სულხან–საბა ორბელიანი – რამდენიმე იგავ–არაკი

ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ–ხუთი კირმანეული. ცხოვარსა პატრონმან ექვს–ექვსი სთხოვა. შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო. თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მოუღო ვაჭარსა: ორორი კირმანეული მომეც. მოგცემო! ანუ ვინღა მისცემდა ვერცხლსა, ანუ ვისღა მისყიდდა?

ცხრილიანი კაცი

კაცი ერთი მდინარისა კიდესა ჯდა და ცხრილი ხელთ ჰქონდა. ჩაჰყვის ცხრილი წყალთა და რა აივსის, თქვის: ვისაც ღმერთი მისცემს, ესრეთ მოსცემსო. ამოიღო ცხრილი, და რა წყალი გაედინის, თქვის: ვისაც წაართმევს, ესრეთ წაართმევსო.

– ღმერთმან ბედი კარზედ გვისვიანაო.

საჭურისი ალაბიდამ 

იყო დიდებული ქალაქსა ალაბისისა და ყვა საჭურისი ერთი. დიდი გულითადი იყო. და ერთი სხვა მონა იყო მის კაცისა, სახითა და ზროთი მსგავსი მის საჭურისისა. დიდად მოყვარენი იყვნენ ორთავე. შეკრეს პირი. საჭურისი შეადგა ცოლსა თავის პატრონისასა და ეტყოდა:

– მე ვიცი, უფალსა ჩემსა ნებავს განტევება შენი და შერთვა სხვისა. თავს ეწიე!

ცნობასუსტი დიაცი აცდუნა და გამოუცვალა სიყვარული სიძულვილად. უთხრა ქალმან მან:

– რადგან ჩემი ეგრე კეთილის მდომე ხარ, თუცა ქმარი მიტევებს, მითხარ, რა მიჯობს, რა ვყო?

რქვა საჭურისმან:

– მე ესეთი წამალი მოგცე, ფერხთა შესცხო, წამსავე მოკვდეს, და ესე მოყვასი ჩემი, შვენიერი და კეთილი კაცი, და იგი შეირთე, და იყოს ნებისა შენისა!

სცდა ქალი იგი, მოკლა ქმარი თვისი და იგი კაცი მის წილ შეირთო და ყოველი მონაგები მისი მას მისცა.

ჯოჯოხეთში დაუტევნელი

კაცი ვინმე იყო ყოვლისა ბოროტისა მოქმედი და დიდად მლოცავი. რა ბოროტისაგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი.

მოვიდა ანგელოზი და უთხრა კაცსა მას: ავნაქმართა შენთათვის სამოთხე არ მოგცა უფალმან და, რადგან ესრეთ მლოცავი ხარ, სამოთხისა კიდე, რაცა ითხოვო, მოგცესო.

მან კაცმან ესრეთ უთხრა:

– თუცა სამოთხე არ მომეცემის და სხვას სათხოვარს აღმისრულებს, ესრეთ დიდი შემქნას, ჩემგან მეტი ჯოჯოხეთში ვერავინ დაეტიოს!

ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისევ სამოთხე მისცა მას კაცსა.

უტკბესი და უმწარესი

ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!

წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა.

უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არა იპოვებოდესო!

წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.

უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო!

მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარან ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.

მეფე და მხატვარი

მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა. უბრძანა:

– მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო!

თქვა გულსა შინა მხატვარმან: აჰა, მოვიდა დღე აღსასრულისა ჩემისაო, თუ ბრმა დავხატო, მომკლავს: ვით მკადრეო, და თუცა ორთვალი, მომკლავს: ოდეს არს მსგავსი ჩემიო?

მოიპოვა ესე ღონე: დახატა ირემი და მეფესა ხელთ თოფი მისცა, ბრმა თვალი დაუხუჭა და მიართვა მეფესა. ამ საქმეს მიზეზი ვერ ჰპოვა, და მორჩა მხატვარი იგი.

ქურდი და მკერვალი

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა გაეღვიძა, შეშინდა. შვილს უთხრა: როდესაც შემატყო მაკრატელთა ხმარებასა შიგან პარვა, ხე მომაგონეო!

ერთმან დიდებულმან ერთი უცხო ოქროსქსოვილი გამოაჭრევინა. რა პარვა დაიწყო, შვილმან ხე მოაგონა. ეწყინა მკერვალსა და მაკრატელი პირში ჩასცა, ეგრე უთხრა: ამისთანა ნაქსოვი როდის ეკიდა მას ხეზედანო?

მთიული და კაკლის ხე

კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არ ენახა.

ჩამოვიდა ბართა ადგილთა, წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწონა და ღმერთს მადლი მისცა: ყველა კარგად გაგირიგებია და ეს ავადო; ცოტას ბალახისათვის ნესვი მიგიბამს და დიდის ხისათვის ნიგოზიო.

მიიარ–მოიარა და ნიგოზთა ძირსა დაეძინა. მოვიდა ყვავი, ზე შემოჯდა, კაკალი ჩამოაგდო. მას კაცსა შუბლს დაეცა და გაუტეხა. აღდგა კაცი იგი და თქვა: ღმერთო, შენ უკეთ გაგირიგებიაო. თუ აქ ამისგან უდიდესი ბმოდა, თავს გამიჭყლეტდაო!

Leave a comment

Your email address will not be published.


*