასუხისმგებელი, ინფორმაციულზე – მარცხენა. როგორც აღმოჩნდა, ასევე აღიქვამენ ლაპარაკს ძაღლებიც.

ეს ცხოველები დიდი ხანია სხვადასხვა კვლევის ობიექტები არიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხვა ცხოველის ყეფას ძაღლი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროთი აღიქვამს. კვლევის მიზანი იყო, თუ ტვინის რომელი უბანი რეაგირებს ადამიანის ლაპარაკზე. ძაღლებს სხვადასხვა ჩანაწერებს ასმენინებდნენ: როგორც ნაცნობ ბრძანებებს, ასევე შემთხვევით შეკრებილი სიტყვების ნაკრებს სხვადასხვა ინტონაციით და ემოციით.

როცა გადმოიცემოდა ემოციის გარეშე ნათქვამი ბრძანება, ძაღლების უმრავლესობა თავს მარჯვენა დინამიკისკენ ატრიალებდა: მუშაობას იწყებდა ტვინის მარცხენა ნახევარსფერო. როცა სიტყვები ემოციურად იყო წარმოთქმული, ძაღლები თავს მარცხნივ აბრუნებდნენ – ე.ი. მუშაობას მარჯვენა ნახევარსფერო იწყებდა. ამით გაკეთდა ის დასკვნა, რომ ძაღლები ადამიანის ლაპარაკის გასაგებად ტვინის სხვადასხვა უბნებს იყენებენ და ამას აკეთებენ ადამიანების ანალოგიურად.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცნობია, რამდენად სრულად ესმით ძაღლებს ჩვენი ლაპარაკი. მაგრამ აშკარაა, რომ ისინი ერთნაირი ყურადღებით რეაგირებენ როგორც ჩვენი სიტყვების აზრზე, ასევე ინტონაციაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*