უცნობი დედოფალი კლეოპატრა

12 აგვისტო… 30 წელი ქრისტემდე… ნილოსის ზღაპრულმა დედოფალმა, კლეოპატრამ ალექსანდრიის მავზოლეუმში თავი მოიკლა. იგი ეგვიპტეს ოც წელზე მეტხანს მართავდა და ისტორიას შემორჩა, როგორც უკანასკნელი დამოუკიდებელი ფარაონი.

კლეოპატრას მმართველობის ეპოქა სავსე იყო ძალაუფლებისთვის სასტიკი ბრძოლით, საკუთარ დედმამიშვილებთანაც კი. ეომებოდა რომის მომავალ იმპერატორსაც და წყაროების თანახმად, ჰქონდა სასიყვარულო–პოლიტიკური კავშირები იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან.

თუმცა ანტიკური ხანის ერთ–ერთი ყველაზე ბრწყინვალე, მაცდური და სახელგანთქმული ქალის ცხოვრების მრავალი დეტალი უცნობი ან ბუნდოვანი რჩება.

Kleopatra-VII.-Altes-Museum-Berlin1 (1)

კლეოპატრას ანტიკური ბიუსტი ალჟირიდან, სამეფო დიადემით (ბერლინის ანტიკური კოლექცია)

კლეოპატრა ეგვიპტეში დაიბადა, თუმცა მისი წინაპარი მაკედონიიდან იყო, ალექსანდრე მაკედონელის სარდალი (დიადოქოსი) პტოლემეოს I. ალექსანდრე დიდის გარდაცვალების შემდეგ ძვ. წ. 323 წელს, ის ეგვიპტის მმართველი გახდა და ახალი დინასტია დააარსა, რომელიც ეგვიპტეს სამი საუკუნე მართავდა. ამ დინასტიიდან კლეოპატრა პირველი იყო, ვინც ეგვიპტური ისწავლა. ამასთან, უძველესი წეს–ჩვეულებებიც აითვისა.

სილამაზე კლეოპატრას მთავარი ღირსება სულაც არ ყოფილა.

რომაული ცნობებით, კლეოპატრა გარყვნილი ქალი იყო, ვინც საკუთარი მომხიბვლელობა პოლიტიკურ იარაღად აქცია. თუმცა, მოგვიანებით მან გონიერებით უფრო გაითქვა სახელი, ვიდრე გარეგნობით. მრავალი ენაზე საუბრობდა, იცოდა მათემატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია და არაჩვეულებრივი ორატორიც იყო.

ეგვიპტური წყაროების თანახმად ის იყო მმართველი, რომელიც “მეცნიერთა სიმაღლეზე იდგა და მათთან საუბარი სიამოვნებდა”.

პლუტარქეც ამტკიცებდა, რომ კლეოპატრას მშვენიერება “სულაც არ ყოფილა სწორუპოვარი”, არამედ თაფლიანი საუბარი და “დაუძლეველი ხიბლი” ხდიდა მას ასე სასურველს.

მართლაც, მონეტაზე ის გამოსახულია დიდი, კეხიანი ცხვირით. თუმცა, ისტორიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ კლეოპატრა განგებ გამოსახავდა თავს უფრო მამაკაცური შტრიხებით, რათა საკუთარი ძლიერებისთვის გაესვა ხაზი.

ძმების მკვლელი

ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მეტოქის სასიკვდილო განაჩენი პტოლემეოსთა ოჯახური ტრადიცია იყო. ამ მხრივ გამონაკლისი არც კლეოპატრა, არც მისი ძმები და არც მისი და არ ყოფილან.

პირველი ასეთი გადაწყვეტილება კლეოპატრამ მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა ქმარმა და ამავდროულად ძმამ, პტოლემეოს XIII–ემ ტახტის მითვისება სცადა. ეგვიპტეში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ეგვიპტის დედოფალმა მეამბოხე მეუღლის დამარცხება იულიუს კეისრის დახმარებით შეძლო და დამარცხებული პტოლემეოს XIII ნილოსში ჩაახრჩეს.

ომის დასრულების შემდეგ კლეოპატრა მეორე უმცროს ძმაზე, პტოლემეოს XIV დაქორწინდა, მაგრამ, წყაროების ცნობით, ოთხი წლის შემდეგ ისიც მოაკვლევინა 15 წლის ასაკში, რადგან კეისრისგან შეძენილი საკუთარი ვაჟი თანამმართველად და ეგვიპტის ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა. ძვ. წ. 41 წელს კი კლეოპატრამ საკუთარი და, არსინოე IV დასაჯა სიკვდილით. არსინოე მას ტახტს ედავებოდა.

Jan_de_Bray_-_Cleopatra_puts_the_pearl_in_the_wine_-_Royal_Collection_-_1652_-_RCIN_404756

ანტონიუსისა და კლეოპატრას ნადიმი (იან დე ბრე, 1652 წ.)

“ღვთაებრივი” სახიობა

კლეოპატრას თავი ცოცხალ ქალღმერთად მიაჩნდა. ის ხშირად იყენებდა სასცენო ხელოვნებას შესაძლო მოკავშირეებთან საარშიყოდ თუ თავისი “ზეციური სტატუსის” განსამტკიცებლად. როცა ძვ. წ. 48 წელს იულიუს კეისართან ალექსანდრიაში მივიდა, კლეოპატრა ტახტისთვის საკუთარ ძმასა და ყოფილ მეუღლეს, პტოლემეოს XIII–ს ეომებოდა.

კლეოპატრამ იცოდა, რომ მისი ძმა ეცდებოდა, არ დაეშვა მისი შეხვედრა რომაელ სარდალთან. კლეოპატრა ხალიჩაში გაეხვია (ზოგი ვერსიით, ტილოს ტომარაში) და კეისრის პალატებში მალულად შეაღწია. კეისარი მოიხიბლა ახალგაზრდა დედოფლით და მალე ისინი მოკავშირეები და საყვარლები გახდნენ.

მოგვიანებით მსგავსი თეატრალური ხერხი კლეოპატრამ ძვ. წ. 42 წელს მარკუს ანტონიუსთან გამოიყენა. როცა დაიბარეს, რომის ტრიუმვირატის წინაშე მოოქრული ნავით წარდგა, რომელსაც მეწამული აფრა და მოვერცხლილი ნიჩბები ჰქონდა. კლეოპატრა ქალღმერთ აფროდიტას მსგავსად იყო გამოწყობილი, კუპიდონივით ჩაცმული მხლებლები კი უნიავებდნენ და სურნელოვან საკმეველს უკმევდნენ. ანტონიუსი, რომელიც თავს ბერძენთა ღმერთ დიონისეს განსახიერებად მიიჩნევდა, უმალ მოიხიბლა მისით.

კლეოპატრას მოდა

 

 

1280px-Giambattista_Tiepolo_-_The_Banquet_of_Cleopatra_-_Google_Art_Project

კლეოპატრას წვეულება (ჯოვანი ბატისტა ტიეპოლო, 1744 წ.)

 

კლეოპატრა იულიუს კეისარს რომში ძვ. წ. 46 წლის დასაწყისში გაჰყვა. მისმა იქ ყოფნამ დიდი არეულობა გამოიწვია. კეისარი არ მალავდა, რომ კლეოპატრა მისი საყვარელი იყო – იგი ქალაქში კეისრის შვილით, კესარიონით მივიდა. ამას გარდა, მრავალი რომაელი აღშფოთდა, როცა კეისარმა კლეოპატრას მოოქრული ქანდაკება ვენერას ტაძარში აღმართა. ორ წელოწადში კეისარი მოკლეს და კლეოპატრას რომის დატოვება მოუხდა, მაგრამ ქალაქს საკუთარი კვალი მაინც დაამჩნია. მისი ეგზოტიკური ვარცხნილობა და მარგალიტის სამკაულები მოდური გახდა და როგორც ისტორიკოსი, ეგვიპტოლოგი ჯოან ფლეტჩერი ამბობს, “ამდენმა რომაელმა ქალმა გადაიღო კლეოპატრას გარეგნობა, რომ მათი ქანდაკებები ხშირად კლეოპატრას ქანდაკებაში ერეოდათ”.

მსმელთა კლუბი

კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსის რომანი ძვ. წ. 42 წელს დაიწყო. მათ ურთიერთობაში სიყვარულთან ერთად, პოლიტიკური მიზნებიც იყო – კლეოპატრას ანტონიუსი სჭირდებოდა მისი ტახტისა და ეგვიპტის დამოუკიდებლობის დასაცავად, ანტონიუსს კი ეგვიპტის სიმდიდრე და რესურსები იზიდავდა. ძველი წყაროების თანახმად, მათ ძვ. წ. 41–40 წლების ზამთარი ეგვიპტეში, გართობაში გაატარეს და მსმელთა “კლუბიც” ჩამოაყალიბეს. აქ აწყობდნენ ღამის წვეულებებს, მონაწილეობდნენ თამაშებსა და შეჯიბრებებში. კლეოპატრასა და ანტონიუსის საყვარელი გასართობი იყო ალექსანდრიის ქუჩებში შენიღბულად სიარული და მოქალაქეებთან მასხრობა.

Cleopatra at Battle of Actium

კლეოპატრა აქციუმის ბრძოლაში (ჰ. ვოგელი, XIX საუკუნის ნახატი)

საზღვაო სარდალი

კლეოპატრა მარკუს ანტონიუსზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი შეეძინათ. თუმცა ამ ქორწინებას რომში სკანდალი მოჰყვა. ანტონიუსის მეტოქემ, ოქტავიანემ ყველაფერი გააკეთა, რომ რომის სენატს კლეოპატრა მოღალატედ გამოეცხადებინა. ძვ. წ. 32 წელს სენატმა კლეოპატრას ომი გამოუცხადა. კონფლიქტის პიკი, ერთი წლის შემდეგ, აქციუმის საზღვაო ბრძოლა იყო. კლეოპატრა თავად გაუძღვა ეგვიპტურ საომარ ხომალდებს, მაგრამ დამარცხდა. კლეოპატრასა და ანტონიუსს რომაული ხაზის გარღვევა და უკან, ეგვიპტეში დაბრუნება მოუხდათ.

გველი ან ქინძისთავი

აქციუმის ბრძოლიდან ერთ წელიწადში, ძვ. წ. 30 წელს, როცა ოქტავიანე ალექსანდრიას მიადგა, კლეოპატრამ და ანტონიუსმა თავი მოიკლეს. ლეგენდის თანახმად, კლეოპატრა გველის ნაკბენით მოკვდა – სავარაუდოდ, გველგესლის ან ეგვიპტური კობრას. თუმცა პლუტარქეს ძველი ქრონიკების მიხედვით, “სინამდვილეში რა მოხდა, არავინ იცის”. ის ამბობს, რომ კლეოპატრას საწამლავი სავარცხელში ჰქონდა დამალული. ისტორიკოს სტრაბონის ჩანაწერების მიხედვით კი, კლეოპატრას შესაძლოა სასიკვდილო “მალამო” წაესვა. ზოგი მლვლევარი ეჭვობს, რომ მან შესაძლოა მოწამლული ქინძისთავი გამოიყენა.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*