როდის შეიქმნა იდუმალი გოლიათი სერნ-ებასიდან

ის უფრო ძველი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ.

გოლიათი სერნ-ებასიდან – ასე შეარქვეს უზარმაზარი შიშველი ადამიანის გამოსახულებიან გეოგლიფს. ის ინგლისში, სოფელ დორჩესტერიდან ჩრდილოეთით, სერნ-ებასთან ახლოს ბორცვზეა გამოსახული. ის სავარაუდოდ, ათასზე მეტი წლისაა.

მეცნიერების ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან პირველი მონაცემები ამ გიგანტზე XVII საუკუნეში გაჩნდა.

გეოგლიფის შემქმნელებმა, უაზარმაზარი ფიგურა (სიმაღლე 55 მ, სიგანე – 51 მ.) ტრანშეების ქსელის საშუალებით დახაზეს. თითოეული ხაზის სიგანე და სიღრმე 30 სმ-ია. შემდეგ ისინი ცარცით ამოავსეს.

ყველაზე ადრეული ცნობა 1694 წელს მიეკუთვნება – სოფელ სერნ-ებასის ეკლესიის ჩანაწერების წიგნში ნახსენებია ჯონ ნორდენი, რომელმაც ეს რაიონი 1617 წელს გულდასმით შეისწავლა.

ისტორიკოსები ათწლეულების განმავლობაში დაობდნენ გიგანტის შექმნის და მნიშვნელობის თაობაზე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ის 1600-იან წლებშია შექმნილი და ისტორიულ ჩანაწერს ეყრდნობიან. ზოგიერთი კი – გოლიათს რომაულ პერიოდს მიაკუთვნებს.

გასულ წელს, მეცნიერების ჯგუფი გეოგლიფის შესწავლას შეუდგა. მათ დაამუშავეს ნიადაგში და ცარცში არსებული კვარცის მარცვლები. ოპტიკური სტიმულირებული ლუმინესცენციით მეცნიერებმა დაადგინეს, როდის მოხდა ბოლოს კვარცზე მზის სინათლის ზემოქმედება.

ამ ტექნიკით დადგინდა, რომ ყველაზე ძველი ცარცი 650-1310 წლებს მიეკუთვნება. თეორიულად, გიგანტი უფრო ძველი უნდა იყოს, რადგან ცარცი რამდენჯერმე შეცვალეს.

მაგრამ ნიადაგიდან აღებული ნიმუშები სხვა შედეგებს იძლევიან. გრუნტის შემთხვევაში ასაკი 700-1100 წლებში მერყეობს. მეცნიერების აზრით, გიგანტი ამ პერიოდზე ძველი ვერ იქნება.

X საუკუნეში, სერნ-ებასში ბენედიქტელების მონასტერი დაარსდა. მეცნიერების აზრით, გიგანტის შექმნა ამ პერიოდს ემთხვევა. ასეთი ფანტასტიური, უხეში, წარმართული გამოსახულების შექმნა შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქტს წარმოადგენდა.

მაგრამ, აუხსნელი რჩება, რატომ არ არის მოხსენიებული ეს გეოგლიფი არსად საუკუნეების მანძილზე? მეცნიერების აზრით, გიგანტი დიდი ხნის მანძილზე უხილავი იყო – ეს ბორცვი მაღალი ბალახით იყო დაფარული დიდი ხნის განმავლობაში. ამ მოსაზრებას ნაციონალური ფონდის მთავარი არქეოლოგი, მარტინ პაპვორტიც იზიარებს. მეცნიერის ვერსიით, გიგანტი გვიანსაქსონურ პერიოდში შეიქმნა, მაგრამ შემდგომში, რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ის დაივიწყეს და მიატოვეს. მისი აღმოჩენა თავიდან მოხდა.

სხვა ვერსიას ემხრობა ტიმოთი დარვილი. მისი აზრით, ისტორიამდელ ძეგლებს ქრონიკებში უგულვებელყოფდნენ. “ისეთი ძეგლიც კი, როგორიც სთოუნჰენჯია, არ არის სათანადოდ მოხსენიებული ისტორიულ ჩანაწერებში” – აღნიშნავს მეცნიერი.

გოლიათი სერნ-ებასიდან – ინგლისში შემორჩენილი სამი გეოგლიფიდან ერთ-ერთია. ორი სხვა გამოსახულებაა “გრძელი კაცი” უილმინგტონიდან და “თეთრი ცხენი”უფინგტონიდან. თუმცა, მხოლოდ ცხენზე შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ის ისტორიამდელი ეპოქისაა.

b8f254539c6d420688ad8d3dfff83b9f.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*