სატურნის თანამგზავრ მიმასზე, შესაძლოა, ყინულის წარმოუდგენლად სქელი ფენის ქვეშ მთელი ოკეანე იმალებოდეს

მოდელირებამ აჩვენა, რომ ამის ალბათობა ძალიან დიდია.

სატურნის მრავალრიცხოვანი თანამგზავრებიდან ერთ-ერთს, მიმასს 396 კილომეტრი დიამეტრი აქვს და მზის სისტემაში თანამგზავრებს შორის სიდიდით მე-20 ადგილი უკავია. ის, ასევე, ყველაზე პატარა კოსმოსური სხეულია, რომელსაც საკუთარი გრავიტაციის წყალობით, მომრგვალებული ფორმა აქვს. მეცნიერების თქმით, მიმასზე თხევადი წყლის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. მაგრამ კოლორადოს უნივერსიტეტში ჩატარებულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ სანუკვარი სითხე, შესაძლოა, მიმასის ყინულოვანი საფარის ქვეშ იმალებოდეს.

კოსმოსური ზონდის, “კასინის” მიერ 2014 წელს ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენეს, რომ მიმასი ბრუნვის დროს ირხევა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ 28 კილომეტრი სისქის ყინულის ფენის ქვეშ რაღაც უცნაური ხდება. მაშინ მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ თანამგზავრის ყინულოვანი საფარის ქვეშ წყალი უნდა ყოფილიყო.

ახალი კვლევების ავტორი, ალისა როდენი იმის დამტკიცებას შეეცადა, რომ მიმასზე წყლის არსებობა შეუძლებელია, მაგრამ ამის ნაცვლად ის სულ საპირისპირო დასკვნამდე მივიდა.

სპეციალისტებმა იმ პროცესის მოდელირება მოახდინეს, რომლის დროსაც, სატურნის გრავიტაციის ზემოქმედებით, თანამგზავრის შიდა ნაწილი თბება და ფართოვდება. თავის მხრივ ეს პროცესი ყინულის გარე საფარველზე გავლენას ახდენს.

კვლევამ აჩვენა, რომ გათბობა საკმარისია იმისთვის, რომ ყინულის ქვეშ მთელი ოკეანე შეინარჩუნოს – იმდენად ღრმად, რომ მიმასის ყინულის ზედაპირი არ დაიბზაროს.

მიმასის ფიზიკური თვისებების “კასინის” გაზომვები არაჰიდროსტატიკური ბირთვით ან ყინულქვეშა თხევადი ოკეანის არსებობით აიხსნება.

მიმასის სიღრმეში ოკეანის არსებობა გასაკვირი იქნებოდა ისეთი გეოლოგიური აქტივობების არ არსებობის გათვალისწინებით, როგორებიც ევროპაზე და ენცელადაზეა.

ამგვარად, ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ოკეანეების მქონე კოსმოსური სხეულების შესწავლისა და იდენტიფიკაციისთვის.

ჩვენს მზის სისტემაში ბევრი ყინულოვანი თანამგზავრია და თუკი შესაძლოა, რომ მიმასზე ოკეანე იყოს, მაშინ, შესაძლებელია, ის ნებისმიერ მათგანზე იყოს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*