საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური ხასიათი XVIII საუკუნეში

XIII საუკუნისთვის მიღწეული ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური დაწინაურება მომდევნო ხანებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თითქმის 300 წლოვანი ძნელბედობის მანძილზე საქართველომ მაინც მოახერხა, რომ არ შეწყვეტილა საწარმოო ძალთა განვითარება, რასაც არაერთი წყარო და ფაქტი ადასტურებს.

XVI საუკუნიდან (განსაკუთრებით მისი მეორე ნახევრიდან) ქვეყანაში ერთგვარი ეკონომიკური აღმავლობა იწყება. ეს აღმავლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო ვაჭრობის განვითარებაშია. ამ განვითარებას დიდი ტრადიციები, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ეთნიკური და კონფესიური მრავალფეროვნება და ქვეყნის ხელისუფალთა გულისხმიერი დამოკიდებულება განაპირობებდა.

XVII საუკუნიდან ვაჭართა ( და საერთოდ მესამე წოდების) განვითარება ახალ საფეხურზე ადის. ამ დროიდან ფიქსირდება პროფესიონალ ვაჭართა ჩარევა ქვეყნის საშინაო ვაჭრობაში (მანამდე მისი ფუნქცია საგარეო და საშუამავლო ვაჭრობის მომსახურეობით იზღუდებოდა). ეს პროცესი გახდა საფუძველი საერთო ეროვნული ბაზრის ჩამოყალიბებისა, რომელიც თანდათან ფართოვდებოდა ერთიან კავკასიურ ბაზრად.

10247_1

დავით გარეჯის მონასტერი

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ქალაქის მოსახლეობაში მიმდინარე ქონებრივი დიფერენციაციის საფუძველზე, გამოიყო შეძლებულ ვაჭართა ძლიერი ფენა, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით პრივილეგიური მდგომარეობის იურიდიულ გაფორმებას ესწრაფვის, რასაც მან XVIII საუკუნის დასაწყისში მიაღწია. ვახტანგის სამართალში დაფიქსირებულია ვაჭართა ოთხი კატეგორია, რომელთაგან პირველი ორი აზნაურულ წოდებასთანაა გათანაბრებული. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დაყოფის საფუძველი სოციალური მდგომარეობა კი არა, ეკონომიკური შეძლებულებაა. მაშასადამე, კანონმდებლობა ვაჭრობას განიხილავს ადამიანთა ერთობლივ ჯგუფად, რომლის გრადაციაც ეკონომიკური შესაძლებლობის მიხედვით ხდება და იგი ჩამოყალიბებულია ცალკე კლასად (მართალია ხსენებული დოკუმენტი XVIII საუკუნის დასაწყისშია შექმნილი, მაგრამ XVIII საუკუნის სინამდვილეს ასახავს).

ამავე საუკუნეში დასტურდება სოციალურ–ეკონომიკური თვალსაზრისით ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც ვაჭარი არ სჯერდება მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის შუამავლის როლს და თანდათანობით თვითონ ერევა წარმოებაში (ეს მოვლენა განსაკუთრებით შესამჩნევი, თავისი ბუნების გამო საფეიქრო წარმოებაშია). ეს ცარევა რამდენიმე საფეხურს გაივლის: მზა საქონლის შესყიდვა, ნედლეულზე გაცვლა და უშუალო მწარმოებლისთვის ნედლეულის დარიგება განსაზღვრულ ფასად დასამუშავებლად, რაც ნიშნავს, რომ ვაჭარმა უშუალო მწარმოებელი გადაქცია ტავის მუშად, თვითონ კი მწარმოებელი კაპიტალისტის ხასიათი შეიძინა. ასე იქმნებოდა წარმოების ფორმა, რომელსაც გაფანტული მანუფაქტურა ეწოდება და ერთი ცენტრალური სახელოსნო აქვს. ამ ფუნქციას ჩვენში, უპირატესად სამღებროები ასრულებდნენ.

საქართველოს ქალაქებში ადგილი ჰქონდა აგრეთვე სახელოსნოების განვითარების შედეგად ცენტრალიზებული მანუფაქტურების წარმოებას. ამას გარდა არსებობდა შედარებით მსხვილი კაპიტალისტური (რადგან ისინი დაქირავებულ შრომას იყენებდნენ) საწარმოების მოწყობის ფართო პრაქტიკაც. ამგვარ საწარმოთა რიცხვში წამყვანი მნიშვნელობა სამთამადნო ქარხნებს ეჭირათ, რომლებიც სოციალურ–ეკონომიკურად შერეული ხასიათის იყვნენ, მაგრამ ძირითადად დაქირავებულ შრომას იყენებდნენ და სახელმწიფოს მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევდნენ. აბრეშუმის, ზეთსახდელი, თიხის ჭურჭლის, აგურისა და სხვა მრავალ კაპიტალისტურ წესზე მოწყობილ ქარხნებთან, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სტამბას, ზარაფხანას, თოფის წამლის ქარხანას, განსაკუთრებით ზარბაზნის ქარხანას და სხვა.

რამდენადმე განსხვავებული ვითარება სუფევდა სოფლის მეურნეობაში: სხვადასხვა დამპყრობთა უსასრულო ბატონობამ და მათმა ცვლამ, ახალმა ბეგარა–გადასახადების პირდაპირმა თუ ირიბმა ზრდამ, ქვეყნის განმტკიცებისათვის დაინტერესებული ხელისუფლების სისუსტემ, ჩამოყალიბებული სოციალური ურთიერთობები დაშალა და დაანგრია.

ყველა უბედურება, რაც ქვეყანას სჭირდა, გლეხობის მხრებზე გადადიოდა. ამას ისინი ადვილად არ ეგუებოდნენ და პროტესტის მრავალფეროვან ფორმებს მიმართავდნენ: ჩიოდნენ მეფესთან, ეურჩებოდნენ უსამართლო ბეგარა–გადასახადებს, ხოცავდნენ უსამართლო, თავაშვებულ ბატონებს, გარბოდნენ, იკარგებოდნენ, ბოლოს კი ლეკდებოდნენ და თათრდებოდნენ.

გლეხთა რიცხვი სამეფოში განუწყვეტლივ მცირდებოდა. ნაწილი გაწყვიტეს, ნაწილი გაყიდეს, ნაწილმა თვითონ მიატოვა მშობლიური კერები და შედარებით მოხერხებულ ადგილებს შეაფარა თავი.

ამ პრობლემის გადაწყვეტა საუკუნის შუა ხანებიდან ერეკლე II–მ დაისახა მიზნად.

ერეკლეს საგლეხო კანონი მშრომელების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეფე ენერგიას არ იშურებდა, რათა გლეხს დაბრუნებოდა წლების განმავლობაში დაკარგული უფლებები. იგი ბატონისა და ყმის ურთიერთობაში აქტიურად ერეოდა და “ბატონყმობის რიგის დაცვას” ითხოვდა. მაგალითად, თავადებისადმი გაცემულ ერთ–ერთ ბრძანებაში იგი მიუთითებდა: “თუ რომ თქვენი მამულიდან მემკვიდრე კაცი აიყარა და წარვიდა სადმე, ერთი კაციც რომ აიყაროს, იცოდეთ ავად მოგეპყრობით და გაზღვევინებთ”.

ერეკლემ აკრძალა ოჯახის წევრების ცალ–ცალკე გაყიდვა. მისი ბრძანებით, უცხოეთიდან დაბრუნებული გლეხი ძველი ბატონის ყმობისგან თავისუფლდებოდა.

ყველა ამ ღონისძიებამ მნიშვნელოვნად დაალაგა ქვეყანაში ბატონყმური დამოკიდებულება, რამაც ხელი შეუწყო საერთო წესრიგის და სამართლის დამკვიდრებას.

ცვლილებები ქართლ–კახეთის სამხედრო და სახელმწიფო წყობაში.

სამხედრო რეფორმის გატარება ერეკლეს ერთ–ერთი მთავარი მიზანი იყო.

რუსეთის სამხედრო სისტემის მიბაძვით ქართულ ლაშქარში გაჩნდა შენაერთების დაყოფის თანმიმდევრობა შესაბამისი სამეთაურო ტერმინებით: კაპრალი, უნტერ ოფიცერი, კაპიტანი, მაიორი, პოლკოვნიკი, ღენერალი.

რუსულ ყაიდაზე იქნა გადაკეთებული სამოხელეო თანამდებობები და მათი დასახელებებიც. მოხელეთა გასამრჯელო სარგოების ნაცვლად ჯამაგირით შეიცვალა… მნიშვნელოვნად დაიხვეწა სასამართლო სისტემა. 1778 წელს შემოღებულ იქნა მსაჯულთა ინსტიტუტი, გამრავლდა განმტკიცდა საპოლიციო ადმინისტრაციული აპარატი.

სამეფოს მამრობითი სქესის, იარაღის ტარების შემძლე მოსახლეობა 12 წილად დაიყო. შესაბამისად, ყოველი ჯანმრთელი მამაკაცი ვალდებული იყო დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე თავისი იარაღით და 1 თვის სამყოფი სურსათით გამოცხადებულიყო. მათ ძირითადად სასაზღვრო ზონებში, ლეკთა განსაკუთრებით ინტენსიური შემოჭრის ადგილებზე ამწესებდნენ.

თავდაპირველად მორიგე ლაშქარი 4–5 ათას მებრძოლს აგროვებდა. შემდეგ ქვეყანაში შექმნილი სირთულეების კვალობაზე, განსაკუთრებით, ლევან ბატონიშვილის დაღუპვის მომდევნო ხანებში, მისმა რიცხვმა თანდათან იკლო და 2 ათასამდე დავიდა.

მიუხედავად ამისა, რეგულარული სამხედრო ნაწილის შექმნა მეტად მნიშვნელოვანი, პროგრესული ნაბიჯი იყო და დიდი როლი შეასრულა ლეკთა თარეშის ალაგმვაში, განსაკუთრებით, პირველ ხანებში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*