სიმაღლე-სასახლე ზეცაში

სიგირია უძველესი კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე და სასახლის ნანგრევებია შრი-ლანკაში. ტამილურად მისი სახელი “ლომების კლდეს” ნიშნავს. კომპლექსის გარშემო ბაღებია გაშენებული. ტურისტებში სიგირია (Sigiriya) მეტად პოპულარულია. ძეგლი განთქმულია ძველი კედლის მხატვრობით. 1982 წელს იუნესკომ სიგირია კულტურის ძეგლთა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

კლდოვანი პლატო ვრცელ დაბლობშია აღმართული 170 მეტრის სიმაღლეზე. V საუკუნეში შრი-ლანკის მეფე კასაპამ აქ მიუდგომელი ციხესიმაგრე ააგო და გარშემო წყლით სავსე თხრილები შემოავლო. პლატოს თავზე მონუმენტური ლომის კარიბჭიდან ავდივართ. ლომისგან, რომლის ხახა სიმაგრეში შესასვლელს წარმოადგენდა, დღეს მხოლოდ თათებია დარჩენილი.

კლდეში სენაკების გამოკვეთა ბუდისტმა ბერებმა მეფე კასაპამდე დიდი ხნით ადრე, ძვ.წ. III საუკუნიდან დაიწყეს. სიგირია ერთდროულად ციხესიმაგრეც იყო და მეფის სასახლეც. კლდის თხემზე სასახლის ნანგრევებია, რომლის მშენებლებს წყლის მოსაგროვებლად რეზერვუარები ჰქონდათ აგებული. ძეგლის შესახებ ევროპელებმა 1831 წელს შეიტყვეს, როცა ბრიტანელი მაიორი ჯონათან ფორბსი ცხენით მგზავრობისას მცენარეებით დაფარულ კლდეს გადააწყდა. სიგირიამ მიიპყრო ანტიკვარებისა და არქეოლოგების ყურადღება. 1907 წელს ბრიტანელმა მკვლევარმა ჯონ სტილმა აღწერა სიგირიის სურათების ვეებერთელა გალერეა და აღნიშნა, რომ იგი შესაძლოა, ყველაზე დიდი გალერეა იყოს მსოფლიოშიც. სარკეებიან დარბაზში, რომელიც ადრე ფაიფურით იყო მოპირკეთებული, უამრავი ფრესკაა, რომლებიც გადაჭიმულია 140 მეტრის სიგრძესა და 40 მეტრის სიმაღლეზე. მხატვრობის საყვარელი თემა შიშველი ხარჭებია, რომელთაც უფრო ღია ფერის კანი აქვთ, ვიდრე მათ შემოსილ მსახურებს. 2014 წლისთვის გადარჩენილი იყო მხოლოდ 18 სურათი. კლდეზე ასევე შემორჩენილია წარწერები ლექსების სახით, რომელთაც მნახველები VIII საუკუნიდან ტოვებდნენ.

ჯერ კიდევ მეფე კასაპას დროს კლდის გარშემო თვალუწვდენელი ბაღები გააშენეს და აქ მსოფლიოში ერთ-ერთი უპირველესი შადრევნები გამართეს. საოცარია, მაგრამ არაერთი ამ შადრევანთაგან დღესაც მოქმედია.

1_18230_02

1024px-Lions_Paw,_Sigirya

1024px-The_Mirror_Wall_&_Spiral_Stairs_leading_to_the_Frescoes

1024px-Sri_Lanka-4

89151_17051812250053063800

Sigiriya,_Wolkenmädchen_3

Leave a comment

Your email address will not be published.


*