საქართველოს ბრძოლა ყიზილბაშთა ვასალობისგან განთავისუფლებისათვის. ლუარსაბ I–ის მეფობა.

ქართლი და მისი მეფე დავითი არ ურიგდებოდნენ ყიზილბაშთა ბატონობას, ხარკს და სრულ განთავისუფლებას ესწრაფოდნენ. 1522 წელს შაჰ ისმაილი ქართლისკენ წამოვიდა და მეფე დავითს მორჩილება და გამაჰმადიანება მოსთხოვა. ქართლის მეფე თავდაცვისათვის მოემზადა, საათაბაგოდან და კახეთიდან მაშველი ჯარი მოიწვია; მან მომხრეები ჩრდილოეთ კავკასიაში შეკრიბა.

პირველ შეტაკებაში ქართველებმა მოწინააღმდეგე სასტიკად დაამარცხეს, მაგრამ საბოლოო გამარჯვება რიცხვმრავალ მტერს დარჩა. ამ ბრძოლის დადებითი შედეგი ის იყო, რომ მასში თავი გამოიჩინა ქართლის ახალგაზრდა უფლისწულმა ლუარსაბმა, თუმცა მისმა თავდადებამ და შემართებამ იმჯერად საქმეს მაინც ვერ უშველა: მტერმა თბილისი აიღო, შემდეგ სამცხე–საათაბაგოს შეესია, ააოხრა და გააცამტვერა.

EmperorSuleiman

სულთან სულეიმანი (სულეიმან I)

1524 წელს საჰი ისმაილი გარდაიცვალა. ტახტი მისმა 10 წლის ვაჟმა თამაზმა დაიკავა. ქვეყანაში შექმნილი არეულობით ისარგებლა დავით X–მ და თბილისი დაიბრუნა. შემდეგ დაანგრია აღჯაყალის ციხე, რითაც ყიზილბაშთა ვასალობისგან განთავისუფლდა. მაგრამ ამ გამარჯვებით სარგებლობა ქართველებს გაუჭირდათ. იმავე 1524 წელს სამეფო სახლის შიგნით ტახტისათვის სასტიკი ბრძოლა ატყდა. დავით X იძულებული იყო, ბერად შემდგარიყო. წესის მიხედვით მეფობა მის ძეს – ლუარსაბს უნდა მიეღო, მაგრამ მის ნაცვლად გამეფება ბიძამისმა გიორგიმ მოახერხა. თუმცა ლუარსაბი ბედს არ შეჰგუებია. იგი დაუნათესავდა იმერეთის მეფეს და, ჩანს, მისი დახმარებით ტახტი მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში, 1527 წლიდან იგი ქართლის მეფედ იხსენიება.

XVI საუკუნის 20–იან წლებში, როცა ერანი ქართლის დასამორჩილებლად იბრძოდა, ოსმალეთი ევროპაში აწარმოებდა დაპყრობებს. უნგრეთის დამორჩილების შემდეგ სულთან სულეიმანმა (1520–1566 წწ.) ერანისთვის მოიცალა, 1533 წელს ომი განაახლა და ყიზილბაშთა სატახტო ქალაქი თავრიზიც აიღო.

ერან–ოსმალეთის პირველი ომის დროს ერანი უმთავრესად ქართლსა და სამხრეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს უტევდა, ოსმალეთი კი – დასავლეთ საქართველოს და საათაბაგოს დასავლეთ ნაწილს.

Bagrat_III_of_Georgia_(Gelati_mural)

ბაგრატ III

იმერეთის მეფე ბაგრატ III იძულებული იყო, ერთი მხრივ ოსმალეთის, მეორეს მხრივ კი სეპარატისტულად განწყობილი სამთავროების წინააღმდეგ ებრძოლა, რომლებთან ზოგჯერ ხანმოკლე თანხმობასაც აღწევდა. 1535 წელს ბაგრატ III–მ სამცხე–საათაბაგოს დასაპყრობად მოაწყო ლაშქრობა. როგორც ჩანს, ბაგრატი და ქართლის მეფე ლუარსაბი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. იმავდროულად (1535 წელს) ქართლის მეფემ ჯავახეთი დაიმორჩილა.

მაგრამ საქართველოს ერთიანობის მტრებს არ ეძინათ.

1536 წელს საქართველოს სულთნის ლაშქარი შემოესია. მთავარი მიზანი პროქართული ორიენტაციის ყვარყვარე ათაბაგის გადაყენება და ნაცვლად მისი მცირეწლოვანი შვილის ქაიხოსროს გაათაბაგება იყო. დიდი, შეუპოვარი ომის შემდეგ გამარჯვება ოსმალებმა მოიპოვეს, მაგრამ მთავარი საწადელი, ქაიხოსროს გაათაბაგება, მიუღწეველი დარჩათ.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*