სულთნის აფრიკული სასახლე

X-XV საუკუნეებში აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ასობით სავაჭრო ქალაქი იყო, სადაც აფრიკის საგანძურით ვაჭრობდნენ – მათ შორის, სპილოს ძვლით, ოქროთი, მონებით. მათ შორის ყველაზე მდიდარ და გავლენიან ქალაქებს შორის იყო კილვა–კისივანი, რომელიც ტანზანიის სანაპიროსთან, კუნძულზე მდებარეობდა. კილვამ აყვავების ხანას XIV საუკუნის დასაწყისსა და XV საუკუნეში მიაღწია, როცა სულთანმა ალ–ჰასან იბნ სულეიმანმა აქ მასიური ციხესიმაგრე და სასახლე ააგო, სახელწოდებით ჰუსუნი კუბვა.

ციხესიმაგრე მარჯნის ქვისგან ააგეს, ციცაბო კლდეზე, რომელსაც ინდოეთის ოკეანე აკრავს. ზღვისპირა მხარის სტუმრებს მის ძლიერებასა და სიმდიდრეზე, ოდესღაც, სწორედ ეს ძლიერი სასახლე უქმნიდა წარმოდგენას. სამხრეთის ეზო ძირითადად ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა. მეორე სართულზე განთავსებული იყო ოთახები პატივსაცემი სტუმრებისთვის – მოგზაურებისა და ვაჭრებისთვის. სასახლის სახურავზე ტერასები იყო. საცხოვრებელ ოთახებს სწორი სახურავისა და უნიკალური საცავებით ნიში, თაროები და გობელენები ამკობდა. ორნამენტების ფრაგმენტები, რომლებიც სასახლეს ამშვენებდა, დღემდე შემორჩა.

სასახლესთან იყო სულთნის რვაკუთხა აუზი, 90 ათასი ლიტრის ტევადობით. ჩრდილო–დასავლეთით მდებარე მეჩეთთან კი კიბე ჩადიოდა. ასეთი პატარა მეჩეთი, ხედით ზღვაზე, რომლის შემჩნევაც იოლად შეეძლოთ მეზღვაურებს, ამ კუნძულებზე იშვიათობას არ წარმოადგენდა.

იუნესკომ ჰუსუნი კუბვა 1981 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*