“საუკუნის აღმოჩენა” – ტუტანხამონის აკლდამაში ფარული ოთახები აღმოაჩინეს

მეფეთა ველზე ტუტანხამონის აკლდამის კვლევისას, სპეციალისტებმა მასში ფარული ოთახები აღმოაჩინეს. ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას “საუკუნის აღმოჩენას” უწოდებენ.

ეგვიპტის ფარაონის, ტუტანხამონის აკლდამა მეფეთა ველზე 1922 წელს აღმოაჩინა ეგვიპტოლოგმა ჰოვარდ კარტერმა და მოყვარულმა არქეოლოგმა ჯორჯ კარნრვონმა. იქ შემონახული იყო მრავალრიცხოვანი სამკაულები, ასევე ფირუზით ინკრუსტირებული სუფთა ოქროს 110 კილოგრამიანი სარკოფაგი ფარაონის მუმიით. განსაკუთრებით საოცარი იყო ის ფაქტი, რომ ეს არის ერთადერთი პრაქტიკულად ხელუხლებელი სამეფო სამარხი.

აკლდამა დაარეგისტრირეს, როგორც ობიექტი KV62. მისი შესწავლა დღემდე გრძელდება. თავიდანვე მეცნიერების გაკვირვებას სამარხის ძალიან მცირე ზომა – 110 კვ/მ იწვევდა. ეს ფარაონის სტატუსს არაფრით შეეფერება. არსებობს ამ გამოცანის ორი ვერსია: ერთის მიხედვით, არქიტექტორებს და მშენებლებს გრანდიოზული ნაგებობის ასაშენებლად დრო არ ჰქონდათ – ფარაონი მოულოდნელად ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, აკლდამაში ბევრი ფარული ოთახი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ზოგიერთი არტეფაქტი დედოფალ ნეფერტიტს ეკუთვნოდა – მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ თვითონ ობიექტი თავდაპირველად დედოფლისთვის იყო განკუთვნილი. ან მეზობლად არსებული საიდუმლო დარბაზები დედოფალ ნეფერტიტის დაკრძალვის ადგილია.

რადიოლოკაციური სკანირებით გაკეთებული ახალი აღმოჩენა ადასტურებს მეორე ჰიპოთეზის სისწორეს: ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა მამადოჰ ელდამატმა განაცხადა, რომ აკლდამაში არის მინიმუმ ორი ფარული ოთახი, სადაც ფიქსირდება ლითონის ნივთები და ორგანული ობიექტები. მისი აზრით, იქ შეიძლება მდებარეობდეს ნეფერტიტის ან ტუტანხამონის ოჯახის სხვა წევრის სამარხი. ახალი სკანირება დამატებითი აპარატურის დახმარებით დანიშნულია მარტის ბოლოს.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*