სკვითებში ოპიუმის “ლეგალიზების” შესახებ ჰეროდოტემაც იცოდა

არქეოლოგებმა სკვითურ ყორღანებში ოქროს ფიალები და ნივთები აღმოაჩინეს, რომლებიც მარიხუანასა და ოპიუმს კვალს შეიცავენ. ამასთან, “უკანონოდ შობილთა ომების უცნობ ისტორიას გვიამბობენ.

ყორღანი, რომელშიც გასაოცარ ნივთებს მიაკვლიეს, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. ოქროს არტეფაქტები ნათელს ჰფენენ სკვითების დღემდე უცნობ სამყაროს. უშიშარი მომთაბარეების სკვითების საგმირო საქმეებსა და რიტუალებზე ნარკოტიკების გამოყენებით, ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა.

01scythiangold.adapt_.1190.1

ოქროს ბეჭედი, სამაჯურები და სხვა ნივთები სულ 3,2 კგ–ს იწონიდა.

სკვითები ევრაზიის საძოვრების უმეტესობას ათასწლეულების განმავლობაში ფლობდნენ. შიშის ზარს სცემდნენ ძველ ბერძნებსა და სპარსელებს, მაგრამ მათ არ დაუტოვებიათ არც ერთი ქალაქი და დასახლებული პუნქტი, რომლის საფუძველზეც, მომთაბარე ხალხის ყოფის, კულტურისა და ტრადიციების შესწავლა მოხერხდებოდა. შემორჩა მხოლოდ ყორღანები – გადაჭიმული მონღოლეთის სტეპებიდან შავ ზღვამდე.

ანტონ გასი (ბერლინის პრუსიული კულტურული მემკვიდრეობის ფონდის არქეოლოგი): “ასეთი აღმოჩენა საუკუნეში ერთხელ ხდება. ამ რეგიონში ნაპოვნი ნივთებიდან ისინი საუკეთესოა”.

ექსპედიციის დასაწყისში ანდრეი ბელინსკი პესიმისტურად იყო განწყობილი. რადგან არქეოლოგებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ყორღანი გაძარცული იყო. თუმცა რამდენიმეკვირიანი გათხრების შემდეგ ჯგუფის წევრები თიხის სქელ ფენას გადააწყდნენ, რომლის გაწმენდის შემდეგ მართკუთხა ოთახს მიაკვლიეს. ოთახში აღმოჩნდა ის, რაც მძარცველებს როგორღაც გამორჩათ: ოქროს განძეული, რომელიც იქ 2 400 წლის წინ შეინახეს.

ორი კალათის ფორმის ოქროს სასმისი თავდაყირა იყო. შიგ იყო სამი ოქროს თასი, სქელი ოქროს ბეჭედი, ორი ყელსაბამი და ოქროს სამაჯურები. ოქროს არტეფაქტები კარგად იყო შენახული და საერთო ჯამში 3,2 კილოგრამს იწონიდა.

ანდრეი ბელინსკი (არქეოლოგი): “ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. არც კი ველოდით რომ რამე მსგავსს ვიპოვიდით”.

სპეციალისტებმა ოქროს სასმისში შავი ნარჩენიც აღმოაჩინეს. ნარჩენი სტავროპოლის კრიმინოლოგებმა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ იგი ოპიუმსა და კანაფს შეიცავდა. მკვლევართა დასკვნით, ამ აღმოჩენამ დაადასტურა, რასაც საუკუნეების წინ ჰეროდოტე წერდა. ბერძენი ისტორიკოსი ამტკიცებდა, რომ სკვითები იყენებდნენ მცენარეს ბოლის წარმოსაქმნელად, რომელიც ყველა ბერძნული აბანოს ორთქლს აღემატებოდა… ამ ბოლით სახეშეცვლილი სკვითები კი ხმამაღლა ყვიროდნენ.

ანდრეი ბელინსკი და ანტონ გასი ვარაუდობენ, რომ სასმისებში ნაპოვნი წებოვანი შიგთავსი ოპიუმისა და კანაფისგან ძლიერმოქმედი სასმლის დასაყენებლად გამოიყენებოდა.

02scythiangold.adapt_.676.1

ოქროს თასზე გამოსახულია წვერიანი მოხუცი მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა მეომრებს ხოცავს.

არქეოლოგებს წინ კიდევ ერთი გასაოცარი სიახლე ელოდათ. შიგთავსისგან და ჭუჭყისგან არტეფაქტების გაწმენდის შემდეგ ოქროს დეკორაციები გამოჩნდა. ერთ სასმისზე გამოსახული იყო წვერიანი მოხუცი მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა მეომრებს ხოცავდა. მეორეზე კი – მითოლოგიური არსებები: გრიფონი, რომელიც შუაზე გლეჯს ცხენს და ირემი შავ პეიზაჟზე. ანდრეი ბელინსკის აზრით, სკვითებისთვის ის გარდაცვლილთა სამყაროს განასახიერებდა.

არქეოლოგებისთვის ამ გამოსახულებებიდან მიღებული ინფორმაცია ფასდაუდებელი აღმოჩნდა. დაწყებული მეომრის ფეხსაცმლით, დამთავრებული მათი ვარცხნილობებით. გამოსახულებები გასაოცრად რეალისტურია.

ანტონ გასის აზრით, სცენა, სადაც მოხუცი კაცი ხოცავს ახალგაზრდა მეომრებს, წარმოადგენს “უკანონოდ შობილთა ომებს”, რაზეც მოგვითხრობს ჰეროდოტე. ბერძენი ისტორიკოსის მიხედვით, სკვითებმა 28 წელი გაატარეს სპარსელებთან ომში. როცა საბოლოოდ დაუბრუნდნენ საკუთარ კარავს, უცხო ხალხი აღმოაჩინეს – მარტო დატოვებული სკვითი ქალებისა და მონების უკანონო შვილები. ჩანს, ამ “სიურპრიზს” ხოცვა–ჟლეტა მოჰყვა და ეს სკვითებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სცენა ოქროს სასმისზეც აღიბეჭდა.

გერმანელი მეცნიერისგან განსხვავებით, რუსი არქეოლოგი ანდრეი ბელინსკი ფიქრობს, რომ ეს სცენა მეტაფორული ხასიათისაა და სკვითთა რომელიმე მეფის ან მმართველის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისკენ სწრაფვას ასახავს.

ხსენებულ არტეფაქტებს 2013 წლის ზაფხულში მიაკვლიეს. როდესაც რუსმა არქეოლოგმა ანდრეი ბელინსკიმ ყორღანი სენიგილევსკოე–2 გათხარა. თუმცა ყორღანების მძარცველთაგან დაცვის მიზნით, 2 წლის განმავლობაში მას საიდუმლოდ ინახავდნენ.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*