რომაული მოზაიკა – დაცვა შურისა და ავი თვალისგან

რომაელთა რელიგიაზე, რწმენაზე, მაგიურ და დაკრძალვის რიტუალებზე ბევრ ცნობას შეიცავენ წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური მონაცემები, თუმცა როგორც ირკვევა, ამ თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესო და მდიდარი მასალა რომაულმა მოზაიკამაც შემოინახა. სპეციალისტთა აზრით მოზაიკა მდიდრულ სახლებს არა მხოლოდ ამშვენებდა, არამედ მათ მფლობელებს მაგალითად, ავი თვალისგანაც იცავდა.

mos1

მსხვერპლთშეწირვის სცენა

თორმეტკაციანი სამეცნიერო ჯგუფი, რომელშიც მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნის მეცნიერები შედიან, ამტკიცებს, რომ ძველ რომში მოზაიკის ერთ–ერთი დანიშნულება უიღბლობის გაფანტვა და შურიანი ადამიანების “თვალის ცემისგან” დაცვაც იყო.

მოზაიკებს მითოლოგიური სცენებითა და პერსონაჟებით, რომელთაც შურიანი ადამიანები უნდა დაეფრთხოთ, სახლის დერეფანში ათავსებდნენ. ამის კარგი მაგალითია მოზაიკა კუნძულ კეფალინიიდან (იონიის კუნძულები, საბერძნეთი). მასზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც, სხვისი მდიდრული სახლის შემხედვარე, შურითა და ბოღმით იხრჩობა.

სახლისთვის მოზაიკას შეძლებული ხალხი უკვეთდა. ყველაზე გავრცელებული სიუჟეტები უკავშირდებოდა ქორწინებასა და მსხვერპლთშეწირვას, ან ავი თვალისგან დამცავ “ნახატს” წარმოადგენდა. ავი თვალისგან თავის დასაცავად მოზაიკაზე შუბით განგმირულ თვალს გამოსახავდნენ, რომელიც ცხოველებით იყო გარშემორტყმული, ზოგ შემთხვევაში – წარწერებითაც.

სწორედ ამიტომ ფიქრობენ სპეციალისტები, რომ რომაული მოზაიკა მხოლოდ ხელოვნების ნიმუში კი არ არის, არამედ პირველხარისხოვანი დოკუმენტური წყაროც ისტორიის შესასწავლად.

ლუს ნეირა (კარლოს III–ის სახელობის მადრიდის უნივერსიტეტის ძველი ისტორიის კათედრის პროფესორი): “მოზაიკაში გამოხატულია ზოგიერთი ჩვეულება, რომელიც კერპთაყვანისმცემლური წარმოდგენებიდან წარმოიშვა. გვინდა გავარკვიოთ, როგორ არის ეს რწმენა წარმოდგენილი რომაულ მოზაიკაში მთელი იმპერიის ტერიტორიაზე”.

ესპანელმა მეცნიერმა, რომელიც ამავდროულად მკვლევართა ჯგუფის ხელნმძღვანელიცაა, ცოტა ხნის წინ წიგნიც გამოსცა, სახელწოდებით – “რელიგია, რიტუალები და მაგიური პრაქტიკა რომაულ მოზაიკაში”.

https://www.youtube.com/watch?list=PL73BFE37B125A9528&v=EX3KR3MMeho

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*