საქართველოს სამთავროების შემომტკიცება

დასავლეთ საქართველოში რამდენიმე წვრილი სამთავრო არსებობდა: გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, სვანეთის. სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მხრივ ისინი დანარჩენ საქართველოს კიდევ უფრო ჩამორჩებოდნენ, ადგილობრივი ფეოდალები საშინელ ექსპლუატაციას უწევდნენ გლეხებს.

200px-%d0%b5%d0%ba%d0%b0%d1%82%d0%b5%d1%80%d0%b8%d0%bd%d0%b0_%d1%87%d0%b0%d0%b2%d1%87%d0%b0%d0%b2%d0%b0%d0%b4%d0%b7%d0%b5_%d0%b4%d0%b0%d0%b4%d0%b8%d0%b0%d0%bd%d0%b8

ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანისა

რუსეთის ხელისუფლება ამ წვრილ მთავრებს მფარველობას სთავაზობდა, გარკვეულ ავტონომიას ანიჭებდა და თანდათან, დაპირებებით, პრივილეგიებით თავის სამსახურში აყენებდა. რუსეთმა თავის მფარველობაში აიყვანა სამეგრელოს სამთავრო (1804 წ.), გურიის სამთავრო (1810 წ.), აფხაზეთის (1810 წ.) და სვანეთის (1803–1833 წწ.) სამთავროები.

გურიის სამთავრო რუსეთმა მოტყუებით საბოლოოდ უკვე 1828 წელს შეიერთა. გურიაში რუსეთის ხელისუფლების დამკვიდრებამ და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლამ ამ სამთავროში 1844 წლის სახალხო გამოსვლები გამოიწვია.

salome_murat

პრინცი აშილი და პრინცესა სალომე მიურატები

შედარებით დიდი (მოსახლეობით, რესურსებით) იყო სამეგრელოს სამთავრო, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას მუდამ მუდამ ავლენდა. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის, გარდაცვალების შემდეგ რეგენტი გახდა დედოფალი ეკატერინე (ჭავჭავაძე–დადიანისა). მას ჩინებული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან (იყო ეკატერინე II–ისა და ალექსანდრე I–ის ნათლულის შვილი), მაგრამ XIX საუკუნის 50–იან წლებში რუსეთი ვეღარ ურიგდებოდა ნახევრად დამოუკიდებელ ქართულ სამთავროებს და ამზადებდა მათი ინკორპორაციის გეგმებს. რუსებმა მარჯვედ გამოიყენეს ადგილობრივი გლეხობის ანტიფეოდალური აჯანყება (1857 წ.) და ეკატერინე მმართველობას ჩამოაშორეს. განაწყენებული დედოფალი პარიზში გაემგზავრა, სადაც მისი ქალიშვილის – სალომე დადიანის მშვენიერებმა ნაპოლეონ III–ის ნათესავი, ნაპოლეონ I–ის დის შვილიშვილი აშილ მიურატი მოხიბლა. ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ნაპოლეონ III–ის დამხობის შემდეგ პრინცი და პრინცესა მიურატები სამშობლოში, ზუგდიდში დამკვიდრდნენ.

დავით დადიანის ვაჟმა – ნიკოლოზ (ნიკო) დადიანმა, იმპერატორის ზეწოლით, 1867 წელს ოფიციალურად უარი განაცხადა სამთავროს ტახტზე. მაგრამ მოგვიანებით, როცა ბულგარეთის სამეფო ტახტზე პრეტენდენტის წარდგენის საკითხი დადგა, რუსეთის საიმპერატორო კარმა კანდიდატად სწორედ ნიკო დადიანი წამოაყენა. ევროპის ქვეყნების დიპლომატიის ჩარევით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთი გავლენის გაძლიერებას უფრთხოდა, ეს პროექტი ჩაიშალა.

afafafafafafoe-afafafafafafoeafafafafoe-afafafafafafoeafaf-afafafsafafaf-afafsafafafafafafaf-afaf-afoeafafafafsafaf-afafsafafafafafafaf-afaf

აფხაზეთის მთავრი, შერვაშიძის ოჯახი

ასევე რუსების ზეწოლით, აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ “თავისი ნებით” უარი თქვა მთავრის ტახტზე, მაგრამ რუსების მიერ აფხაზეთში გატარებულმა “რეფორმებმა”, ადგილობრივი ადათ–წესების უგულებელყოფამ 1866 წელს დიდი სახალხო აჯანყება გამოიწვია. რუსები აფხაზებს ღალატს, პროთურქულ ორიენტაციას აბრალებდნენ, ამიტომაც მასობრივად აფხაზებს, როგორც თავადებს, ისე მათ ყმებს, თურქეთში ასახლებდნენ.

დიდი სისხლისღვრით დასრულდა სვანეთის სამთავროს ინკორპორაციის მცდელობა. მთავარმა კონსტანტინე დადეშქელიანმა მოლაპარაკების დროს ჩადენილი უღირსი საქციელისათვის სატევრით განგმირა ქუთაისის გენერალ–გუბერნატორი გაგარინი (1857 წ.), ხოლო სვანეთში რუსული წესების უხეშმა დანერგვამ მოგვიანებით თავისუფალი სვანეთის მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია, რომელიც ხალდეს აჯანყების სახელით არის ცნობილი (1875 წ.). ამ აჯანყების ჩაქრობის დროს რუსეთის სამხედრო შენაერთებმა გადაწვეს და გაავერანეს სვანეთის ხეობები და სოფლები.

სწორედ ამ პერიოდში რუსეთმა ძირითადად დაასრულა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის დაპყრობა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*