უსაქმურობით ძველ ეგვიპტეშიც ავადდებოდნენ

დიდებულთა მუმიებს კარიესი, სიმსუქნე და გულსისხლძარღვთა დაავადებები აღმოუჩინეს.

ძველ ეგვიპტელებს ისეთივე დაავადებები აწუხებდათ, როგორც ჩვენს თანამედროვეებს. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე 2200–წლოვანი მუმიის კვლევის შემდეგ მივიდნენ. გაირკვა, ის დროის დიდ ნაწილს სკამზე ჯდომასა და ჭამაში ხარჯავდა.

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ადამიანი სახელად ორეტ–ჰორ–ირუ, ანუ “ჰორის მცველი თვალი”, კარიესითა და გულსისხლძარღვთა დაავადებით იტანჯებოდა. აღსანიშნავია, რომ კარიესი და კბილების ვრცელი დაზიანებები სპეციალისტებმა უკვე არაერთ მოზრდილსა და ბავშვებსაც კი უპოვეს…

ორეტ–ჰორ–ირუს მკვლევარებმა პირობითად “ალექსი” შეარქვეს. “ალექსის” მუმია ამჟამად ისრაელში, იერუსალიმის მუზეუმშია გამოფენილი. გამოფენის კურატორი გალიტ ბენეტი აცხადებს, რომ მას ოსტეოპოროზი და ღრძილების დაავადება ჰქონდა. არენიშნებოდა სიმპტომები, რომ დიდ დროს უთმობდა მჯდომარე ცხოვრებას, ხოლო მისი საკვები ნახშირწყლებით იყო გაჯერებული.

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ “ალექსი” ხელით მუშაობდა და მზის სხივებს ერიდებოდა. ტიპური უსაქმური იყო, რომელსაც სიმდიდრის გარდა, ეგვიპტურ საზოგადოებაში მაღალი სოციალური სტატუსიც გააჩნდა.

გალიტ ბენეტი: “ოსტეოპოროზი თანამედროვე ადამიანის დაავადებაა, მისი, ვინც კომპიუტერის მონიტორს არის მიჯაჭვული. გაგვიკვირდა, როცა ვნახეთ, რომ ძველ ეგვიპტურ საზოგადოებაშიც იქმნებოდა მსგავსი პრობლემები”.

თუმცა, ვინც უძველეს ისტორიას კარგად იცნობს, ეს არ გაუკვირდება. ანტიკურ ხანაში სიმსუქნე ჯანმრთელობისა და სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა. მდიდარ ადამიანს კი მძიმე ფიზიკური შრომა და კალორიების ხარჯვა არ უხდებოდა.

ასეთ დღეში მხოლოდ “ალექსი” არ ყოფილა. 2013 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, 137 მუმიის კვლევან აჩვენა, რომ სიცოცხლეში მათ 34%–ს აწუხებდა გულსისხლძარღვთა დაავადებები. გულის დაავადებების ნიშნები ჰქონდათ თვით ალასკაზე, კუნძულ კაგამილზე, გამოქვაბულში აღმოჩენილ სხეულებსაც კი. არადა იმ რეგიონის მცხოვრებთა საკვები არცთუ ნოყიერია…

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*