ტყავის ჩაფხუტების პირამიდა

1919 წელს გადაღებულ ფოტოზე ნიუ–იორკის ცენტრალური რკინიგზის თანამშრომლები “გამარჯვების გზას” დღესასწაულობდნენ. ეს ხდება პარკ ავენიუზე, ცენტრალური ტერმინალის წინ გერმანული პიკელჰელმებისგან აგებულ პირამიდასთან. პიკელჰელმი არის ტყავის ჩაფხუტი შუბისებრი წვეტით, რომელსაც XIX-XX საუკუნეებში ატარებდნენ გერმანელი, ინგლისელი და რუსი სამხედროები, პოლიციელები და მეხანძრეები. პიკელჰელმები ხშირად ასოცირდებოდა პრუსიულ და გერმანელ იმპერიულ არმიებთან.

პარკ ავენიუს პირამიდა 12 ათასი პიკელჰელმისგან შედგებოდა. ჩაფხუტები კარკასზე იყო დამაგრებული. ეს ჩაფხუტები გერმანიის საწყობებიდან პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გაგზავნეს, სხვა გერმანულ აღჭურვილობასთან ერთად. ხოლო “გამარჯვების გზა” პარკ ავენიუზე სამხედრო სესხისთვის ფულის შესაკრებად დადგეს. აქ გამოფენილი იყო სხვა გერმანული სამხედრო ნადავლიც – მრავალრიცხოვანი დროშები, არწივები სვეტებზე, ზარბაზნები პირამიდის მარცხნივ და მარჯვნივ, ხოლო პირამიდის წვერს გამარჯვების ქალღმერთის ფიგურა ქმნიდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ საზოგადოებაში თავდაპირველად გაჩნდა ეჭვები ამ ღონისძიების მორალურ მხარესთან დაკავშირებით, რადგან არ იყო მითითებული, რომ ჩაფხუტები საწყობებიდან იყო გამოტანილი და არა ბრძოლის ველიდან წამოღებული. ისინი ჯარისკაცებს არასდროს ჰხურებიათ.

გერმანიაში პიკელჰელმი 1914 წლამდე ტყავისგან მზადდებოდა. ომის გამო ქვეყანაში ტყავის მარაგი მალე ამოიწურა და მისი გამოშვება ტყავის შემცვლელებისგან დაიწყეს. 1915 წელს ზოგი სახის პიკელჰელმი ფოლადის თხელი ფურცლისგან მზადდებოდა, თუმცა სარდლობას სულ უფრო მეტი და მეტი სჭირდებოდა და მასალად ჯერ ქეჩის, შემდეგ კი ქაღალდის გამოყენებაც დაიწყეს. ომის პირველივე თვეებში გაირკვა, რომ პიკელჰელმი სანგრებში ბრძოლის ამოცანებს ვერ პასუხობდა – ნამსხვრევებისგან პრაქტიკულად არ იცავდა, ხოლო ჩაფხუტის წვეტი მფლობელს სულაც სამიზნედ აქცევდა. 1915 წელს შექმნეს მოსახსნელი წვეტი, რომელსაც წინა ხაზზე არ იკეთებდნენ. 1916 წელს პიკელჰელმი თანდათან ფოლადის ჩაფხუტით ჩაანაცვლეს, რამაც თავში ჭრილობებისგან გერმანელ ჯარისკაცთა სიკვდილიანობა 70%–ით შეამცირა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*