სოფელი, რომელიც ხეოფსის პირამიდაზე 2500 წლით ძველია

ეგვიპტეში, ნილოსის დელტაში უძველესი სოფლის ნაშთები იპოვეს, რომელიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. ის 2500 წლით უფრო ძველია, ვიდრე რეგიონის ძეგლებში ერთ–ერთი უძველესი ხეოფსის პირამიდა. ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნეოლითური ხანის სოფელი, რომელიც კაიროს ჩრდილოეთით 140 კილომეტრში მდებარეობს, დაახლოებით 7000 წლის წინანდელია.

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ფრანგი და ეგვიპტელი მკვლევარებისგან შედგება, მიაკვლია კერამიკისა და ქვის იარაღებს, მარცვლეულის შესანახ ორმოებსა და ორგანულ ნარჩენებს, მათ შორის ცხოველთა ძვლებსა და მცენარეთა ნაშთებს.

ნადია ხედრი, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს წარმომადგენელი: “აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალების ანალიზი ნათელ სურათს გვაძლევს როგორც ნილოსის დელტის პირველი საზოგადოებების, ისე ეგვიპტეში სოფლის მეურნეობის წარმოშობის შესახებ”.

მკვლევართა აზრით, აქ სოფლის მეურნეობა წვიმაზე იყო დამოკიდებული. ნასოფლარის შესწავლამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს ნილოსის დელტაში ათასწლეულების წინ განვითარებული, საირიგაციო სისტემაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის წარმოშობის საიდუმლოს. ეს აგრეთვე შესაძლებელს გახდის, უკეთ შეისწავლონ ის პრეისტორიული საზოგადოებები, რომლებიც ნილოსის დელტაში, სულ მცირე, ორი ათასწლეულით ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე ფარაონი მენესი ზემო და ქვემო ეგვიპტეს გააერთიანებდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*