სოლომონ I-ის დამოკიდებულება ქვეყნის გაერთიანების მიმართ

Solomon_I_of_Imereti

სოლომონ I

1784 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა იმერეთის მეფე სოლომონ I. გეორგიევსკის ტრაქტატში იმერეთის სამეფო ნახსენები არ ყოფილა. 1783 წლის 6 სექტემბერს გრიგორი პოტიომკინმა სოლომონის თხოვნა მიიღო, ჩემთანაც ისეთი ხელშეკრულება გააფორმეთ, როგორიც ერეკლესთანო, ხოლო როდესაც პოტიომკინიდან პასუხი მოუვიდა, მოლაპარაკებებისათვის წარმომადგენლები გამოგზავნეო, სოლომონმა პირობა წაუყენა: მანამდე ერეკლესთან შემარიგეთო. საქმე ისაა, რომ იმერეთში ალექსანდრე ბაქარის ძის მოწვევამ და ერეკლეს წინააღმდეგ მისმა მოქმედებამ მეფეებს შორის ურთიერთობა დაძაბა. შერიგების გარანტად, ერეკლეს წინადადებით, იმის გამო, რომ მისი ერთადერთი ვაჟი ალექსანდრე გარდაცვლილი იყო, სოლომონ I კისრულობდა, იმერეთის ტახტის მემკვიდრედ მისი ძმისშვილი და ერეკლეს შვილიშვილი ქალიშვილის მხრიდან, დავით არჩილის ძე გამოეცხადებინა. შეთანხმება მოხდა. ეს იყო მეტად ბრძნული, ეროვნული და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სოლომონთან ქართლ–კახეთის იდენტური ხელშეკრულების გაფორმებას, იგი რუსეთის დიპლომატებს ყირიმის საკითხის გასანეიტრალებლად სჭირდებოდათ, რაკი თურქეთთან ომის საშიშროება იდგა. მაგრამ ორნახევარ თვეში რუსეთსა და თურქეთს შორის ომის მოსალოდნელობა მოიხსნა. შესაბამისად მოიხსნა იმერეთთან ტრაქტატის გაფორმების საკითხიც. მართალია, იმ დროს მცირეწლოვნების გამო დავით არჩილის ძეს სამეფოს გაძღოლა არ შეეძლო, მაგრამ ამას შესანიშნავად ასრულებდა მისი მოწიფული და ენერგიული ბიძა სოლომონ I დიდი. მან დავით არჩილის ძე, რომელიც ერეკლეს კარზე იმყოფებოდა, ქუთაისში ჩაიყვანა, რათა სახელმწიფო საქმეებში გაერკვია.

ამგვარად ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების ახალი პროექტი, სადაც უდროოდ დაღუპულ ლევან ბატონიშვილს, იმერეთის ტახტის მემკვიდრე დავით არჩილის ძე ჩაენაცვლა. ახალი გეგმა შესასრულებლად უფრო მარტივი ჩანდა, რადგან დავით არჩილის ძეს შეეძლო ლეგიტიმური უფლებები წამოეყენებინა, როგორც იმერეთზე, ისე ქართლ–კახეთის ტახტზე და ისინი დინასტიურად გაეერთიანებინა.

ამ თვალსაზრისით მეტად ნიშანდობლივია ერეკლეს პასუხი მასთან შემოერთების წინადადებით ჩამოსულ იმერეთის ფეოდალთა დელეგაციასთან: ” თხოვასა ამასა ვერ მივიღებ: მტერი მადგას კარსა. ვერ გავიხდი ახალსა მტერსა, რომელიცა უნდა იყოს შვილიშვილი ჩემი იმერთა ტახტისთვის განმზადებული, – დესპანნო წარვედით და იმერთა ერსა გამოუცხადეთ, რომ დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილიშვილსა ჩემსა და ესრეთისა კავშირითა თავით–თვისით იქმნება, ერთობა იმერეთისა ქართლისა თანა”.

როგორც ვხედავთ, აქ ნათლად ჩანს გადაწყვეტილების მიმღებთა საბოლოო მიზანი – საქართველოს გაერთიანება.

ახლა მეორე უბედურებამ შეაფერხა საქართველოს გაერთიანების გონივრულად ჩაფიქრებული პროექტი.

მოულოდნელად გარდაიცვალა იმერეთის სახელოვანი მეფე და საქართველოს გაერთიანების ერთ–ერთი ბურჯი, სოლომონ დიდი.

Heraclius_II_of_Eastern_Georgia

ერეკლე II

იმერეთის მეფის გარდაცვალებიდან მერვე დღეს, 1784 წლის 30 აპრილს, დიდებულებმა იმერეთის ტახტზე გარდაცვლილი მეფის ბიძაშვილი დავით გიორგის ძე აიყვანეს. ეს სოლომონის ანდერძის უგულებელყოფა და ერეკლეს საწინააღმდეგო აქტი იყო. იმერეთის დიდმა ფეოდალებმა, ცხადია, კარგად იცოდნენ ერეკლესა და სოლომონის შეთანხმების ამბავი. მათ ანდერძის მიხედვით რომ ემოქმედათ და იმერეთის ტახტზე ერეკლეს შვილიშვილი აეყვანათ, ეს იმერეთში ერეკლეს გავლენას გააძლიერებდა. ერეკლე თვითმპყრობელი, ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების და ფეოდალთა უფლებების შეზღუდვის მომხრე იყო. ასეთი მმართველობა ფეოდალებს არ აწყობდათ და ამის მიზეზი იყო, რომ იმერეთის მეფის გარდაცვალების ამბავი ქართლ–კახეთის მეფეს მანამდე არ შეატყობინეს, ვიდრე ტახტზე თავისი ფავორიტი, დავით გიორგის ძე არ აიყვანეს.

ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებდა ქართლ–კახეთის მეფე, იმერეთიდან სამგლოვიარო ცნობა დროულად რომ მიეღო, მაგრამ დავით გიორგის ძის ტახტზე ყოფნის პირობებში, საქმეში ჩარევა იმერეთში არეულობას გამოიწვევდა. ეს მითუმეტეს არ შეიძლებოდა, რომ დავით არჩილის ძე არასრულწლოვანი იყო. თუმცა ერეკლე მომხდარ ფაქტს არ შერიგებია და საქმეში თავისი შვილიშვილის სრულწლოვნების შემდეგ აპირებდა ჩარევას.

დავით გიორგის ძემ ფეოდალთა იმედები არ გაამართლა. იგი მიცემული დაპირებების შესრულებას არ ჩქარობდა. იმერეთში ვითარება დაიძაბა. მეფის მდგომარეობა არამყარი იყო. ასეთი გაურკვეველი ვითარება თითქმის 5 წელი გაგრძელდა. ამასობაში დავით არჩილის ძეც წამოიზარდა და განაწყენებული ფეოდალები ახლა მას დაუკავშირდნენ და მის გამეფებას ცდილობდნენ. იმერეთში პოლიტიკური არეულობა სოციალურ არასტაბილურობას გადაეჭდო. თავადაზნაურთა უკონტროლობამ და თავაშვებულობამ პირველ რიგში გლეხთა მდგომარეობის დამძიმება განაპირობა. ამან დიდი სოციალური აღელვება გამოიწვია, რაც ანტიფეოდალურ მოძრაობაში გადაიზარდა. დავით არჩილის ძის ბანაკელები მოხერხებულად დაუკავშირდნენ სოციალურ ბრძოლას და იგი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენეს.

1786 წლის იანვარში იმერეთის ტახტისთვის ბრძოლა კიდევ ერთხელ განახლდა. ამჯერად ერეკლემ შესაძლებლად ჩათვალა, თავისი შვილიშვილის გამეფებაში დახმარებოდა. მაგრამ საქმე იმჯერად საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყდა. მოგვიანებით ერეკლემ გამოიყენა სამეგრელოს მთავრის და დავით გიორგის ძის დაპირისპირება, დადიანს ჯარები მიაშველა, რომელმაც სოფელ მათხოჯთან დავით მეფე დაამარცხა და იმერეთის ტახტი 1789 წლის ივლისში დავით არჩილის ძემ დაიკავა სოლომონ II–ის სახელით.

მალე დავით გიორგის ძემ ახალციხის ფაშის დახმარებით ტახტი კიდევ ერთხელ დაიბრუნა. ამჯერად ერეკლემ უშუალოდ გადაწყვიტა შვილიშვილის მხარდაჭერა და ჯარებს ტავი მოუყარა. ამ დროს მოხდა ფაქტი, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში საბოლოოდ არ არის შეფასებული.

1280px-Telavi.3.2009

ერეკლე II–ის სასახლე

1790 წელს ქართლ–კახეთის მეფეს იმერელ ფეოდალთა დელეგაცია ეწვია და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება შესთავაზა.

ერეკლემ დარბაზის სხდომა შეკრიბა და იმერელთა წინადადება განსახილველად დააყენა. ორი დღე გრძელდებოდა ცხარე მსჯელობა და კამათი. დარბაზის წევრთა დიდი ნაწილი იმერელ ფეოდალთა წინადადების მომხრე იყო, ნაწილი – წინააღმდეგი.

ერეკლემ ყველას გულდასმით მოუსმინა და სხდომა ისე დატოვა, რომ აზრი არ გამოუთქვამს, მესამე დღეს კი მეორედ მოწვეული დარბაზის სხდომაზე იმერელ დელეგატებს უარყოფითი პასუხი აუწყა.

ისტორიოგრაფიაში ქართლ–კახეთის მეფის გადაწყვეტილება დიდ შეცდომადაა მიჩნეული. ჩვენს მიერ განხილული მასალის ფონზე ვფიქრობთ, რომ ერეკლეს არჩევანი სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი იყო. ძნელი დასაჯერებელია, რომ პარტიკულარისტულად განწყობილი იმერელი ფეოდალები სამეფო ხელისუფლების განმტკიცების მომხრე და მსურველი ყოფილიყვნენ.

რომ მთელი ეს წამოწყება იმერეთში ერეკლეს შვილიშვილის, ტახტის კანონიერი მემკვიდრის, დავით არჩილის ძის გამეფების საწინააღმდეგო აქცია იყო, ამას იმერლები, ფაქტობრივად, ღიად აცხადებდნენ. პ. იოსელიანის რწმუნებით “ესენი (იმერელი დელეგატები) ითხოვდნენ, რადგან არ ჰსურს მეფეს ირაკლის დავით მიმტაცებელი ტახტისა, ინებოს და შეიერთოს თვისად სამეფოდ იმერეთი”. ამ სიტყვებიდან აშკარაა, რომ დელეგატთა მთავარი ამოცანა სოლომონ II–ის მიერ იმერეთის ტახტის მეორედ დაკავების ბლოკირება იყო. მათ მეფედ დავით გიორგის ძე სურდათ. ეს სურვილი გასაგებია. იგი ფეოდალებმა გაამეფეს, რათა მცირეწლოვანი ტახტის მემკვიდრის სამეფოს სათავეში დასმით იმერეთში ერეკლეს ძალაუფლება და ანტიფეოდალური, ერთმმართველური, თვითმპყრობელური პოლიტიკა არ დამყარებულიყო. დავით გიორგის ძე ხომ, სოლომონის ანდერძის საწინააღმდეგოდ, ფეოდალებმა გაამეფეს და იმედოვნებდნენ, რომ იგი მათი დამჯერე და ერთგული იქნებოდა. გელათში დადებული ერთგულების ფიცის გარდა, ახალგაზრდა პრეტენდენტს მნიშვნელოვანი მატერიალური წახალისების გარანტიც გამოართვეს. მართალია, თავიდან ახალ მეფეს პირობების შესრულება არ სურდა, მაგრამ დიდმა ფეოდალებმა სათანადო ღონისძიებები მიიღეს, რათა მომავალში მათი ხელდებული მეფის თვითნებობა აღეკვეთათ.

ახლა გასარკვევია, რატომ ერჩივნათ იმერელ ფეოდალებს ერეკლეს ბატონობა დავით არჩილისძისას. უნდა ვიფიქროთ, რომ მცირე პერიოდში, რაც უკანასკნელმა მეფობაში გაატარა, მტკიცე თვისებები და ერთმმართველური მიდრეკილებები გამოამჟღავნა. ტახტზე ფეხს რომ მოიკიდებდა, ცხადია, იგი ამ მიმართულებით სვლას უფრო ენერგიულად გააგრძელებდა.

King_Solomon_II_of_Imereti_Georgia

დავით არჩილის ძე (სოლომონ II)

რაც შეეხება ერეკლეს, აქაც იმერელ ფეოდალთა ინტერესები ნათელია, ერეკლე ამ დროს საკმაოდ მოხუცი იყო და ქართლ–კახეთის კარზე დარეჯან დედოფლის, ბატონიშვილების და მათი მომხრეების მიერ შექმნილი თავაშვებულობის, თავნებობის შედეგად დამყარებული ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა. მოხუც ერეკლეს მათი გამკლავება ეძნელებოდა. იმერელმა ფეოდალებმა კარგად იცოდნენ, თუ ერეკლეს ქართლ–კახეთში უჭირდა ქვეყნის სადავეების მტკიცედ დაჭერა, იმერეთში, სადაც იგი მემკვიდრე მეფე კი არა, ფაქტობრივად ფეოდალთა დასმული იქნებოდა, ამის გაკეთებას მითუმეტეს ვერ შეძლებდა. თუ ფეოდალთა გათვლა არ გამართლდებოდა და ერეკლეს ნავარაუდევ დამჯერებლობას არ გამოიჩენდა, ფეოდალთა შემოთავაზებული პირობების მიხედვით, მათ ამ პრობლემის გადაჭრა არ გაუჭირდებოდათ: “უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა და შეუდგება უწესობა, სავნო ქართლისათვის და მეფობისა თქვენსთვის, მაშინ თქვენც უბოძეთ იმერთა ნება იყოლიონ თავისად მეფე თვისი” – ცხადია იგულისხმება მათი მორჩილი დავით გიორგის ძე.

ამრიგად, ნათელია, რომ ერეკლეს გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დავით არჩილის ძის მიმართ საქართველოს დინასტიური გაერთიანების თაობაზე მის გეგმებს.

გამოცდილმა ერეკლემ ყველაფერი ეს შესანიშნავად იცოდა, ამიტომაც განაცხადა უარი ორპირულად შემოთავაზებულ წინადადებაზე. “დესპანნო წარვედით და იმერთა ერსა გამოუცხადეთ, რომ დავსვამ იმერეთის ტახტზედ შვილიშვილსა ჩემსა და ესრეთის კავშირითა თავით თვისით იქმნება, ერთობა იმერეთისა ქართლისა თანა”.

ამ სიტყვებიდან შეფარვით შეიძლება ის აზრიც ვიგულისხმოთ, რომ ერეკლეს კვლავ ჰქონდა იმედი, რომ იმერეთის ტახტზე თავისი შვილიშვილის დასმით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანების საკითხს გადაწყვეტდა. როგორ განვითარდებოდა მოვლენები შემდგომ, ძნელი სათქმელია. ფაქტი ის არის, რომ იმერეთის ტახტზე სოლომონ II–ის განმტკიცებისთანავე შეიქმნა საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – ივერიელ მეფეთა და მთავართა 1790 წლის შეთანხმება, რომელიც საქართველოს ფედერაციულ საფუძველზე ფაქტობრივ გაერთიანებას ნიშნავდა.

მაგრამ ამ საქმეს შემდგომი განვითარება არ ეწერა. საქართველო ახალი უმძიმესი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*