სიმონ მეფე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში

სხვა ქართველ მეფე მთავართაგან განსხვავებით, ლუარსაბი არ შეურიგდა ერან–ოსმალეთის ზავის პირობებს. იგი ბრძოლას განაგრძობდა და მტრისგან ოკუპირებულ ქართულ ციხეებს იბრუნებდა. ამ ფაქტით შეფიქრიანებულმა სპარსელებმა მათ მფლობელობაში მყოფი თბილისის ციხის შენარჩუნება ყარაბაღის შავერდი ხანს დაავალეს. 1556 წელს თბილისის სპარსული გარნიზონის თხოვნით ყარაბაღის სულთანი დიდი ჯარით საქართველოს წინააღმდეგ გამოემართა. ქართველთა დამხვდურ ლაშქარს ლუარსაბის ახალგაზრდა ვაჟი სიმონი მეთაურობდა. იგი მედგრად დაუხვდა მტერს და ფიცხელი ბრძოლით უკან გააქცია. ქართველები სიმონის მეთაურობით გაქცეულ მტერს დაედევნენ. ამ ომს მოხუცი ლუარსაბ მეფე თანმხლებებთან ერთად თვალს შემაღლებული ადგილიდან ადევნებდა. როცა მტერი უკუიქცა, მათ სიმაღლე დატოვეს. ამ დროს მტრის ერთი რაზმი ტყეში შემალულიყო. იგი შემთხვევით ლუარსაბს და მის ამალას გადაეყარა. მოხუცებმა მტერს მედგარი ბრძოლა გაუმართეს. ხელჩართულ უთანასწორო ბრძოლაში ლუარსაბს ყველა იარაღი დაემსხვრა და მხოლოდ ცხენის ძგერებით განაგრძობდა მოქმედებას. გაცხარებულ ბრძოლაში მეფის ცხენს ფეხი ნაპრალში ჩაუვარდა, წაიქცა და მხედარიც ქვეშ მოიყოლა. წაქცეულ მეფეს მტერმა ისრები დაუშინა. ქართველებმა მომხვდურები ერთიანად გაწყვიტეს, მაგრამ ლუარსაბის მგზნებარე სიცოცხლის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს.

ლუარსაბის როლი ქართველობის გადარჩენაში ერთობ ღირსეულად შეაფასეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ავტორებმა. მათი სიტყვით, “ლუარსაბი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროშად იქცა ერან–ოსმალეთის მოძალადეობის შავბნელ ხანაში”.

Simon_I_of_Kartli

სიმონ I

1556 წელს ქართლის სამეფო ტახტზე ლუარსაბ I–ის 19 წლის ვაჟი, სიმონი ავიდა. იგი ღირსეულად მიჰყვებოდა მამის პოლიტიკას და ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლას მედგრად განაგრძობდა.

ახალგაზრდა მეფე სამართლიანად მიიჩნევდა, რომ მტრის წინააღმდეგ წარმატებული ომისთვის ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის მტკიცე კავშირი იყო საჭირო. 1559 წელს მან ცოლად შეირთო ლევან მეფის ასული ნესტან დარეჯანი, რითაც კახეთთან კავშირი განამტკიცა.

სიმონი მთავარ სტრატეგიულ ამოცანად თბილისის განთავისუფლებას თვლიდა, ამისთვის ემზადებოდა, თუმცა 1560 და 1561 წლებში ამ მიმართულებით გაწეულმა მისმა ბრძოლებმა ღალატისა და უწესრიგობის გამო შედეგი არ გამოიღო.

მის მიმართ ყიზილბაშებმაც ტაქტიკა შეცვალეს, ქართველთა შორის სულმოკლე მოღალატეთა მეშვეობით შეეცადნენ საწადელის მიღწევას. მათ არაერთი ფეოდალის გადაბირება მოახერხეს, მოისყიდეს სიმონის ძმა დავითიც, რომელიც 1564 წელს სხვა რენეგატებთან ერთად, შაჰ თამაზს ყაზვინში ეახლა. შაჰმა იგი ქვემო ქართლის და თბილისის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა.

normal_ninokiviladze-farcxisi_3

ფარცხისის ციხე

ამ მარცხის მიუხედავად, სიმონს ბრძოლა არ შეუნელებია. მან ორჯერ დაამარცხა მისი გამაჰმადიანებული რენეგატი ძმა (დაუთხანი), თუმცა 1569 წელს ფარცხისთან ბრძოლაში ღალატის გამო ყიზილბაშებისაგან მარცხი განიცადა და ტყვედ ჩავარდა. ერანის შაჰი გულმოდგინედ შეეცადა მამაცი და დაუმორჩილებელი მეფის გამაჰმადიანებას, მაგრამ არაფერი რომ არ გამოუვიდა, სახელოვანი მეფე ალამუტის ციხეში გამოკეტა. მისი ტყვეობის ათი წლის განმავლობაში დაუთხანი ქართლის გამგებლად ითვლებოდა.

1578 წელს მდგომარეობა შეიცვალა. ამ დროს ერან–ოსმალეთის ომი განახლდა. მასში უპირატესობა ოსმალებმა მოიპოვეს. ოსმალთა ბატონობა ქართლისთვის ყიზილბაშობაზე მძიმე იყო. ამის გამო შაჰმა სიმონი გაათავისუფლა და საქართველოში ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად გამოუშვა. ქართლში დაბრუნებული სიმონი ენერგიულად შეუდგა ოსმალთაგან ქართლის ციხეების განთავისუფლებას. მან დამპყრობთაგან გაწმინდა ლორე, გორი და სხვა ციხეები. თბილისი კვლავ ოსმალთა ხელში იყო, მისი ციხის დამცველთა მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. ქართველებმა და ყიზილბაშებმა თბილისს ალყა შემოარტყეს. ალყა ოთხი თვე გაგრძელდა და ციხისელები აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მეციხოვნეთა უმრავლესობა ამოწყდა და სულ 700 კაცი დარჩა. მათ დასახმარებლად 1579 წელს ლალა ფაშამ დიდძალი ჯარი გამოგზავნა სურსათით და იარაღით. ამ ჯარს სიმონი ყიზილბაშებთან ერთად დმანისის ვიწროებში ჩაუსაფრდა და დიდი ზიანი მიაყენა. შემდეგ ქართველები ტყეში გაიფანტნენ და ოსმალებს მედგარი ბრძოლა გაუმართეს, ალყაში მოიმწყვდიეს და აიძულებდნენ, ხრამში გადაცვენილიყვნენ. მტერი უკუიქცა, სიმონი უკუქცეულებს დაედევნა, დაამარცხა და დიდი ზარალი მიაყენა.

Alamut-01

ალამუტის ციხე

დამარცხებამ სულთნის ჯარი ვერ სეარყია. 1580 წელს სულთანმა მურად III–მ აღმოსავლეთ ლაშქრის მეთაურობა სინან ფაშას ანდო და საქართველოს დამორჩილება და ამიერკავკასიის დაპყრობა დაავალა. იგი ზაფხულში გარშემორტყმული თბილისის დასახმარებლად დიდი ლაშქრით წამოვიდა. მაგრამ ქართული პარტიზანული რაზმები მას აუნაზღაურებელ ზიანს აყენებდნენ. სინან ფაშამ თბილისში შესვლა მაინც მოახერხა და უკან დმანისის გზით გამობრუნდა. ქართველებმა პარტიზანული ომებით არც აქ მისცეს მას მოსვენება და კვლავ დიდი ზიანი მიაყენეს.

1582 წელს ოსმალეთთან მოლაპარაკების გამო, სიმშვიდის დამყარების ვითარებაში, სპარსელებმა კახეთის მეფის, ალექსანდრე II-ის გადაბირება მოახერხეს. რადგან ამ უკანასკნელს სიმონთან არაკეთილგანწყობილება ჰქონდა, ყიზილბაშებმა იზრუნეს, რათა ისინი შერიგებულიყვნენ.

1582 წელს ყიზილბაშებმა და სიმონ მეფემ ამიერკავკასიაში ერთგვარი ანტიოსმალური კოალიციის შეკვრა მოახერხეს. მასში შედიოდნენ საშამხლო, დაღესტანი, სპარსეთი, კახეთი.

ოსმალები, რომელთაც ჯერ კიდევ უჭერდნენ მხარს იმერეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრები, შეერთებული ლაშქრით მუხრანის ველზე დაბანაკდნენ, სიმონმა ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ ოსმალთა ძალის ნაწილი ქართლის დასარბევად გამოგზავნა, თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ შეერთებულ ლაშქარს და სასტიკი მარცხი აგემა.

XVI საუკუნის ბოლოს ოსმალებმა მათ მხარეზე მებრძოლი მანუჩარ ათაბაგი აითვალწუნეს, ქართლის მეფესთან ბრძოლაში განცდილი წარუმატებლობისთვის ბრალი დასდეს და მისი სიკვდილით დასჯა განიზრახეს. მანუჩარმა ჩანაფიქრი გაუგო და ალღოიანი მოქმედებით ოსმალებს მისი დასჯის გეგმა ჩაუშალა. 1582 წელს მანუჩარი ოსმალებს აუჯანყდა და მათ მიერ 1579 წელს გაუქმებული ათაბაგობა აღიდგინა. 1583 წელს მან ცოლად შეირთო ქართლის მეფის ასული ელენე, რითაც მისი კავშირი სიმონ მეფესთან განმტკიცდა. ამ ხანებში სიმონმა ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე და სამშვილდე, ცოტა ხნით თბილისიც, მაგრამ ვერ შეინარჩუნა.

ქართლის შემომტკიცებისათვის ოსმალებტან პერმანენტული ბრძოლის მიუხედავად, სიმონი უყურადღებოდ არც სხვა ქართულ რეგიონებს ტოვებდა. დასავლეთ საქართველოში იმერეთის მეფე, გურიისა და სამეგრელოს მთავრები ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ, ურთიერთშორის გაუთავებელ ბრძოლაში იყვნენ და ქვეყანაში არეულობას და შფოთს არ ანელებდნენ.

სიმონ მეფემ გადაწყვიტა, შექმნილი ვითარებით ესარგებლა, იმერეთის სამეფო დაემორჩილებინა და ქართლისთვის შეეერთებინა. 1588 წელს იგი ლაშქრით იმერეთში გადავიდა, სამეფო დაიკავა, მძევლები აიყვანა და ოსმალთაგან ქართლში ვითარების გართულების გამო უკან გამობრუნდა. 1590 წელს ქართლის მეფე კვლავ იმერეთში გადავიდა, რათა წინა ლაშქრობის დროს მიღწეული ვითარება აღედგინა, ქუთაისი აიღო, მძევლები წამოიყვანა და გამობრუნდა. დასავლეთ საქართველოში ამ ლაშქრობების შედეგად ვითარება არ დაწყნარდა. ამასობაში განსაკუთრებული ძლევამოსილება დადიანმა შეიძინა. მისი მოწინააღმდეგე ფეოდალების ჯგუფმა ისევ სიმონ მეფე მოიწვიეს. იგი კვლავ იმერეთს მიადგა, სადაც ტახტზე მეფეთა ლეგიტიმური გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი როსტომი იჯდა. მისი ხელში ჩაგდებით და დამორჩილებით შეიძლებოდა, იმერეთი ქართლთან შეერთებულად ჩათვლილიყო. ასეთ ვითარებაში საქმეში მანუჩარ დადიანი ჩაერია და თავისი და როსტომ მეფის სახელით ქართლის მორჩილება აღიარა და შერიგება ითხოვა. მაგრამ შერიგება ვერ მოხერხდა.

ფეოდალთა დიდი ნაწილის და გაძლიერებული დადიანის გამო, სიმონი იძულებული გახდა, დასავლეთ საქართველოს საქმეებში ჩარევისაგან დროებით ხელი აეღო, რადგან 1588 წელს ერანსა და ოსმალეთს შორის დაზავება მოხდა. ამავე წელს სიმონიც დაუზავდა ოსმალებს და მათთვის ყოველწლიური ხარკის გადახდა იკისრა. ოსმალებმა იგი ქრისტიანობით, მემკვიდრეობით, ქართლის მეფედ აღიარეს და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა ივალდებულეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*