საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება

Patriarch_Antonius_II_of_Georgia

კათალიკოსი ანტონ II

იმერეთის აჯანყების ერთ–ერთი მიზეზი ქვეყანაში რუსული საეკლესიო წეს–განრიგის დანერგვა და საეკლესიო რეფორმის გატარება იყო. ამ რეფორმის მთავარ მიზანს კი საქართველოს ეკლესიის სრული ინკორპორაცია, პატრიარქის ინსტიტუტის გაუქმება წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე I თავის მანიფესტში იძლეოდა დაპირებას, რომ სარწმუნოებრივ ცხოვრებას საქართველოში უცვლელად დატოვებდა, უკვე 1811 წლისთვის გადაწყდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს ანტონ II–ის რუსეთში გადასახლება. რუსეთის ეკლესია, პეტრე I-ის საეკლესიო რეფორმის შემდეგ, მართლმადიდებლობის კანონიკურ წესებს ასცდა და აშკარად გადაიქცა სახელმწიფოს დანამატად, რომელიც იმპერატორის სურვილებს ბრმად ემსახურებოდა. რუსეთის სახელმწიფო ვერ მოითმენდა, რომ მის სახელმწიფოში, სადაც მართლმადიდებელი პატრიარქის ინსტიტუტი უკვე საუკუნეა, აღარ იყო, დაეტოვებინა უმაღლესი სასულიერო პირი – საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი. ამიტომაც ანტონ II გაიწვიეს სანკტ–პეტერბურგში და საქართველოს დაუნიშნეს ეგზარქოსი.

საეკლესიო რეფორმების გატარება დაევალა პირწავარდნილ შოვინისტ ეგზარქოსს, თეოფილაქტე რუსანოვს, რომელმაც მინიმუმამდე შეზღუდა ქართულ ენაზე წირვა–ლოცვა, შეამცირა ეპარქიების რაოდენობა. საეკლესიო რეფორმის მიზანი იყო: საქართველოს ეკლესიის სტრუქტურულ–ადმინისტრაციული რეორგანიზაცია, საეკლესიო გადასახადების კომუტაცია (ფულადი გადასახადის დაწესება) და საეკლესიო მამულების სეკულარიზაცია (საეკლესიო მიწების სახელმწიფოს ხელში გადასვლა). ამასთანავე, ყველანაირად ცდილობდნენ საქართველოში, რომლის ეკლესიას ათასწლოვანი ტრადიციები ჰქონდა, დაენერგათ რუსული ეკლესიის წეს–განრიგი, რაც რადიკალურად განსხვავდებოდა ქართულისგან და იწვევდა მრევლის უკმაყოფილებას. სამღვდელოება ხელფასზე გადაიყვანეს და მეფის ადმინისტრაციის დანამატად გადააქციეს.

ჩატარდა საეკლესიო განათლების რეორგანიზაციაც, რაც იმეორებდა რუსეთის საეკლესიო სისტემაში დამკვიდრებულ ფორმებს. ეს განათლება ისეთი მახინჯი და კაცთმოძულე იყო, რომ, როგორც კარგად არის შემჩნეული ქართულ და საზღვარგარეთულ ისტორიოგრაფიაში, “უფრო რევოლუციონერებს ზრდიდა, ვიდრე ღვთისმოშიშ ბერ–მონაზვნებს”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*