სიმართლის მხატვარი. დიეგო ველასკესი

დიეგო ველასკესს, ჩემს სიძეს, (მხატვრობაში) უდავოდ მესამე ადგილი უჭირავს. ხუთი წელი ვასწავლიდი, მერე კი ჩემი ასული მივათხოვე, დაიმედებულმა მისი სიქველით, სისპეტაკითა და დიადი გენიით…

ფრანსისკო პაჩეკო – “ფერწერის ხელოვნება”

Diego_Velázquez_Autorretrato_45_x_38_cm_-_Colección_Real_Academia_de_Bellas_Artes_de_San_Carlos_-_Museo_de_Bellas_Artes_de_Valencia

დეგო ველასკესი – ავტოპორტრეტი

სამი საუკუნის წინ ჩაესვენა ფუნჯის დიდოსტატი, განუმეორებელი არტისტი, ესპანური და მსოფლიო ხელოვნების დიდი ვარსკვლავი ველასკესი, და ის დღესაც ხიბლავს ყველას, როგორც სიმართლის დიდი მხატვარი.

დიეგო ველასკესი 1599 წელს დაიბადა, ინკვიზიციის მძვინვარების ჟამს. ცხრა თვისა იყო, როცა კოცონზე დაწვეს აზრის ტიტანი ჯორდანო ბრუნო.

ყმაწვილი უკვე ერერას სახელოსნოში იჩენს თავს, როგორც ახალი გენია. 14 წლისა არც კი იყო, როცა გარდაიცვალა მისი ერთ–ერთი დიდი წინამორბედი, სულ სხვა სტილისა და ხასიათის ოსტატი დემენიკ ელ გრეკო (“ბერძენი”), რომლის “პეტრე და პავლე” პორტრერტული ხელოვნების შედევრია. დიდხანს ასწავლიდა ცნობილი პაჩეკო.

მაგრამ ელ გრეკო იესოს და წმინდანებს ხატავდა უპირატესად. მის საოცარ სურათებში, უნიკალურ ფრესკებში რეალისტურს მისტიკური სჭარბობს. მიუბაძავია, ძლიერია, მიქელანჯელოსაც კი ადარებენ, მაგრამ თვით მის ადრინდელ, ბერძნულ გვარშია დაფარული ცნება “ღმერთისა” (თეოს): დომენიკო თეოტოკოპული.

ასევე რელიგიურ თემებზე მუშაობდა უმთავრესად იმ დროის დიდი ესპანელი მხატვარი რიბერა. მისი “წმინდა ინესა” დრეზდენის გალერეას ამკობს.

უკვდავია სურბარანის “წმინდა თომა აქვინელიც”, “ღვთისმშობლის ყრმობა”, “წმინდა ბართლომე” და სხვა მრავალი. მაგრამ ყოვლისშემძლე რელიგიის მეუფებით შებოჭილ დიდოსტატთა ეს შედევრები მაინც არ ქმნიან საკუთრივ რეალისტურ ხელოვნებას, რომლის ტახტზეც ველასკესი დაჯდა.

ერმიტაჟშია მისი “საუზმე”. სურათის შუაგულშია მხიარული ყმაწვილი, ბოთლი აუწევია და საუზმეზე გვეპატიჟება. ახალგაზრდა ვაჟკაცი სითამამეს უწონებს, მოხუცი თავს იკავებს. “მოხუცი მზარეულის” გმირები კი უფრო დაძაბულნი არიან. რამდენი ნაღველია მოხუცი ქალისა და ბავშვის სახეებზე!

ცხოვრების ცოდნით გამოირჩევიან სიცოცხლით სავსე “მუსიკოსები”. თითქოს იორდანსის გმირებია, მაგრამ ველასკესი უფრო ღრმა და ბრძენია.

Velazquez1632philipIV

“ფილიპე IV” – 1632 წ.

თავისებურია “უბიწო ჩასახვა”. ამ თემაშიც კი მხატვარმა გვიჩვენა უბიწო ესპანელი გოგონა, თუმცა სფეროზე დგას და შარავანდედს ტრადიციული თორმეტი ვარსკვლავი უნათებს (თორმეტი მოციქულის სიმბოლო).

ველასკესის ადრინდელი შემოქმედების მეორე გვირგვინია “თულუხჩი”. მკაცრი კორსიკელის, სევილიელთა სანატრელი სტუმრის სახე თითქოს ბრინჯაოსგანაა გამოკვეთილი. წინ კოკა უდგას და ყმაწვილს ცივ წყალს აწვდის.

“მოგვების თაყვანისცემაც” კი ცხოვრებისეული სიმართლით გვხიბლავს, თუმცა სიუჟეტი რელიგიურია. კუშტ ფონზე ჩანან აღმოსავლელ მეფეთა ტლანქი ფიგურები და კდემამოსილი ესპანელი ქალის ნათელი სახე. ესაა დედა ღვთისა. მოგვებიც ესპანელები არიან. ბრიალა შუქი სცემს მადონას სახეს.

ველასკესი სწრაფად იზრდება. მოკლე ხანში ხდება ფილიპე IV–ის კარის მხატვარი, ე. ი. ესპანეთის პირველი მხატვარი. მრავალ პორტრეტში უკვდავჰყო ფილიპე IV – ახალგაზრდა, კუშტი, ულამაზო. ხელში ქაღალდი უჭირავს. ესაა ნაბიჯი წინ ესპანური პორტრეტის ისტორიაში.

1629 წელს 30 წლის ველასკესი პირველად ჩადის იტალიაში – რომში, ვენეციაში. სწავლობს ტიციანს, ტინტორეტოს. უფრო ფაქიზდება და იხვეწება მისი ხელოვნების მანერა. ამ მოგზაურობის შედეგია “ვულკანის სამჭედლო”. მჭედელთა ღმერთს ვულკანს აპოლონი ატყობინებს, ვენერა გღალატობსო. ღმერთი აღშფოთებულია, ახალგაზრდა მჭედელი – გაოცებული. ყველანი – სხივთა მთოველი აპოლონიც კი – უაღრესად მიწიერი ესპანელები არიან. ერთმა თანამედროვემ თქვა: “ველასკესი იტალიაში ჩავიდა არა იმისთვის, რომ ისწავლოს, არამედ იმისთვის, რომ ასწავლოსო”. ამაში ცოტა გადაჭარბებაა.

1631 წელს ესპანეთში ბრუნდება. იქმნება პორტრეტები: გრაფი ოლივარესი და ფილიპე IV. ხსენებულ გრაფს არასოდეს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ინება დაეხატათ სარდლის კვერთხით ხელში. ამ ყალბ სახეს, რომელმაც უკვდავება ქაღალდზე ნახა და არა ბრძოლის ველზე, ველასკესმა უკვდავი სული ჩაჰბერა. ფილიპე კი ამ ახალ პორტრეტში დუნე და მოუხეშავი დესპოტია, ამბოხებულ კატალონიელთა წინააღმდეგ დაძრული ბურბონი, რომელსაც ახლდა ველასკესი, როგორც მხატვარი. ამ ამბოხებაზე თქვა კარდინალმა ბორხამ: “არეულობის ალს მხოლოდ სისხლის მორევი ჩაახშობსო”. სწორედ ამ კარდინალს, თავისი დროის ერთ უდიდეს დიპლომატსა და ულმობელ იეზუიტს აუგო ანდერძი ველასკესმა ცნობილი პორტრეტით.

ველასკესი – ადამიანის მხატვარია. მის სახეებში შეხამებულია რემბრანდტის ძალა და ხალხური უბრალოება. როცა მეფემ უთხრა: მოქიშპეები გთვლიან მეორეხარისხოვან მხატვრად, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში ადამიანის დახატვა შეგიძლიაო, ოსტატმა გაიცინა: “ეს ბატონები დიდ პატივსა მდებენ, რადგან ადამიანის წესიერად დახატვა არავის შეუძლიაო”.

1649 წელს ველასკესი მეორედ მიდის იტალიაში და ზლივს აბრუნებენ სამი წლის შემდეგ. მაშინ შექმნა თავისი შემოქმედების გვირგვინი – პაპ ინოკენტი X–ის პორტრეტი. ჭკვიანი, პირქუში, სასტიკი, ცბიერი მღვდელმთავარი იმდენათ სიმართლითაა ნაჩვენები, რომ თვით მისმა უწმინდესობამ შესძახა: “მეტისმეტად მგავსო!” ოსტატს ოქროს ძეწკვი აჩუქა, თუმცა პორტრეტული ხელოვნების ამ შედევრის მხილველს დღესაც თავზარი ეცემა.

1660 წელს სამოც წელს გადაცილებული, განუზოომელი შრომით დაქანცული ველასკესი ციების მსხვერპლი ხდება. მადრიდში ჩაესვენა ესპანური ხელოვნების მნათობი. მის ძეგლს სევილიაში ამკობს წარწერ: “სიმართლის მხატვარს”.

Retrato_del_Papa_Inocencio_X._Roma,_by_Diego_Velázquez

“პაპი ინოკენტ X” – 1650 წ.

 

Diego_Velázquez_016

“საუზმე” – 1618 წ.

 

1024px-Vieja_friendo_huevos,_by_Diego_Velázquez

“მოხუცი ქალი წვავს კვერცხს” – 1618 წ.

 

800px-Santo_Tomás,_by_Diego_Velázquez

“სენტ ტომასი” – 1622 წ.

 

Don_Cristóbal_Suárez_de_Ribera,_by_Diego_Velázquez

“დონ კრისტობალ სუარეს დე რიბერა” – 1620 წ.

 

Diego_Velasquez,_The_Forge_of_Vulcan

“ვულკანის სამჭედლო” – 1630 წ.

 

640px-Cristo_crucificado

“ჯვარცმა” – 1632 წ.

 

1280px-RokebyVenus

“ვენერა სარკესთან” – 1647–1651 წწ.

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*