რუსეთ–თურქეთის 1877–1878 წლების ომი და საქართველო

ყირიმის ომმა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. რუსეთი რევანშისთვის ემზადებოდა. ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გარკვეული წარმატებით გულმიცემული ალექსანდრე II იმედოვნებდა, რომ დაკარგულს ადვილად დაიბრუნებდა. მან ჩინებულად გამოიყენა რუსული იმპერიალიზმის კლასიკური, დროში უჭკნობი, “პატარა ერებზე მამობრივი ზრუნვის” საბაბი და ბალკანეთის სლავი ხალხის დაცვის მოტივით თურქეთს ომი გამოუცხადა.

ევროპაში მიმდინარე ოპერაციებთან ერთად, ბრძოლები მიმდინარეობდა კავკასიაშიც. ამ ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა ქართული მილიცია – 30 ათასი კაცი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთის ფრონტზე საბრძოლო ოპერაციებში.

საყურადღებოა, რომ რუსმა გენერალმა ოკლობჟიომ ომის წინ მებრძოლ ჯარისკაცებს ასე მიმართა: “დაე, გახსოვდეთ, რომ თქვენ წინ გადაშლილია მინდვრები და მთები ძველი ქრისტიანული საქართველოსი, რომლის ათასობით მილიციელი და მოლაშქრე ამჟამად ჩვენს რიგებში დგას და საერთო მტერს ებრძვის”. სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება, რომელიც ჩინებულად იცოდა მეფის რუსეთის გენერალმა, დღეს დაივიწყეს რუსმა პოლიტიკოსებმა თუ ისტორიკოსებმა.

რუსეთმა შეძლო ორივე ფრონტზე წარმატების მიღწევა და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით თურქეთის მიერ საქართველოსათვის მიტაცებული ტერიტორიები: კოლა–არტაანი, არტანუჯი, ბათუმის ოლქი, აჭარა რუსეთის იმპერიას შეუერთა. შეიძლება ითქვას, რომ ამით რუსეთის იმპერატორმა და “საქართველოს მეფემ” ალექსანდრე II–მ სეასრულა ის დანაპირები, რაც მისმა წინაპრებმა ქართველ მეფეებს მისცეს – მან თავის სკიპტრის ქვეშ ხელმეორედ გააერთიანა საქართველო.

სამხრეთ–დასავლეთის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება, 300 წლიანი გაუცხოების, რელიგიური აღმსარებლობის შეცვლის მიუხედავად, უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო. მთავარი კი ისაა, რომ ამ კუთხის მოსახლეობამ საუკუნეთა განმავლობაში, მაჰმადიანთა ზეწოლის პირობებში, შეინარჩუნა ქართული ეროვნული ცნობიერების ერთ–ერთი მთავარი ატრიბუტი – ქართული სალაპარაკო ენა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*