ტურისტების ნაკადი ტრადიციას დაემუქრება?!

კუნძულ ოკინოსიმაზე ქალების გადასვლა აკრძალულია

იაპონიის კუნძული, რომელზეც ქალების ყოფნა იკრძალება, იუნესკომ შესაძლოა ისტორიული მემკვიდრეობის ნაკრძალთა სიაში შეიტანოს. იუნესკოს საკონსულტაციო კომიტეტმა შესაბამისი რეკომენდაცია უკვე გასცა.

კუნძული ოკინოსიმა, რომელიც იაპონიის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სინტოისტების ერთ–ერთი რელიგიური სიწმინდეა. აქ თითქმის 2 ათასი წელიწადია, რაც სინტოიზმის მიმდევრები მზის ქალღმერთ ამატერასუ ომიკამის ეთაყვანებიან.

ამატერასუ ომიკამისადმი მიძღვნილ ტაძარში ხშირად იმართება რიტუალი, რომელიც ამ ტაძრის ბერების რწმენით, ზღვაში, განსაცდელში მყოფ მეზღვაურებს იცავს და ეხმარება.

კუნძულზე ყოფნა და სტუმრობა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. აგრეთვე, კატეგორიულად იკრძალება კუნძულიდან რაიმე ნივთის გატანა და ეს რელიგიური აკრძალვები დღემდე მოქმედებს. კუნძულზე სტუმრად ჩასული მამაკაცები სპეციალურ პროცედურას გადიან – ისინი სრულად შიშვლდებიან და განწმენდის რიტუალს ასრულებენ. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ მათ კუნძულის დათვალიერების უფლება, იმ პირობით, რომ აქ ნანახს არავის მოუყვებიან.

თუ კუნძული იუნესკოს ისტორიული მემკვიდრეობის სიაში მოხვდება, მას მოსანახულებლად უამრავი ტურისტი დაიძვრება და აკრძალვების ტრადიციების დაცვა გაძნელდება. შესაძლოა ზოგიერთი ტრადიცია შერბილდეს, მაგრამ სინტოისტი ბერები ამბობენ, რომ ქალების შესვლის აკრძალვას დაიცავენ, თუნდაც კუნძული იუნესკოს ნუსხიდან ამოიღონ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*