უკანასკნელი ვიკინგის მაგიური ხმალი

ძველი ვიკინგები ხმალს მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით არ უყურებდნენ. სასიკვდილო იარაღი და ძლიერების სიმბოლო იყო მამაკაცის სამკაული მაგიური შესაძლებლობებით. ხმალი მეომარს აძლევდა ძალას, თავად მეომრის სიმამაცე კი გადამდები იყო მახვილისთვის. სწორედ ეს აკავშირებდა მამაკაცსა და იარაღს, მეომარსა და ხმალს…

VIKIN4

სმლის სიგრძე 94 სმ–ია. ფოლადის მახვილი დაჟანგულია, თუმცა კარგად არის შემონახული ვადა. მჭედელს ის ოქროთი, ვერცხლითა და სპილენძით მოუვარაყებია. მრავალგვარია ორნამენტებიც: სპირალის მსგავსი, ჯვრისებური, ასევე გვხვდება ასონიშნები, რომელთა კომბინაცია უცნობია.

მაგიურ ხმალს ნორვეგიაში, ეუსტ–აგდერის ოლქში, კერძოდ, ბუგლენში მიაკვლიეს 2011 წელს, თუმცა ამ აღმოჩენაზე აქამდე არაფერი დაწერილა მედიაში და ოსლოს ისტორიის მუზეუმშიც არტეფაქტი ახლახან გამოიფინა. ვიკინგების ეპოქის დასასრულს შექმნილი მართლაც უნიკალური ხმალი მოოქრულია, შემკულია წარწერებითა და ორნამენტებით.

მკვლევართა აზრით, ხმალი მდიდარ ვიკინგ მეომარს ეკუთვნოდა, მაგრამ მათ ჯერ არ აქვთ პასუხი კითხვაზე – ვინ იყო ის, რას გვეუბნება მოოქრული მაგიური წარწერა, ირიცხებოდა თუ არა მისი მფლობელი დანიის მეფე კნუდ II დიდის არმიაში, როდესაც მან 1014–1015 წლებში ინგლისზე გაილაშქრა.

ოსლოს კულტურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი კამილა სესილ ვენი, მაგიური ხმლის აღმოჩენას იხსენებს: “რაღაც უჩვეულოს მოლოდინი გათხრების დაწყებამდე გამიჩნდა. სამარხი უჩვეულოდ დიდი იყო და დანარჩენებისგან დიდად განსხვავდებოდა. შევნიშნეთ ხვრელები და ვივარაუდეთ, რომ სახურავი უნდა ჰქონოდა. სარკოფაგამდე რომ მივედით მხოლოდ ვერცხლის ორი მონეტის ფრაგმენტი, ხმალი და საომარი ნაჯახი დაგვხვდა. მონეტებიდან ერთი ვიკინგების გერმანულ ეპოქას განეკუთვნებოდა, მეორე – ინგლისის მეფე ეთელრედ II უწიგნურის (978–1013 წწ.) პერიოდს. იარაღს მტვრის სქელი ფენა ფარავდა, მაგრამ მაინც შესამჩნევი იყო მათი განსაკუთრებულობა. თუმცა რა დატვირთვა ჰქონდა ნაჯახსა და მახვილს, – გარდაცვლილს მტრისგან თავის დასაცავად ჩაატანეს თუ ძალაუფლების აღსანიშნავად, ჯერ დასადგენია”.

მაგიური ხმლის სიგრძე 94 სანტიმეტრია. ფოლადის მახვილი დაჟანგულია, თუმცა კარგად არის შემონახული ვადა. მჭედელს ის ოქროთი, ვერცხლითა და სპილენძით მოუვარაყებია. მრავალფეროვანია ორნამენტებიც – სპირალისებური, ჯვრისებური, ასევე გვხვდება ასონიშნები, რომელთა კომბინაცია უცნობია.

ვეგარდ ვაიკი, ექსპედიციის კურატორი: “როცა ხმალი ახლოდან შევამოწმეთ, მასზე ხისა და ტყავის ნარჩენებიც ვიპოვეთ. ეს შეიძლება ქარქაშის ნაწილი იყოს”.

images

ვიკინგების საბრძოლო ნაჯახი

ხმლის გაწმენდა და კონსერვაცია სწორედ ვეგარდ ვაიკს დაევალა. მუშაობისას ხმლის ვადაზე მკვლევარებმა პატარა გამოსახულება შენიშნეს: ხელი, რომელსაც ჯვარი უპყრია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს უნიკალური გამოსახულებაა და ვიკინგის ხმალზე აქამდე არასოდეს უნახავთ. ამ რელიეფური გამოსახულებისა და ასოთა მოხაზულობის საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხმალი ქრისტიანული სიმბოლიკითაა შემკული. მაგრამ როგორ მოხვდა ასეთი მახვილი ნორვეგიაში, წარმართულ სამარხში?

ვიკინგებისთვის ოქრო ძალაუფლებისა და ძლევამოსილების სიმბოლო იყო, ის მეტად იშვიათად ჩნდება ვიკინგების ეპოქის არქეოლოგიურ მასალებში და როცა ჩნდება, მაშინაც კი ძალაუფლებას განასახიერებს. ამიტომ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხმალი მეპატრონის, მეომრის სოციალურ სტატუსზე, მის ძალაუფლებასა და სიძლიერეზე მიუთითებს.

ვიკინგების ეპოქაში იარაღისა და ფოლადის წრთობის საიდუმლო დაფარული იყო. მასზე ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი. ამიტომაც დაჰკრავდა ამ სფეროს მაგიური ელფერი. ამასთან, სპეციალისტების მოსაზრებით, ვიკინგების ეპოქაში მოლაპარაკებებისას, სოციალურ სტატუსთან ერთად, სიმბოლურ ნივთებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. შესაძლოა, მაგიურ ხმალსაც, რომელსაც ვიკინგის სამარხში მიაკვლიეს, სწორედ ასეთი დატვირთვა ჰქონდა, მეომრისა და მისი კლანის სტატუსსა და ძალას გამოხატავდა.

Sweyn-Forkbeard

მეფე სვენ I და ვიკინგები სვენის მამის, ჰარალდ ლურჯკბილას (ბლუთუსის) დაკრძალვაზე.

საბრძოლო ნაჯახი სადაა, მაგრამ ტარი დაფარულია თითბრით და მზის შუქზე ოქროსფრად ბზინავს. ამგვარი ნაჯახები ნორვეგიაში იშვიათია, თუმცა ძალიან ჰგავს ლონდონში, მდინარე ტემზაში აღმოჩენილებს. ისინი ქრონოლოგიურადაც ერთ პერიოდს განეკუთვნება – X-XI საუკუნეების მიჯნას. იმ პერიოდს, როდესაც დანიის მეფე სვენ I და მისი ვაჟი კნუდი წარუძღვნენ არმიას ინგლისის ტახტის მოსაპოვებლად. მეფის ლაშქარში სკანდინავიელები შედიოდნენ. სვენის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისში, კნუდი მეფედ შერაცხეს.

ეკუთვნოდა კი ხმალი ვიკინგს, რომელიც კნუდ II–ის არმიაში მსახურობდა?

ამავე ხეობაში, სადაც სამარხები გაითხარა, აღმოაჩინეს ქვა, ბიორის მოსაგონარი წარწერით: “არნშტაინმა აღმართა ეს ქვა თავისი ვაჟის, ბიორის მოსაგონებლად. იგი მოკვდა მაშინ, როცა კნუდი წავიდა ინგლისს. ღმერთი ერთია”.

ტექსტი, სავარაუდოდ, მიუთითებს მეფე კნუდის ინგლისში ლაშქრობას 1013–1014 წლებში. ეჭვგარეშეა, რომ ხმალი მეფე კნუდის დროინდელია. ამავე პერიოდისა უნდა იყოს ნაჯახიც. ხმალი დამზადებულია ნორვეგიის ტერიტორიის გარეთ, მისი ანგლოსაქსური წარმოშობა უდავოა.

Oslo-Historical-Museum-450x500

ვიკინგის ხმალს მეცნიერები სწავლობენ

დიდია ბიორის მოსაგონებლად აღმართული ქვის სტელისა და სამარხის დაკავშირების ცდუნება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მეომარი, რომლის სარკოფაგთანაც მაგიური მახვილი და საბრძოლო ნაჯახი იპოვეს, მეფე კნუდს ახლდა ინგლისში ლაშქრობისას. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ინგლისიდან დაბრუნებული ბიორი მალევე გარდაიცვალა. არის მეორე ვარაუდიც, რომ მამამ მიიღო შვილის აღჭურვილობა მის სახელზე აღმართა სტელა, გარდაცვალების შემდეგ კი იქვე დაიმარხა შვილის იარაღთან ერთად.

ქვის სტელა და სამარხი ერთი პერიოდისაა. ხმალი და ნაჯახი კი, რომელიც ამ სამარხის სარკოფაგის გარეთ აღმოაჩინეს, ადასტურებს, რომ ქრისტიანობას ფესვი ნორვეგიაშიც ჰქონდა გადგმული. გარდამავალ პერიოდში, დკრძალვისას შესაძლებელი იყო წარმართული და ქრისტიანული ელემენტების ერთდროულად გამოყენება. სპეციალისტები ცდილობენ ახლა პასუხი გასცენ კითხვასაც – ამ მიზეზით ხომ არ დაუტოვებიათ იარაღი სარკოფაგს გარეთ.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*