უდიდესი მიწისქვეშა ქალაქი კაპადოკიაში

თურქეთში, ცენტრალურ ანატოლიაში, ისტორიული კაპადოკიის ტერიტორიაზე უძველეს მიწისქვეშა ქალაქს მიაკვლიეს. მღვიმური ოთახები და გვირაბები მუშებმა პირველად 2013 წელს შენიშნეს. ისინი აქ ახალ ურბანულ პროექტს იწყებდნენ, ამიტომ ძველი შენობები დაანგრიეს და ახლისთვის დაიწყეს ტერიტორიის გაწმენდა. სწორედ ამ დროს გადააწყდნენ გამოქვაბულებისა და გვირაბების სისტემას ტერიტორიაზე, რომელიც ბიზანტიური ეპოქის კოშკურებით არის შემოსაზღვრული. თუმცა, აღმოჩენა საჯარო მხოლოდ ახლახან გახდა.

მუშები და ინჟინრები ამბობენ, რომ ეს იყო ერთი უზარმაზარი ლაბირინთი, რომელსაც დასასრული არ უჩანდა.

Featured image

მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ ძვ. წ. II-I ათასწლეულებში ააგეს.

მეჰმედ ერგიუნ თურანი (თურქეთის ურბანული განვითარების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი): “ეს უცნობი მიწისქვეშა ქალაქია. გვირაბების სიგრძე კი, მინიმუმ შვიდი კილომეტრი. ჩვენ დაუყოვნებლივ, აღმოჩენისთანავე შევაჩერეთ საამშენებლო სამუშაოები”.

კაპადოკიაში ქვაბულის ტიპის არაერთი ქვაბული თუ სოფელია. თუმცა ის, რასაც ნევშეჰირის პროვინციაში მიაკვლიეს, გაცილებით ძველია და მასშტაბური. იგი იმაზე დიდია, ვიდრე მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ, რომელიც ძვ. წ. აღ–ით II-I ათასწლეულებში ააგეს და რომლის მოსახლეობაც 20 ათასს აღემატებოდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა ქალაქი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, სულ მცირე ძვ. წ. აღ.–ით III ათასწლეულით თარიღდება და 5000 წლისაა.

გვირაბები, რომლებიც საიდუმლო ოთახებს აკავშირებს, დღესაც იმდენად ფართოა, რომ მასში ავტომობილები თავისუფლად იმოძრავებენ.

არქეოლოგიური სამუშაოები ჯერ სრული დატვირთვით არ დაწყებულა, მაგრამ სპეციალისტებმა აქ უკვე უამრავ არტეფაქტს მიაკვლიეს. მიაგნეს შიშიანობისას სამალავ ოთახებსაც, რომლებიც ქალაქს გვირაბებით უკავშირდება.

ნევშეჰირის მერი ჰასან იუნვერი ამბობს, რომ ახალაღმოჩენილთან შედარებით, ყველა ძველი მიწისქვეშა ქალაქი საკუჭნაოსავით გამოიყურება.

ჰასან იუნვერი: “ურბანული პროექტისთვის 75 ჰექტარი იყო გათვალისწინებული. აქედან 45 ჰექტარი ახალაღმოჩენილ მიწისქვეშა ქალაქს უკავია. უკვე გავავლეთ საზღვარი და ოფიციალურად მოხდა ამ ტერიტორიის რეზერვაცია”.

კაპადოკიის რეგიონი და ნევშეჰირიც ცნობილია, როგორც მიწისქვეშა ქალაქების მხარე.

ვინ და როდის ააგო პირველად მიწის ქვეშ დასახლებები, ჯერ ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ფრიგიელებს ან სპარსელებს გაეკეთებინათ ძვ. წ. აღ. XV საუკუნეში. მიწისქვეშა ქალაქების შესახებ ინფორმაცია ისტორიულ წყაროებში პირველად ძვ. წ. აღ. V საუკუნეში გვხვდება.

მეცნიერებმა, რომლებმაც ჯერ მცირე რამ იციან ახალაღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქის შესახებ, ახლა მისი დანიშნულების გარკვევას ცდილობენ. გეოფიზიკური ინჟინერიის პროფესორი ოზგან ცაკირი ერთ–ერთია, ვინც კვლევაში მონაწილეობს. ის ფიქრობს, რომ ქვაბულები და გვირაბები შესაძლოა საკვებისა და სხვა სახის პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა.

ოზგან ცაკირი: “ვვარაუდობთ, რომ ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, ამ გვირაბებსა და მიწისქვეშა ოთახებს ქალაქში პროდუქტების ჩასატანად, ასევე მათ შესანახად იყენებდნენ. ასევე, ვფიქრობთ, რომ ერთ–ერთი გვირაბი ნევშეჰირს კვეთს და დაშორებულ წყლის წყაროს უკავშირდება”.

მიწისქვეშა სისტემის კლიმატი, სადაც ფარენჰაიტის სკალით 55 გრადუსია, ანუ 13 გრადუსი ცელსიუსით, მეცნიერთა აზრით, შესანიშნავია სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და საკვების შესანახად. კაპადოკიის მხარის მოსახლეობა უძველეს მიწისქვეშა ნაგებობებს ხილისა და ბოსტნეულის საწყობად დღესაც იყენებს.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*