სიმსივნით პირველყოფილი ადამიანებიც იტანჯებოდნენ

სიმსივნე თანამედროვე დაავადება არ არის. ასეთია ამერიკელი, კანადელი და რუსი მეცნიერების ერთობლივი დასკვნა. სპეციალისტთა ყურადღება ციმბირში, მდინარე ანგარის ნაპირას ირკუტსკის ოლქში 1992 წელს აღმოჩენილმა უძველესი ადამიანის ნეშტმა მიიქცია. 35–45 წლის მამაკაცის ძვლები, რომელიც დაახლოებით 4500 წლის წინ, ანუ ადრე ბრინჯაოს ხანაში გარდაიცვალა, თითქოს ჩრჩილს შეეჭამა.Siberian-man-cancer

მეცნიერები დიდხანს კამათობდნენ, რას უნდა გამოეწვია ძვლის ქსოვილის ასეთი დაზიანება. ეს პათოლოგიური პროცესი იყო, თუ სიკვდილის შემდგომი დაზიანებები. და მხოლოდ წლეულს, რადიოგრაფიული ანალიზის და კვლევის სხვა მეთოდების გამოყენებით დადგინდა, რომ უძველეს ადამიანს მეტასტაზური, ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას რბილი სტრუქტურის ქსოვილზე, მათ შორის ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის ან თირკმელების.

კვლევის ობიექტი კი ფილტვების კიბოთი უნდა გარდაცვლილიყო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ნადირობდა, ამიტომ ხშირად სუნთქავდა ხანძრის კვამლს და ფილტვების კიბოც სწორედ ამის გამო განუვითარდა. მეტასტაზები დიფუზიურად ნაწილდებოდა, რამაც მალების, ნეკნებისა და მენჯის ძვლების დაზიანებაც გამოიწვია. ამიტომ გარდაცვალებამდე იგი ტკივილებითა და სისხლდენით იტანჯებოდა.

ნათესავები ხედავდნენ, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და გარდაცვლილს დაკრძალვისას სამარხში სარიტუალო ნივთი ჩააყოლეს. მათგან ერთი გველს მოგვაგონებს და მკვლევართა აზრით, ტკივილის სიმბოლოა.

ამ დასკვნამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს ხანგრძლივ დავას, როდის გაჩნდა კიბოს დაავადება.

სპეციალისტთა ნაწილი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ სიმსივნე თანამედროვე სენია და დაბინძურებული გარემო მის გავრცელებას ხელს უწყობს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ კიბო ყოველთვის იყო კაცობრიობის თავსატეხი. ამერიკელი, კანადელი და რუსი მეცნიერების ეს ბოლო დასკვნა სწორედ ამ თეორიას ამყარებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*