როგორ იბრძოდნენ აქილევსი და ჰექტორი… ჰომეროსამდე

“ილიადაში” აღწერილი ბრძოლის ისტორია შესაძლოა რამდენიმე ასწლეულით “დაძველდეს”

ორი წლის წინ, როცა საბერძნეთის სამხრეთ–დასავლეთში, ქალაქ პილოსში უძველესი სამარხი გათხარეს, მტვრის სქელი ფენიდან მცირე ზომის არტეფაქტი ამოიღეს. მისი სიგრძე სულ 3,8 სანტიმეტრი იყო და ოვალურ ბურთს ჰგავდა. იგი გადადეს, რათა ყურადღება უფრო საინტერესო მასალაზე გაემახვილებინათ, მაგალითად, ოქროს ბეჭდებზე, რომლებიც უხვად იყო მდიდრულ სამარხში.

მოგვიანებით, როცა კონსერვატორმა ეს პატარა ქვის ბურთი მტვრის, მიწისა და კირის ნადებისგან გაწმინდა, იგი აღმოჩნდა აქატის ქვა გრავიურით, საბეჭდავი, რომელიც სავარაუდოდ თიხაზე ან ცვილზე ბეჭდის დასატანად გამოიყენებოდა.

მინიატურულ ქვაზე ბრძოლის სცენა დიდი სიზუსტით და დეტალურად არის ამოტვიფრული. მეცნიერთა თქმით, არტეფაქტი ჰომეროსის პოემების – “ილიადასა” და ოდისეაში” მოთხრობილ ამბავთა ძირითად ვერსიას ამყარებს. გამოსახულების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მასზე გამოსახული ბრძოლის სცენა ძალიან ჰგავს ჰომეროსის ეპოსში მოთხრობილ აქილევსისა და ტროის უფლისწულის, ჰექტორის შერკინებას. პოემაში აღწერილია მებრძოლთა ჩაცმულობა და ისიც კი, როგორ მოძრაობდნენ გმირები.

შერონ სტოკერი, ცინცინატის უნივერსიტეტის პროფესორი: “არ ვამბობთ, რომ ეს სცენა მაინცდამაინც ჰომეროსის პოემას წარმოსახავს. სავარაუდოდ, ის აღწერილია სიმღერებსა და მითებში, რომელიც ცნობილი იყო როგორც მიკენელებისთვის, ასევე მინოსელებისთვის”.

მინიატურული ქვა კრეტელი ჯარისკაცის სამარხში აღმოაჩინეს. იქვე მიაგნეს სხვა სამკაულებს, რომელთა ასაკი 3500 წელია. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღმოჩენილი ქვა სწორედ ამ მეომარს ეკუთვნოდა.

მეცნიერები აღაფრთოვანა ქვაზე ამოტვიფრული ნახატის დეტალიზაციამ. ათენის არქეოლოგიური ინსტიტუტის ბრიტანული სკოლის დირექტორის, ჯონ ბენეტის თქმით, ქვა მინიატურული ხელოვნების შედევრია, რომლის შედარებაც მიქელანჯელოს სურათებთანაც კი შეიძლება.

ვენის უნივერსიტეტის პროფესორი ფრიც ბლაკოლმერი, რომელიც ეგეოსის ზღვისნ კულტურების სპეციალისტია, ფიქრობს, რომ ეს მინიატურული გრავიურა დიდი ზომის ორიგინალის ასლია. დაახლოებით ისეთი ტიპის გრავიურისა, როგორსაც კუნძულ კრეტაზე მეფე კნოსოსის სასახლეში მიაკვლიეს. მეცნიერის აზრით, ოსტატს, რომელიც გრავიურაზე მუშაობდა, ასეთი მინიატურული ზომის ნიმუშის შესაქმნელად გამადიდებელი შუშის გარეშე მუშაობა გაუჭირდებოდა.

ადრეული ხანის არქეოლოგები, მაგალითად ჰენრიხ შლიმანი ფიქრობდა, რომ “ილიადა” ომებისა და ბრძოლების ნამდვილ ისტორიას მოგვითხრობდა. ამ რწმენით დაიწყო მან არქეოლოგიური გათხრები და ტროასა და მიკენს მიაკვლია.

მოგვიანებით, ამ ვერსიაში ახალმა თაობამ ეჭვი შეიტანა, თუმცა ისინიც უშვებდნენ შესაძლებლობას, რომ ტროა ძვ. წ. 1200 წელს დაანგრიეს და ეს მოვლენა ხალხურმა პოეზიამ და გადმოცემებმა 500 წელიწადს შემოინახა. მერე კი ჰომეროსის პირველი პოემა დაიწერა, ძვ. წ. 700 წლის ფარგლებში.

მეომარი კი, რომლის სამარხშიც მინიატურული გრავიურა აღმოაჩინეს, კვლევის მიხედვით, ძვ. წ. 1450 წელს უნდა გარდაცვლილიყო, რაც კიდევ უფრო გვაშორებს ჰომეროსის ეპოქას. თუმცა ბოლო დროის აღმოჩენები მოწმობს, რომ სიუჟეტი, რომელიც მის პოეზიაშია, ადრეული ხანის ბერძნულ დამწერლობით ნიმუშებშიც გვხვდება. არქეოლოგთა აღმოჩენა ამ ვერსიას ამყარებს.

combat-agate-2

აქატის ქვის გრაფიკული გამოსახულება

წყარო – “ისტორიანი”

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*