სოდომი და გომორი კომეტის აფეთქებამ გაანადგურა?!

დაახლოებით 3700 წლის წინ, ახლო აღმოსავლეთში, ზეცაში მეტეორიტი ან კომეტა აფეთქდა, რამაც მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით ყველაფერი გაანადგურა და ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ მონაცემები არქეოლოგებმა გამოაქვეყნეს, რომლებმაც ამ კოსმოსური აფეთქების მტკიცებულებები იპოვეს.

მკვლევართა აზრით, აფეთქებამ კვდარი ზღვის ჩრდილოეთით დაახლოებით 500 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე ყველაფერი მყისიერად მოსპო. მიწასთან გაასწორა ქალაქები და სოფლები, გამოფიტა ერთ დროს ნაყოფიერი სასოფლო–სამეურნეო მიწები. ამ მოვლენის შედეგად წარმოქმნილმა შოკურმა ტალღამ გამოიწვია მკვდარი ზღვის სუპერცხელი მარილებისა და ანჰიდრიდების ამოხეთქვა.

საუბარია თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე, რომელიც წრიულ ვაკეს წარმოადგენს და დაახლოებით 25 კილომეტრზეა გადაჭიმული. მკვლევართა აზრით, შესაძლოა, სწორედ ეს მოვლენები ედო საფუძვლად ბიბლიურ ისტორიას სოდომისა და გომორის განადგურების შესახებ.

კვლევის თანახმად, არქეოლოგიურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ განადგურებული ქანების აღდგენას დაახლოებით 600 წელიწადი დასჭირდა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით ცივილიზაციის კვლავ აღორძინება. დანგრეულ ადგილებს შორის იყო თალ ელ–ჰამამი – 36 ჰექტარზე გადაჭიმული უძველესი ქალაქი. მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით, სწორედ თალ ელ–ჰამამია ბიბლიური ქალაქი სოდომი. გათხრები იქ უკვე 13 წელიწადია გრძელდება.

კოსმოსური აფეთქების აღმოჩენილ მტკიცებულებათა შორის არის 3700 წლის წინანდელი კერამიკის ნამსხვრევები თალ ელ–ჰამამიდან, რომელთა ზედაპირი მინად არის გადაქცეული. ტემპერატურა იმდენად მაღალი უნდა ყოფილიყო, რომ ცირკონი, რომელსაც კერამიკა შეიცავს, აირად იქცა. მკვლევარ–არქეოლოგ ფილიპ სილვიას განმარტებით, ამისთვის საჭიროა ცელსიუსით 4000 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. თუმცა, ამ სიმხურვალემ იმდენ ხანს ვერ გასტანა, რომ კერამიკის ნამსხვრევები მთლიანად დაეწვა და მიწის ქვეშ ისინი შედარებით კარგად შემოენახა.

მეცნიერის განცხადებით, დაახლოებით 3700 წლის წინ ამ ზონაში სიცოცხლის უეცარ გაქრობაზე მიუთითებს რეგიონის სხვა არქეოლოგიური გათხრებიც. ერთადერთი ბუნებრივი მოვლენა კი, რომელსაც ამ მასშტაბის ზიანის მოტანა შეეძლო, ფილიპ სილვიას აზრით, კოსმოსური აფეთქებაა, დედამიწის ისტორიაში ამგვარი რამ არაერთხელ მომხდარა. უახლეს მაგალითად ის ტუნგუსკის მეტეორიტს ასახელებს, რომელიც ციმბირში, ჩელიაბინსკში ჩამოვარდა 1908 წელს.

ფილიპ სილვიას აზრით, ის ფაქტი, რომ მხოლოდ 500 კვადრატული კილომეტრი ფართობი განადგურდა, მიუთითებს, რომ აფეთქება მიწის ზედაპირიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის სიმაღლეზე მოხდა. შედარებისთვის – ტუნგუსკის მეტეორიტის აფეთქებამ 2150 კვადრატული კილომეტრი ფართობი გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ მიმდებარედ კრატერი არ იძებნება. შესაბამისად, შეუძლებელია გარკვევა, ჰაერში მეტეორიტი აფეთქდა თუ კომეტა. უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, მეცნიერთა ჯგუფი კვლევას განაგრძობს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*