სტეპველი – ხუროთმოძღვრება ყირამალა

სტეპველი – ჭის ან ტბორის გარშემო სიღრმეში საფეხურებამდე ჩამავალი ნაგებობა – ძირითადად დასავლეთ ინდოეთის ვრცელ გვალვიან რაიონებში და პაკისტანში გვხვდება. მთავარი, რაც ჩვეულებრივი ჭისგან სტეპველის განასხვავებს, ადამიანისთვის წყლამდე მიღწევის სიადვილეა. აქაურ ენებზე სტეპველებს ჰქვია ბაორი, ბაოლი, ვავი, კალიანი, პუშკარანი და სხვ.

მრავალი საუკუნეა, წყლის სეზონურ უკმარისობასთან გასამკლავებლად, რეგიონში საფეხურებიანი ჭები ამოჰყავთ. ეს ტრადიციული ნაგებობაა, რომელიც შეიძლება იყოს სავსებით უბრალო, არქიტექტურულად მდიდრულად შემკული, ან სულაც სატაძრო წყლის რეზერვუარს წარმოადგენდეს. სტეპველი ასევე შეიძლება იყოს მრავალსართულიანი, სადაც წყალი ბორბლების საშუალებით ააქვთ ზედა სართულებზე.

მშენებლები, ღრმა თხრილის ამოღების შემდეგ, კედლებსა და წყლისკენ მიმავალ კიბის საფეხურებს აგებდნენ ქვის ბლოკებით, ხსნარის გარეშე. შენობათა უმეტესობა გათვალისწინებულია არა მარტო წყლის დასალევად, არამედ დასვენებისთვის, გასაგრილებლად, რისთვისაც განსაკუთრებით მოსახერხებელი თაღებიანი ნაგებობა იყო. გადახურული სტეპველები საზოგადოებრივი თავშეყრისა თუ რელიგიური ცერემონიების ადგილებს წარმოადგენდა.

წყალს ინდოეთში ძირითადად ქალები ეზიდებოდნენ. შესაბამისად, ისინი უფრო ხშირად ლოცულობდნენ, შესაწირავს უძღვნიდნენ ჭების მფარველ ქალღმერთებს. საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივად წარმოიშვა სხვადასხვა ადგილებთან დაკავშირებული არქიტექტურული და დეკორატიული თავისებურებანი. ჭების გარშემო აგებული შემკული გალერეები თუ გასასვლელები საგულდაგულოდ მოფიქრებული დეტალებით, ცხელი დღის ხვატში მოსასვენებელ წყნარ, გრილ ადგილებად იქცა.

პირველი ნაგებობები აგურის ცილინდრული ჭების სახით მდინარე ინდის დაბლობის ცივილიზაციებში, ძირითადად, მღვიმეებთან იგებოდა II-IV საუკუნეებში. ველებზე სტეპველის ტიპის ნაგებობები ჯერ ხის, ხოლო შემდეგ ქვის საფეხურებით, რაჯკოტიდან (550–625 წწ.) და გუჯარათიდან (დაახლოებით 600 წ.) ინდოეთის ჩრდილოეთსა და დასავლეთში გავრცელდა. ხის საფეხურებიანი ჭების მშენებლობამ პიკს მუსლიმანური მმართველობის დროს მიაღწია XI-XVI საუკუნეებში. გუჯარათის სტეპველ მატა ბჰავანის კიბის ნაწილი XI საუკუნისაა, მრავალსართულიანი ღია პავილიონების სვეტები, ძელები და სხვა დეტალები რთული ორნამენტითაა შემკული.

მოგოლი მმართველები ხელს უწყობდნენ ველების ასეთი დახურული ჭების მშენებლობას. ბრიტანელების დროს კი ისინი ნაკლებად ჰიგიენურად მიიჩნიეს და ახალი წყლის მისაწოდებლად ტექნიკური საშუალებებითაც აღჭურვეს.

2016 წელს დაიწყეს სტეპველების ატლასში მათი კოორდინატების შეტანა. ინდოეთში მათი რაოდენობა 2 ათასს აღემატება. ყველაზე ცნობილი სტეპველებია აგრასენ კი ბაოლი და რაჯონ კი ბაოლი (ნიუ დელი), ჩანდ ბაორი (ჯაიპური), რანი კი ვავი, ადალაი ნი ვავი (გუჯარათი) და მრავალი სხვა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*