საგარეო ვითარება. ბიზანტიის დაცემა/საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად.

ConstantinoXI

ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI

1451–1452 წლებში ერანის მთელი ტერიტორია შავბატკნიან (ყარა–ყოინლუ – ჯეჰან შაჰის მეთაურობით) თურქმანთა ტომებმა დაიკავეს. მათი მეზობლობა საქართველოს პერსპექტივაში დიდ საფრთხეს უქმნიდა. მაგრამ ქვეყნისთვის უფრო დიდი საფრთხე და პოლიტიკური მარცხი ბიზანტიის დაცემა (1453 წ.) და იქ თურქ ოსმალთა გაბატონება იყო.

ბიზანტიის დაცემასთან ერთად დაიწყო მოძრაობა მისი განთავისუფლებისათვის. ამ მოძრაობის ინიციატორები რომის პაპები იყვნენ. მათი აზრით, თურქ ოსმალტა წინააღმდეგ მოწყობილ ჯვაროსნულ ლაშქრობაში აღმოსავლეთის ქვეყნებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამ იდეის განხორციელების მიზნით საქართველოს მეფე მთავრებმა ერთხანს თითქოს დაივიწყეს ურთიერთ წინააღმდეგობა და 1459 წელს მათ ერთგვარი კავშირი შეკრეს თურქ ოსმალთა წიააღმდეგ. ისინი მოლაპარაკებაში ჩაებნენ დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ ჩქარა გამოირკვა, რომ დასავლეთის მონდომება თურქეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის მოწყობის თაობაზე მოჩვენებითი იყო. შესაბამისად, უდღეური აღმოჩნდა ქართველ მეფე–მთავართა  1459 წლის კავშირიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კავშირის დაშლა კვლავ ყვარყვარე ათაბაგმა დაიწყო. მან ომი აუტეხა გიორგი VIII–ს, მის წინააღმდეგ ერანის მბრძანებელი უზუნ ჰასანი გამოიყენა, რომელიც 1462 წელს სამცხეში მოვიდა, ყვარყვარეს გიორგი VIII–ის წინააღმდეგ ომში დაეხმარა და გაამარჯვებინა.

Zonaro_GatesofConst

მუჰამედ II–მ აიღო ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი (ბიზანტიის იმპერიის დაცემა)

მეფის ამ მარცხმა ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. მალე მას სამოქალაქოს (ქუთაისის), ერისთავიც (ბაგრატი) აუჯანყდა. 1463 წელს მან სასტიკი ბრძოლა მოახვია თავს გიორგის და ჩიხორთან კიდეც დაამარცხა. ეს მარცხი განაპირობა დიდგვაროვანთა ერთი ნაწილისგან მეფის ღალატმა და ბაგრატისადმი მიმხრობამ.

ბაგრატმა ქუთაისის დაკავება მაინც ვერ მოახერხა და ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, როცა საქმეში ჩაერია ყვარყვარე ათაბაგი. იგი ხელახლა განუდგა მეფეს, სამცხეში მათ შორის სასტიკი ბრძოლა მოხდა, რომელშიც ათაბაგმა გაიმარჯვა და მეფეც კი დაატყვევა.

საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად.

შექმნილ ვითარებაში ბაგრატი ქართლში გადავიდა და 1466 წელს თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა.

გიორგი მეფის დატყვევებამ ყვარყვარეს ვერაფერი შესძინა და მან უმჯობესად მისი განთავისუფლება მიიჩნია. ვინაიდან ქართლი ბაგრატ VI-ს ეჭირა, გიორგი VIII იძულებული გახდა, კახეთში გადასულიყო და აქ გამეფებულიყო, ასე დაიწყო ქვეყნის დაშლა და ბაგრატიონთა კახეთის დინასტიის ჩამოყალიბება.

ბაგრატ VI თავს საქართველოს მეფედ თვლიდა. მაგრამ ეს ჭეშმარიტებას არ შეეფერებოდა. მას არ ემორჩილებოდნენ დასავლეთ საქართველოს მთავრები, რომლებიც სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ და ზოგჯერ მეფეებადაც კი იწოდებოდნენ.

კახეთსა და სამცხე–საათაბაგოს გარდა დასავლეთ საქართველოში ახლად ჩამოყალიბდა საბედიანოდ წოდებული ერთი დიდი სამთავრო, რომელსაც შავი ზღვის სანაპირო ეჭირა. აქ შედიოდა აფხაზეთი, სამეგრელო, გურია და ამასთან სამი მნიშვნელოვანი ზღვისპირა ქალაქი ცხუმი (ახლანდელი სოხუმი), ფოთი და ქაჯთა ციხე (ახლანდელი ციხისძირი), მასვე ეკუთვნოდა ბათუმიც. საბედიანოს მთავარი ბაგრატს ემორჩილებოდა.

ბაგრატ VI-ის მთლიანი სამფლობელო შემოსაზღვრული იყო დასავლეთიდან ცხენისწყლით, სამხრეთიდან მას ემეზობლებოდა სამცხე–საათაბაგო, აღმოსავლეთით კახეთის სამეფო, სამხრეთ–აღმოსავლეთით კი ლორეს მთიანეთი, რომელიც ერანის მფლობელ უზუნ ჰასანს ჰქონდა დაპყრობილი და ციხეში თავისი მეციხოვნეები ეყენა.

ბაგრატი აკონტროლებდა ქალაქებს თბილისსა და ქუთაისს, რომლებიც მტერთა შემოსევების გამო დამცრობილი იყვნენ.

XV საუკუნის 70–იანი წლებიდან ევროპაში თურქეთის საწინააღმდეგო მოძრაობა აღინიშნა. ამ ხანებში ვენეციის სენატმა თურქეთის განადგურების ვრცელი გეგმა შეიმუშავა, მასში სხვა ქვეყნებსაც უნდოდა მიეღო მონაწილეობა, მათ შორის იგულისხმებოდა ერანის მფლობელი უზუნ ჰასანიც, მაგრამ უკანასკნელმა კოალიციაში მონაწილეობა არ ისურვა, რადგან თურქმანებთან ბრძოლაში იგი განუწყვეტლივ მარცხს განიცდიდა იმდენად, რომ მათ საწინააღმდეგოდ საქართველოს მეფესაც კი სთხოვა დახმარება, მაგრამ უარი მიიღო. უზუნ ჰასანი ამ ომში კი დამარცხდა, მაგრამ ეტყობა გულის მოფხანა საქართველოს დასჯით გადაწყვიტა. 1473 წელს იგი მოულოდნელად და ფარულად დიდი ჯარით საქართველოში შემოიჭრა და დიდი ნადავლით, გამარჯვებული დაბრუნდა თავრიზს. 1477 წელს იგი კვლავ შემოესია საქართველოს 35–40 ათასიანი ლაშქრით და ორ დღეში თბილისს მოადგა. მოსახლეობა გახიზნული დახვდა და ქალაქი უბრძოლველად აიღო.

ქართველებმა ზავი შესთავაზეს, მაგრამ მტერმა თბილისის შენარჩუნება და დიდი კონტრიბუცია მოითხოვა. მოლაპარაკება ჩაიშალა. ამის შემდეგ უზუნ ჰასანი სამცხეში შეიჭრა, იქაურობა გაძარცვა და მოაოხრა, ამჯერად ბაგრატი და ყვარყვარე ათაბაგი უზუნ ჰასანის პირობებზე დათანხმდნენ. უკანასკნელმა მათგან 10 000 დუკატი კონტრიბუცია მიიღო და ხარკიც დააკისრა.

უზუნ ჰასანტან ბრძოლის შედეგებმა გამოამჟღავნა საქართველოს სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური უძლურება. ჯერ კიდევ გიორგი მეფის დროს საქართველოს 70 000–იანი ლაშქრის გამოყვანა შეეძლო. საქართველოში რომ ურთიერთთანხმობა ყოფილიყო, დამპყრობთა ლაშქარს, რომელიც 40 000–საც კი ვერ ითვლიდა, ქართველების დამარცხება არ შეეძლო. მაგრამ ქვეყანას ძირს უთხრიდა სისტემად ქცეული შინაომები, გაძლიერებულმა მთავრებმა ცენტრიდან სრულ გამოყოფას მიაღწიეს. ერთიანი სამეფო დანაწილდა. გამრავლებულ მეფე–მთავრებს შორის განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა.

1478 წელს უზუნ ჰასანი გარდაიცვალა და მის საბრძანებელში არეულობა დაიწყო. ამის შემდეგ თათრებმა თბილისი დატოვეს და იგი ბაგრატმა (ალექსანდრე I–ის ძმის ძემ) დაიკავა.

იმავე 1478 წელს ბაგრატ VI გარდაიცვალა. ქართლ–იმერეთის ტახტის დაკავება მისმა ვაჟმა ალექსანდრემ სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და რაჭა–ლეჩხუმში გადავიდა. 1479 წელს ბაგრატის ადგილას კონსტანტინე ბატონიშვილი დაჯდა, რომელიც ალექსანდრე I–ის შვილიშვილი იყო. კახეთში 1476 წლიდან გიორგი VIII–ის ძე ალექსანდრე მეფობდა. კონსტანტინე და ალექსანდრე ერთმანეთს შეუთანხმდნენ და საზღვრებიც დაადგინეს.

მაგრამ შინააშლილობა ქვეყანაში მაინც გრძელდებოდა. 1483 წელს სოფელ არადედთან მოხდა ბრძოლა სამცხის მთავარ ყვარყვარესა და კონსტანტინე II–ს შორის, რომელიც კონსტანტინეს მარცხით დამთავრდა. ამ მარცხით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატი ძემ და რაჭა–ლეჩხუმელთა დახმარებით, ქუთაისში 1484 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. ერთი პირობა კონსტანტინემ შეძლო ალექსანდრეს ქუტაისიდან გაძევება, მაგრამ ქართლში შექმნილი გართულებების გამო იძულებული იყო ყურადღება იქით გადაეტანა და 1489 წელს ალექსანდრემ კვლავ და საბოლოოდ დაიბრუნა იმერეთის მეფობა.

ამრიგად, ლიხთ იმერეთის და ლიხთ ამერეთის ერთობა საბოლოოდ გაწყდა.

შინააშლილობის და გარეშე მტრების მოძალების პირობებში კონსტანტინე მეფემ უცხო ქვეყნების დახმარების ძიება დაიწყო. 1492–1496 წლებში მან ეგვიპტის მბრძანებელს მიმართა და დამაიმედებელი პასუხიც დაიმსახურა. ეს იმის შედეგი იყო, რომ აღმოსავლეთში ქართველებს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ ძველი საპატიო სახელი. ეგვიპტის მმართველთა ქართველთადმი გამორჩეულად კეთილი დამოკიდებულება პალესტინასა და იერუსალიმშიმათი სტატუსის ხასიათში გამოიხატებოდა. სხვა ერის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, ქრისტიანტა ამ წმინდა ქალაქებში, ქართველებს საზეიმოდ მოკაზმულ ცხენებსა და აქლემებზე ამხედრებულთ შესვლის უფლება ჰქონდათ.

Isabel_la_Católica-2

ესპანეთის დედოფალი იზაბელა

ქაიროდან საქართველოს ელჩი ნილოსი იერუსალიმში ჩასულა, იქ ესპანეთის დედოფალს იზაბელს შეხვედრია, რომლისგანაც შეუტყვია არაბთაგან ესპანეთის განთავისუფლების ამბავი. ამით გახარებულ საქართველოს წარმომადგენელს ესპანეთის ელჩები საქართველოში წამოუყვანია. კონსტანტინეს მათთვის მათი ჩამომყოლი ნილოსიც გაუყოლებია. საჩუქრების შემდეგ ელჩს დედოფლისთვის მეფის პირადი წერილიც გადაუცია, სადაც აღნიშნული იყო მაჰმადიანთაგან საქართველოს უკიდურესი შევიწროვება, რაც ხარკის შეწერის, ლაშქრობებში მონაწილეობის და გამაჰმადიანების მოთხოვნაში გამოიხატებოდა. საქართველოს მეფე მიუთითებდა: “კონსტანტინოპოლის, ტრაპიზონის და სხვა ქრისტიანტა დაცემის შემდეგ მარტოდ–მარტო და სრულიად დამდაბლებულნი დავრჩით… გევედრებით პირდაპირ კონსტანტინოპოლზე გაილაშქროთ… მეც პირადად შვილებით და მთელი ლაშქრით… შენთან ერთად წამოსასვლელად მზად ვიქნები… დაიწერა სიგელი ესე ჩვენი 1495 წელსა მარტისა ათსა დღესა”. მსგავსი წერილი კონსტანტინემ რომის პაპსაც გაუგზავნა.

ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ყველაფერთან ერთად ქრისტიანული ქვეყნები უფრო მეტ ანგარიშს უწევდნენ თურქეთს, ვიდრე პატარა საქართველოს.

ევროპაში მოკავშირისა და მაშველის პოვნის შეუძლებლობამ აიძულა საქართველო, რუსეთთან ეცადა ბედი. 1491 წელს კახეთის მეფემ ელჩობა გააგზავნა რუსეთის მთავარ ივანე III–სთან წერილობითი და სიტყვიერი შეტყობინებით. არც აქედან ჩანდა სასიკეთო, რეალური იმედები.

Chule_church_(3)

ჭულეს მონასტერი

XVI საუკუნის დამდეგისათვის საქართველო საბოლოოდ დაიყო ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოდ და სამცხის საათაბაგოდ.

მიუხედავად ამისა, კონსტანტინე იმედს არ კარგავდა. 1490 წელს ერანში შინაომები დაიწყო. მეფემ ამით ისარგებლა და ქართლი თურქმანებისაგან გაათავისუფლა, მათი დასაყრდენი ციხეებიც დაიკავა და დააპირა, დაეწყო ბრძოლა კახეთისა და სამცხე–იმერეთის კვლავ შემოსაერთებლად, მაგრამ გადაწყვიტა, ეს საკითხი დარბაზისთვის შეეთანხმებინა. დარბაზმა ერთხმად ურჩია, ხელი აეღო ამ განზრახვაზე. კონსტანტინემ მიიღო დარბაზის რჩევა და 1490 წლიდან იურიდიულად გაფორმდა საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*