საიდუმლო გვირაბი მთვარის პირამიდის ქვეშ

მექსიკაში, უძველეს ნაქალაქარ ტეოტიუაკანში მთვარის პირამიდის ქვეშ დამალული გვირაბი აღმოაჩინეს. მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებმა საიდუმლო გვირაბის საპოვნელად ახალი ტექნოლოგიები, ელექტროტომოგრაფიის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელსაც მიწისქვეშა სტრუქტურების გამოვლენა შეუძლია.

გვირაბი მიწის ქვეშ ათი მეტრის სიღრმეზეა გაყვანილი. მკვლევართა აზრით, იგი მიწისქვეშა სამყაროსკენ სვლას ასახავს და ახალ ცნობებს გვაწვდის ტეოტიუაკანის ხალხის კულტურისა და რიტუალების შესახებ.

მთვარის პირამიდის სიმაღლე 43 მეტრია, ის შვიდ ეტაპად აშენდა ძვ. წ. 100–დან ახ. წ. 450 წლამდე პერიოდში. მის მეზობლად აღმართულია მზის პირამიდა და ფრთოსანი გველის ტაძარი. მსგავს გვირაბებს ადრე არქეოლოგებმა მათ ქვეშაც მიაკვლიეს. მზის პირამიდის ქვეშ 1970–იან წლებში, ხოლო ფრთოსანი გველის ტაძრის ქვეშ – 2003 წელს.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მთვარის პირამიდის გვირაბი ბევრ საიდუმლოს გამოამჟღავნებს.

ვერონიკა ორტეგა, არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი: “ამ აღმოჩენამ უნდა დაადასტუროს, რომ ტეოტიუაკანის მცხოვრებნი დიდი ზომის პირამიდების მშენებლობისას მსგავს მოდელებს იყენებდნენ და მათ მიზანს მიწისქვეშა სამყაროსთან დაკავშირება წარმოადგენდა”.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მთვარის პირამიდის მიწისქვეშა გვირაბის გახსნამ გასასვლელთა ფართო ქსელი და უძველესი ქალაქის მმართველი ელიტის სამარხებიც გამოავლინოს, რადგან მთვარის პირამიდის გარშემო უფრო მეტი სამარხი და ღვთის საჩუქარია აღმოჩენილი, ვიდრე სხვა პირამიდებთან.

ტეოტიუაკანის ცივილიზაცია ამერიკაში ესპანელთა გამოჩენამდე ბევრად ადრე, I-VIII საუკუნეებში ყვაოდა. მეხიკოდან ჩრდილოეთით, 40 კილომეტრში მდებარე ქალაქში მცენარეების, საკვები პროდუქტებისა და თავად სიცოცხლის წარმოშობის ადგილად მიწისქვეშეთი მიაჩნდათ. ამიტომაც არის ეს მიწისქვეშა სამყარო ასე მნიშვნელოვანი მიწის ზემოთ მცხოვრებთათვის.

ამ ხალხის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული. მათ შორის ისიც, რატომ მიატოვეს ქალაქი XIV საუკუნეში. აგრეთვე, შარშან ნაქალაქარში თავის ქალა აღმოაჩინეს, რომელსაც ქვის კბილი ჰქონდა ჩასმული. მკვლევართა აზრით, იგი უძველესი ცივილიზაციის რომელიმე მაღალი რანგის წარმომადგენელს ეკუთვნის.

teotihuacan

ფრთოსანი გველის ტაძრის ქვეშ 2003 წელს აღმოჩენილი გვირაბის გეგმა

Pyramid-of-the-Sun,-Teotihuacan,-Mexico

ტეოტიუაკანი, მზის პირამიდა

Leave a comment

Your email address will not be published.


*