საქართველო დავით VIII–ის (1293–1311 წწ.) მეფობაში

სიწყნარე არც საილხანოში იყო. იქ განვითარებულმა ფეოდალიზაციის პროცესმა მონღოლთა ჩვეული ორგანიზებულეობა დაარღვია.

საქართველოში კი გაურკვეველი ვითარება გრძელდებოდა, რადგან მათ მიერ სასტიკად დასჯილ დემეტრეს ვაჟს, დავითს, მონღოლები უნდობლად უყურებდნენ. მაგრამ ახალი ყაენის, ქეღათუს, აღზევებასთან დაკავშირებით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ქაჩაღებულ აჯანყებების ჩაქრობაში დავითის მიერ გამოჩენილი თავდადების და ერთგულების სანაცვლოდ, ახალმა ყაენმა დავით დემეტრეს ძეს (დავით VIII) საქართველოს მეფობა უბოძა.

ახალგაზრდა მეფეს ქვეყანაში მრავალი მწვავე პრობლემა დახვდა, რომელთა მოწესრიგებას ყველაფერთან ერთად მონღოლებიც უშლიდნენ ხელს (ეს იყო ჩრდილო კავკასიიდან შემოსეული ოსების განდევნის ამოცანა, სამცხის სამთავროს დამორჩილების საკითხი და სხვა.).

XIII საუკუნის ბოლოს მონღოლთა ჰულაგუიდების სახელმწიფოში ფეოდალიზაციის პროცესი ინტენსიურად ვითარდებოდა. ამ ფონზე ქვეყანაში აქტიურად იწყო გავრცელება მაჰმადიანობამ. შესაბამისად, ქართული ქრისტიანობისადმი ზეწოლა და სისასტიკე გაძლიერდა. იმატა ქრისტიანული ეკლესია–მონასტრების თუ სხვა სიწმინდეების დარბევამ, შებღალვამ, განადგურებამ.

მთლიანობაში, მიმდინარე პროცესებმა მონღოლთა დასუსტება გამოიწვია, თუმცა ამას მათი აგრესიულობა და ანტიქრისტიანული განწყობა არ შეუნელებია, უფრო კი პირიქით.

ყველაფერმა ამან ქართველ პოლიტიკოსებში მონღოლთა ბატონობის გადაგდების მისწრაფება გააძლიერა. 1295 წელს დიდი ბრძოლის შემდეგ ილხანთა ტახტზე ყაზან ყაენი ავიდა. დავით VIII ყაზანის მომხრეთა პარტიას არ ეკუთვნოდა. ამიტომ, როდესაც ყაზან ყაენმა დავით მეფე 1297 წელს თავისთან დაიბარა, დარბაზის რჩევის საწინააღმდეგოდ, მან წასვლაზე უარი განაცხადა, თავის მომხრეებითურთ მთიანეთს შეიხიზნა.

Featured image

ბექა ჯაყელი

ამის შემდეგ, ერთი პირობა მან ილხანებთან მაინც დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. დავითი მონღოლებს არ ემორჩილებოდა და არაგვის ხეობაში იყო გამაგრებული. მონღოლებმა ახალ ხერხს მიმართეს: საქართველოს უძლიერეს მთავარს ბექა ჯაყელს დაუკავშირდნენ და საქართველოს ტახტზე მისი შვილიშვილის (დედის მხრიდან) აყვანა შესთავზეს. ბექამ შეთავაზება სიხარულით მიიღო. 1299 წელს საქართველოს მეფედ გიორგი V დემეტრეს ძე გამოცხადდა. თუმცა დავით VIII არაგვის ხეობაში იყო გამაგრებული და, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთი ქვეშევრდომი განუდგა და მონღოლთა მხარე გადავიდა, ტახტის დათმობას არ აპირებდა.

უამრავი დახმარებით (მათ შორის ოსებით) გაძლიერებული მონღოლთა ლაშქარი ქსნის ხეობით არაგვის ხეობაში გადავიდა, მაგრამ დავითის კვალს ვერ მიაგნო, უკან გამობრუნებულებს კი დავითმა თავის ლაშქრით გზა გადაუჭრა და გაანადგურა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*