საქართველოს გამაერთიანებელი პოლიტიკის მარცხი

კასპიისპირეთში გაერთიანებული ლაშქრობის ჩაშლამ ვახტანგ VI–ის მდგომარეობა იმითაც გაართულა, რომ მას ქართველი მეფე–მთავრებიც დაუპირისპირდნენ (გარდა იმერეთისა) რადგან, როგორც ჩანს, ამასობაში მისი, საქართველოს გაერთიანების გეგმა საბოლოოდ გამომჟღავნდა, ამან კი ჯერ კიდევ სათანადოდ მოუმზადებელი და მოუმწიფებელი საზოგადოების ნაწილი ქართლის მეფის საწინააღმდეგოდ განაწყო. აქ უჩვეულო არაფერია, რადგან ფეოდალური მენტალიტეტით ერთობა, გაერთიანება საერთო მტრის წინააღმდეგ ცალკეულ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულთა ერთობლივ, შეკავშირებულ ბრძოლად ესმოდათ. ხოლო მთელი ქვეყნის ერთი მმართველის ხელქვეით გაერთიანება კი არალეგიტიმურ მოქმედებად, აგრესიად, ტახტის მიტაცებად და ა.შ.

1723 წლის 4 მაისს ყიზილბაშური გარნიზონის დახმარებით კონსტანტინემ თბილისი აიღო. მაგრამ მას ამ გამარჯვების სიხარულით ტკბობა არ დასცალდა. 1723 წელსვე თბილისს თურქები მოადგნენ და ქალაქი თითქმის უბრძოლველად დაიკავეს. ერანთან ომში გამარჯვების შედეგად, ამიერკავკასიაში ყიზილბაშობა ოსმალობით შეიცვალა.

1280px-V6flag

ვახტანგ VI–ის დროშა.

რუსეთი ამ ფაქტს საკმაოდ მშვიდად შეხვდა. მისი მთავარი მიზანი იმჯერად კასპიისპირეთის დაკავება იყო. ჯერ კიდევ 1722 წელს რუსის ჯარი ენზილში შევიდა, რეშტი დაიკავა, ხოლო 1723 წელს ბაქოსაც დაეუფლა, ამას მტკვრის შესართავში გაბატონებაც მოჰყვა. ხოლო 1724 წლის 12 ივნისს კონსტანტინოპოლში დაიდო ზავი, რომლითაც რუსეთმა და ოსმალეთმა ერანის დაკავებული ტერიტორიები გაიყვეს.

ვახტანგ VI–მ, რაკი რუსეთიდან დაპირებული რაზმი ვერ მიიღო, თურქეთთან სცადა საქმის მოგვარება და დიდი განძიც გაუგზავნა. მასთან შეთანხმებით, ქართლის გამგებლობა ვახტანგის უფროსმა ვაჟმა, ბაქარმა იკისრა.

შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში ოსმალთა ხელქვეით ბაქარმა ქართლის მეფობა ვერ შეძლო. მან ტახტი დატოვა და მეფეყოფილმა მამა–შვილმა დროებით, ვიდრე პეტრე I შეპირებულ ლაშქრობას განაახლებდა და მათ სამეფოს დაუბრუნებდა, რუსეთში გადასახლება გადაწყვიტეს. მათ უჩვეულოდ დიდი ამალ ახლდათ.

ასეთი დიდი ამალის წაყვანას ზოგი ისტორიკოსი ვახტანგს შეცდომად უთვლის, რადგან ამით ქვეყანა ყველაზე პროგრესული ნაწილისგან დაიცალა. ალბათ ასეთი საყვედური უსაფუძვლოა. ამალა სედგებოდა ვახტანგის თანამებრძოლებისგან, რომლებთან ერთადაც იგი საქართველოს გაერთიანების საკითხის გადაწყვეტას აპირებდა. შესაბამისად, მათი სამშობლოში დარჩენა სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და მათ წინამძღოლს უფლება არ ჰქონდა, თანამებრძოლებისთვის მასთან ხლება დაეშალა. მით უმეტეს, რომ, როგორც ნათქვამი იყო, ისინი სამშობლოს სულ ერთი წლით, პეტრეს ლაშქრობის განახლებამდე ტოვებდნენ. მაგრამ ქართველ პროგრესისტთა იმედებს ასრულება არ ეწერა: 1725 წელს ასტრახანში მისულებმა შეიტყვეს, რომ მათი მოკავშირე და იმედი, პეტრე I გარდაცვლილიყო. ამით ყველა დასახული საერთო გეგმა ჩაიშალა, რადგან პეტრეს უნიათო შთამომავლობას მათი განხორციელების არც სურვილი და არც უნარი არ ჰქონდათ.

ქვეყნის გაერთიანებისა და განთავისუფლებისკენ მიმართული ქართველ პატრიოტთა დიდი ბრძოლა დამარცხდა. იგი ჩაშალა შექმნილმა არახელსაყრელმა საშინაო და, განსაკუთრებით, საგარეო ვითარებამ, მოკავშირეთა სისუსტემ და გარკვეული აზრით უპირობობამ და ა. შ. მაგრამ საქართველოს გაერთიანების დიდი იდეა არ მომკვდარა, იგი მუდამ ღვივოდა ქართველ პროგრესულ მოღვაწეთა გულებში და მალე ახალი ძალით იჩინა თავი. ჯერ ვახტანგ VI–ის ქალიშვილისა და სიძის (თამარ დედოფალი, თეიმურაზ II), შემდეგ კი მისი სახელოვანი შვილიშვილის, ერეკლე II-ის პოლიტიკაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*