ტალინის ეკლესია 76 წელიწადს იყო მსოფლიოს უმაღლესი შენობა

ტალინის წმინდა ოლაფის ეკლესია (ესტონურად – ოლევისტეს ეკლესია. Oleviste kirik) XIII საუკუნეშია აგებული. ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა გახლდათ 1549-1625 წლებში. მანამდე ყველაზე მაღალი იყო ლინკოლნის ტაძარი ინგლისში, რომელმაც ხეოფსის პირამიდას 1311 წელს გადაასწრო. ოლევისტეს ხანძრის შემდეგ კი მსოფლიოს უმაღლესი შენობა გახდა წმინდა მარიამის ეკლესია გერმანიის ქალაქ შტარლზუნდში.

ოლაფის ეკლესია პირველად 1267 წელს იხსენიება. შენობა ააგეს ტალინის სკანდინავიელ სოვდაგართა სავაჭრო ეზოს ტერიტორიაზე, ნორვეგიის მეფის ოლაფ ჰარალდსონის სახელზე.

წმინდა ოლაფი ანუ ოლაფ II, იგივე ოლაფი სქელი (995-1030 წწ.) გახლდათ ჰარალდ გრენლანდიელის ვაჟი, ჰორფაგერთა დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც 1015-1028 წლებში მეფობდა. იგი სკანდინავიელთათვის ადრექრისტიანული ეპოქის ერთ-ერთი დიდი წმინდანია, მას ეძღვნება “საგა წმინდა ოლაფზე”, რომელსაც პატივს მიაგებს მართლმადიდებელი ეკლესიაც.

წმინდა ოლაფის ეკლესიის მრევლს თავდაპირველად სკანდინავიელი ვაჭრები შეადგენდნენ, რომლებიც მას ინახავდნენ კიდეც. ეკლესიას მეურვეობას უწევდა ე.წ. ცისტერციანელთა კათოლიკური მონაზვნური ორდენის (დაარსებულია ბენედიქტელი ბერების მიერ 1098 წელს, მოქმედებს დღესაც) მონასტერი.

1420 წელს ტაძარი გააფართოეს და მნიშვნელოვნად გადააკეთეს – ააგეს ახალი ქოროები, ხოლო ძირითადი შენობა აქციეს ბაზილიკად დიდი, ოთხკუთხა სვეტებით. მთავარი ნავის თაღები გახდა ვარსკვლავისებრი, გვერდითა ნავებისა კი – ჯვრისებრი. 1513-1523 წლებში ეკლესიას გვიანი გოტიკის სტილში მიაშენეს მარიამ ღვთისმშობლის კაპელა, რომლის კედელში არის ამგების კენოტაფი (ანუ საპატიო ცარიელი აკლდამა) და ქრისტეს ვნების ამსახველი რვა რელიეფური გამოსახულება. 1524 წელს ტალინში დაწყებული რეგორმაციის შედეგად, ეკლესია ლუთერანული გახდა და გერმანული ლუთერანული თემის საკუთრებას წარმოადგენდა.

XVI საუკუნის დასაწყისისთვის მთავარი კოშკის შპილის სიმაღლე 158,4 მეტრს აღწევდა და როცა ლინკოლნის ტაძრის 159,7-მეტრიანი შპილი ჩამოინგრა 1549 წელს, წმინდა ოლაფის ეკლესია მსოფლიოს ყელაზე მაღალი ნაგებობა გახდა – 1625 წლის ხანძრამდე. ამის შემდეგ ყველაზე მაღალი გახდა 151 მეტრი სიმაღლის შტარლზუნდის წმინდა მარიამის ეკლესია, რომელმაც ასევე ხანძრის გამო 1647 წელს პირველობა სტრასბურგის ტაძარს დაუთმო (დღეს ლინკოლნის ტაძრის სიმაღლე 83 მეტრია, ხოლო შტარლზუნდისა – 104).

ოლევისტეს ეკლესიის შპილი ძალიან შორიდან ჩანდა და კარგი ორიენტირი იყო გემებისთვის. თუმცა მისი სიმაღლე ავდარში დიდ საშიშროებასაც ქმნიდა – მეხი რვაჯერ დაეცა, რაც სამჯერ დასრულდა დამანგრეველი ხანძრით. ასეთ დროს ცეცხლის ალი ფინეთის სანაპიროებიდანაც კი ჩანდა. რამდენჯერმე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ტაძრის შპილის საბოლოო სიმაღლე 123,7 მეტრია. ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილებით, ტალინის ცენტრში აკრძალულია ოლევისტეზე მაღალი შენობის აგება.

1944 წელს ეკლესია გადაეცა ევანგელისტ ბაპტისტთა თემს, რომელთაც იგი საზეიმოდ გახსნეს 1950 წლის 17 სექტემბერს. 1981 წელს ეკლესიას მიაშენეს დიდი ბაპტისტერიუმი. ეკლესიას აქვს შესანიშნავი აკუსტიკა, მუდმივად უკრავს ორგანი და გამოდიან მგალობელთა გუნდები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*