“სანტა კლაუსის” განსასვენებელს თურქეთში მიაკვლიეს?!

თურქი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მათ ქვეყნის სამხრეთში, უძველესი ეკლესიის ქვეშ წმინდა ნიკოლოზის სამუდამო განსასვენებელს მიაკვლიეს. იმ ეპისკოპოსისა, რომლის მოღვაწეობა თანამედროვე სანტა კლაუსის შესახებ ლეგენდას დაუდო საფუძვლად. მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ნეშტი გეორადარისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით აღმოაჩინეს.

სამთვიანი გამოკვლევების შემდეგ, თურქმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ ანტალიის პროვინციაში, ქალაქ დემრეში, რომლის ადრეული სახელწოდებაც იყო მირა და სადაც ეპისკოპოსად ეკურთხა წმინდა ნიკოლოზი, მისივე სახელობის ეკლესიის ქვეშ, დაუზიანებელი დაძარი და საფლავია.

ქემილ კარაბაირამი, ანტალიის ძეგლთა დაცვისა და კვლევის დირექტორი: “ეკლესიის ქვეშ მდებარე ტაძარი კარგ მდგომარეობაშია. თუმცა ტაძარში შესვლა რთულია, ვინაიდან ბევრი ორნამენტიანი ქვაა და შესვლისას ისინი შესაძლოა ჩამოიშალოს”.

თუ არქეოლოგების ვარაუდი მართალია, ეს ნიშნავს, რომ ისტორიულ წიგნებში გარკვეული შესწორებები შევა, რადგან ტრადიციულად ფიქრობდნენ, რომ წმინდა ნიკოლოზის ნეშტი გარდაცვალებიდან 700 წლის შემდეგ, 1087 წელს, იტალიელმა მისიონერებმა ქალაქ ბარიში ჩაიტანეს. ამ ვერსიის თანახმად, მართლმადიდებელი ბერების პროტესტის მიუხედავად მეზღვაურებმა წმინდანის ნეშტი საძვალიდან ჩუმად გადაასვენეს მაშინ, როდესაც საეპისკოპოსო ქალაქს თურქ–სელჯუკები უტევდნენ და მისი დაცემის საფრთხე არსებობდა. თუმცა, მეზრვაურებს მხოლოდ მისი ნეშტის ნაწილების წაღება უნდა მოეხერხებინათ, რადგან ისტორიული ცნობებით, წმინდანის ნაწილები ვენეციასა და კიდევ რამდენიმე ადგილას განისვენებს.

თურქი არქეოლოგების მიერ ნაპოვნი საძვალე ხელუხლებელია და თუ მათი ვარაუდი გამართლდა, ეს ნიშნავს, რომ XI საუკუნეში და შემდეგაც მირას საეპისკოპოსო ტაძრიდან არა წმინდა ნიკოლოზის, არამედ აქ დაკრზალული რომელიმე უცნობი საეკლესიო მოღვაწის ნეშტ გადაასვენეს.

ქემილ კარაბაირამი: “ჩვენ საინტერესო შედეგები წარმოვადგინეთ, მაგრამ რეალური სამუშაოები ახლა დაიწყება. შესაძლოა, ძალიან მალე წმინდა ნიკოლოზის ხელუხლებელი ნეშტი აღმოვაჩინოთ”.

მეცნიერები იმეოვნებენ, რომ მომავალი გათხრები მათი ვარაუდის სისწორეს დაამტკიცებს.

cerkov_svyatogo_nikolaya_demre_1

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მირაში (ქალაქი დემრე)

antal5

წმინდა ნიკოლოზის ყოფილი განსასვენებელი მირას ეკლესიაში

Bari_Basilica_San_Nicola

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ბარიში

San_Nicolò_(Venice)

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ვენეციაში, რომელშიც მიჩნეულია, რომ ასევე ასვენია წმინდანის ნაწილები

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*