საიდუმლო სერობის მენიუ

ჩაშუშული ლობიო, ცხვრის ხორცი, ზეთისხილი, მინდვრის მსხალი, თევზის სოუსი, მაცა, ფინიკი და არომატული ღვინო – ბოლო კვლევების შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ასეთი გახლდათ იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების საიდუმლო სერობის მენიუ. ამისთვის მკვლევარებმა ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის პალესტინური სამზარეულო შეისწავლეს. 

მეცნიერებს მხოლოდ მენიუს დაზუსტებისთვის არ უზრუნიათ. ისინი იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ საიდუმლო სერობის დროს იესო ქრისტე და მოციქულები, რომაელთა მსგავსად, ნახევრად წამოწოლილი იყვნენ იატაკზე გაშლილ ნოხებსა და ბალიშებზე, კერძები კი დაბალ მაგიდებზე, ქვისა და თიხის ჭურჭელში ეწყო. ანუ, იესოსა და მოციქულების სატრაპეზო მაგიდა სულაც არ უნდა ყოფილიყო მართკუთხა, როგორც ეს ხატწერაში, ფრესკებსა თუ ამ თემაზე შექმნილ ფერწერულ ტილოებში დამკვიდრდა.

ჯენეროზო არჩიოლე, იტალიელი არქეოლოგი: “ლეონარდო და ვინჩის ფრესკაც იკონოგრაფიის საუკუნოვანი ტრადიციის გათვალისწინებით დაიწერა. ევქარისტიის საიდუმლოსა და საიდუმლო სერობას უდიდესი დატვირთვა აქვს რელიგიური თვალსაზრისით, მაგრამ ისტორიის რეკონსტრუქცია ცალკე სამუშაოა… ბიბლია მოგვითხრობს, რის შესახებ საუბრობდნენ საიდუმლო სერობისას იესო და მისი მოციქულები, მაგრამ არ არის ნათქვამი, რას მიირთმევდნენ”.

ორი იტალიელი მეცნიერის კვლევა ბიბლიურ ტექსტებს, ებრაულ ხელნაწერებს, ძველ რომაულ ლიტერატურასა და იერუსალიმში ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში დამკვიდრებული კვების ჩვევების შესახებ მონაცემების შესწავლას ეყრდნობა. ისინი იზიარებენ შეხედულებას, რომ იესო და მისი მოწაფეები ებრაულ ტრადიციებს იცავდნენ, მათ შორის, თორაში აღნუსხულ რელიგიურ–გასტრონომიულ შეზღუდვებს.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან მარკოზის სახარების მიხედვით მოქმედება პასექის დღესასწაულისას მიმდინარეობდა, რაც ბატკნის მსხვერპლშეწირვას ითვალისწინებდა, საიდუმლო სერობისას სუფრაზე ცხვრის ხორციც აუცილებლად იქნებოდა.

ჯენეროზო არჩიოლე ადრეული ქრისტიანობის ისტორიას იკვლევს, მისი მეწყვილე მარტა ბერონიო კი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგია. მათი ნაშრომი ამ თემაზე მალე გამოქვეყნდება.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*