უძველესი ევროპელები ძაღლისა და გარეული კატის ხორცითაც იკვებებოდნენ

ბრინჯაოს ხანის ევროპელები მოშინაურებული ძაღლის, გარეული კატისა და მაჩვის ხორცითაც იკვებებოდნენ. ასეთია კატალონიის ადამიანის პალეოეკოლოგიისა და სოციალური ევოლუციის ინსტიტუტის მკვლევართა დასკვნა.

მეცნიერებმა ესპანეთში, ატაპუერკას მღვიმეში გათხრებისას ცხოველების ძვლებზე ადამიანის კბილების კვალი აღმოაჩინეს. იბერიის ნახევარკუნძულის მღვიმეს ცხვრის ფარის სადგომად იყენებდნენ. თუმცა ცხვრის გარდა, გამოქვაბულის ბინადრები წვრილფეხა მტაცებლებსაც ჭამდნენ.

მასალის შესწავლისას დადგინდა, რომ საკვებად მათი გამოყენება ადამიანებმა ნეოლითის ხანაში დაიწყეს, დაახლოებით 7200 წლის წინ. ეს თითქმის 4000 წელიწადს გრძელდებოდა, მათ შორის ბრინჯაოს ხანაშიც, და დაახლოებით 3100 წლის წინ შეწყდა.

 

პატრიცია მარტინი (კატალონიის ადამიანის პალეოეკოლოგიისა და სოციალური ევოლუციის ინსტიტუტის მკვლევარი): “ელ–მირადორის გამოქვაბულში ძაღლის ხორცსა და ძვლებს აცალკევებდნენ და ხარშავდნენ. ასე მაშინ იქცეოდნენ, როცა ადამიანები საკვების ნაკლებობას განიცდიდნენ ან შიმშილობდნენ. ცალკეულ შემთხვევაში მათ ტყავისთვისაც ხოცავდნენ, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთი აზიური კულტურის მსგავსად, ძაღლის ხორცი აქაც ცილების მდიდარ წყაროდ ყოფილიყო მიჩნეული, ან გამოყვანილი ხორცის დასამზადებლად გამოეყენებინათ”.

მეცნიერთა განმარტებით, უფრო ძნელი იყო ნადირობა გარეულ კატებსა და მაჩვებზე. ვიდრე მოშინაურებულ ძაღლებზე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა იბერიის ნახევარკუნძულზე და ზოგადად, ევროპაში ძაღლის, გარეულიკატისა და მაჩვის საკვებად გამოყენების ფაქტი აღირიცხა. ეს ცხოველების ძვლებზე ადამიანის კბილების კვალმა დაადასტურა.

parque_arqueologico_atapuerca

ფიგურები ატაპუერკასთან არსებული არქეოლოგიური პარკიდან

საინტერესოა, რომ მანამდე მეცნიერული კვლევით დადგინდა ატაპუერკაში კანიბალიზმის ფაქტების არსებობაც.

სიერა–დე–ატაპუერკა ცნობილი არქეოლოგიური ცენტრია. იგი ბურგოსის პროვინციის ქალაქ ატაპუერკის სიახლოვეს, ესპანეთის უძველეს კარსტულ რეგიონში მდებარეობს. რეგიონი რამდენიმე გამოქვაბულს მოიცავს, სადაც აღმოჩენილია მთელ დასავლეთ ევროპაში ამჟამად ცნობილი უძველესი ადამიანის – ჰომინიდის ნამარხები და ქვის იარაღები. უძველესი ჰომინიდების ასაკი 1,2 მილიონი წლით განისაზღვრა.

უნიკალური პალეონტოლოგიური აღმოჩენების გამო, 2000 წელს, იუნესკომ რეგიონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა სახელით “ატაპუერკის არქეოლოგიური ზონა”.

 

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*