ტერაკოტის არმია ძველმა ბერძნებმა შექმნეს?

ცნობილი ჩინური ტერაკოტის არმია, გამომწვარი თიხისგან დამზადებული მებრძოლების, მათი ცხენებისა და იარაღის ქანდაკებები, ჩინელებს შესაძლოა ბერძენი მხატვრებისა და მოქანდაკეების დახმარებით შეექმნათ. ასეთ სენსაციურ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები. ისინი ფიქრობენ, რომ ბერძენი ხელოვანები ჩინეთში ცნობილ მოგზაურზე, მარკო პოლოზე 1500 წლით ადრე მოხვდნენ.

qinshihuangdi

ჩინეთის პირველი იმპერატორი ცინ ში ხუანდი

სიახლე ორ არგუმენტს ემყარება: იმპერატორის პერიოდში, სინცზიანის პროვინციაში, ევროპული დნმ–ის აღმოჩენას და ნატურალური ზომის სტატუების მოულოდნელ გამოჩენას. ცნობილია, რომ იმ დროს ჩინეთში ადამიანის მხოლოდ მცირე ზომის ფიგურებს ამზადებდნენ, 20 სანტიმეტრი სიმაღლისას. მაგრამ პირველი იმპერატორის, ცინ ში ხუანდის სამარხთან, რომელმაც ძვ. წ. 221 წელს გააერთიანა ქვეყანა, აღმოჩნდა ნატურალური ზომის, ტერაკოტის 8 ათასამდე ჯარისკაცის სკულპტურა.

ფილმში “დედამიწის უდიდესი სასაფლაო – ძველი ჩინეთის საიდუმლოებები”, რომელიც მალე BBC-ზე გავა, განხილულია თეორია, რომ ცინ ში ხუანდი და ჩინელი მხატვრები, შესაძლოა იმ ბერძენი მხატვრებისა და მოქანდაკეების გავლენის ქვეშ მოექცნენ, რომლებიც ცენტრალურ აზიაში ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთზე ლაშქრობების შემდეგ გამოჩნდნენ. მკვლევარები ასევე ვარაუდობენ, რომ ტერაკოტის არმიის ჯარისკაცების სტატუების დამზადებაში ბერძენი მხატვრები მონაწილეობდნენ.

ლუკას ნიკელი, ვენის უნივერსიტეტის აზიური კულტურის მკვლევარი, პროფესორი: “ვფიქრობ, ბერძენი სკულპტორი ადგილზე იმყოფებოდა და პირადად ასწავლიდა იქაურ მოსახლეობას”.

თეორიის კიდევ ერთ მტკიცებულებად მოჰყავთ სამარხის მიმდებარედ ნაპოვნი ბრინჯაოსგან დამზადებული ფრინველების ფიგურები. ისინი უკვე მივიწყებული, ცვილის ფერწერის ტექნიკის გამოყენებით დაამზადეს, რომელსაც მხოლოდ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში იყენებდნენ.

ეს იყო გარღვევა სკულპტურაში, განსაკუთრებით ძველ ათენში ძვ. წ. V საუკუნეში, როცა ქალაქმა განვითარების პიკს მიაღწია. მანამდე ადამიანის ფიგურები იყო მოუქნელი და მკაცრად სტილიზებული, მაგრამ უკვე პართენონის ტაძარზე გამოსახულებები რეალისტურია, ოსტატები ქვაში სახეებს აცოცხლებენ.

ბერძენ ხელოვანთა ეს ტექნიკა მალე დაივიწყეს დიდი ხნით – აღორძინების ეპოქამდე, ვიდრე რენესანსის პერიოდში მოქანდაკეებმა არ დაიწყეს ძველბერძნულ სტილში გამოკვეთა. ერთ–ერთი პირველი მიქელანჯელოს დავითი იყო.

დოქტორი ლი ხიუჟენი იმ ექსპედიციის უპროსი მკვლევარია, რომელიც იმპერატორ ცინ ში ხუანდის სამარხს სწავლობს. მეცნიერი ფიქრობს, რომ სწორედ ბერძენი ხელოვანების გამოჩენამ დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთში განვითარებულ მოვლენებზე.

ლი ხიუჟენი, არქეოლოგიის დოქტორი: “ახლა გვაქვს მტკიცებულებები, რომ აბრეშუმიზ გზის ოფიციალურად დამკვიდრებამდე გაცილებით ადრე არსებობდა მჭიდრო კავშირი ჩინეთის პირველ იმპერატორსა და დასავლეთს შორის. ვფიქრობ, ტერაკოტის არმია, აკრობატები და ბრინჯაოს სკულპტურები, რომელიც ამ არქეოლოგიურ საიტზე ვიპოვეთ, სწორედ ძველბერძნული სკულპტურებითა და ხელოვნების ნიმუშებით არის შთაგონებული”.

ტერაკოტის არმიას, რომელიც 8 ათასამდე ფიგურისგან შედგება, 1974 წელს მიაკვლიეს. ის ჩინეთის პირველი იმპერატორის, ცინ ში ხუანდის სამარხთან ახლოს მდებარეობს და იმპერატორის მავზოლეუმის ნაწილია. უახლესმა გეოფიზიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კომპლექსი გაცილებით დიდია, ვიდრე მკვლევარები აქამდე ვარაუდობდნენ და მნიშვნელოვნად აღემატება ეგვიპტის მეფეთა ველს.

აქვე ნაპოვნია 10 ახალგაზრდა ქალის ცხედარი. ისინი ძვირფასი საიუველირო ნაკეთობებით, ოქროსა და მარგალიტების სამკაულებთან ერთად დაუკრძალავთ. ვარაუდობენ, რომ ეს ახალგაზრდა ქალები იმპერატორის ხარჭები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ დახოცეს და მასთან ერთად დაკრძალეს. სულ სამარხში 99 საფლავია.

ნაპოვნია ახალგაზრდა დიდგვაროვანი მამაკაცის თავის ქალაც, რომელსაც არბალეტით ჭრილობა თავის ქალის უკანა ნაწილში აქვს მიყენებული. როგორც ჩანს, მას ახლო მანძილიდან ესროლეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიკვდილით დასაჯეს. ჩინელი არქეოლოგების ვარაუდით, ეს პირველი იმპერატორის უფროსი ვაჟი, ფუ სუს ნეშტი უნდა იყოს, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ მის სხვა და–ძმებთან ერთად იმპერატორის უფროსმა ვაჟმა ხუ ხაიმ მოაკვლევინა.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*