უძველესი ოქროს ნივთები ევროპაში

ვარნის უნიკალური ნეკროპოლი ძვ.წ. V ათასწლეულით თარიღდება. ის ქალაქ ვარნის თითქმის ცენტრში აღმოაჩინეს 1972 წელს, კაბელის გაყვანის დროს და დღემდე ევროპის უმნიშვნელოვანესი ნეოლითური ძეგლია.

მიწის თხრისას ექსკავატორის ციცხვს ამოყოლილი რამდენიმე მბრწყინავი ნივთი უძველესი ოქროს ნაკეთობები და კერამიკის ნაშთები აღმოჩნდა. მას შემდეგ სამარხს ვარნის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლები სწავლობენ. ათწლეულების განმავლობაში გაითხარა დაახლოებით 7500 კუბური მეტრი მიწა, რაც ნეკროპოლის სავარაუდო მოცულობის 2/3-ს შეადგენს. ნანახია 294 სამარე, 3000-ზე მეტი ოქროს ნივთი, რომელთა საერთო წონა 6 კილოგრამზე მეტია და 600-ზე მეტი, მათ შორის ოქროთი მოვარაყებული კერამიკის ნიმუში. ამას გარდა, იპოვეს ობსიდიანისა და კრემნიუმის მაღალი ხარისხის ბასრი იარაღი და სამკაული. მეცნიერთა აზრით, დაახლოებით ძვ.წ. 4600-4200 წლებით დათარიღებული ნეკროპოლი ძველი ეგვიპტისა და ძველი მესოპოტამიის უძველეს აღმოჩენათა რიგში დგას.

დადგენილია საფლავების სამი ტიპი. უმრავლესობა ზურგზე მწოლიარე მამაკაცია. გაცილებით ნაკლებია ძირითადად მარჯვენა გვერდზე დაწვენილი ქალები, ხოლო მესამე ტიპის საფლავები კენოტაფებია, ანუ სიმბოლური სამაროვნები ნეშტის გარეშე. ყველაზე მდიდრულად შემკულია მამაკაცთა საფლავები. განსაკუთრებულია N43 სამარხი – 170 სმ სიმაღლის მამაკაცი, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 45 წლის ასაკში. მისი საფლავიდან ამოღებულია 990 ოქროს ნივთი 1,5 კილოგრამზე მეტი საერთო წონით, უამრავი სპილენძისა და ქვის მრავალფეროვანი იარაღი, ოქროთი მოვარაყებული მშვილდის ნაწილები. იგი ჩაცმული იყო მეტად მდიდრულად, მარჯვენა ხელში კი კვერთხი ეჭირა, რაც მიუთითებს, რომ ბელადი ან ქურუმი იყო.

საინტერესოა, რომ პალეოგენეტიკური კვლევით დადგინდა: N43 სამარხში დაკრძალული ადამიანის ე.წ. ქრომოსომული ჰაპლოჯგუფის ნიმუშს წინაპრები ჰყავს ანატოლიური ნეოლითისა და კავკასიელ მონადირე-შემგროვებელთან.

varna-burial

Varna_tombe_4_photo_B._Armbruster_1-1024x932

6b6fb300ce51778d596691e64c6a7e20

varna

Leave a comment

Your email address will not be published.


*