უძველესი ოქროს ნიღაბი პერუდან ადამიანის სისხლით იყო შეღებილი

წითელი პიგმენტი ფრინველების კვერცხების კვალსაც შეიცავს.

ახალი კვლევების მიხედვით, ათასწლოვანი ნიღაბი პერუდან ადამიანის თავის ქალაზე იყო მიმაგრებული და შეღებილი იყო ადამიანის სისხლით.

ოქროს ნიღაბი პერუში, უძველესი სამარხის გათხრებისას, 1990-იან წლებში აღმოაჩინეს. სამარხი ახ.წ. 1000 წლით თარიღდება. ის ადგილობრივ დიდგვაროვანს ან მმართველს ეკუთვნოდა. სამარხი სიკანის კულტურის ეპოქას განეკუთვნება, რომელიც ინკებზე ადრე, VIII-XIV საუკუნეებში იყო გავრცელებული პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე.

12 მეტრის სიღრმეზე, კვადრატული ფორმის სამარხის ცენტრში, უთავო ჩონჩხი აღმოაჩინეს. ის მჯდომარე მდგომარეობაში იყო დამარხული. თავის ქალა გვერდით იდო – ის გამიზნულად იყო მოცილებული სხეულისგან. სხეულიც და თავის ქალაც მკვეთრი წითელი საღებავით იყო დაფარული.

სამარხში 1,2 ტონა დასაკრძალავი ინვენტარი და კიდევ ოთხი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს – ორი ახალგაზრდა ქალის, რომლებიც მშობიარის და ბებია ქალის პოზაში იყვნენ და ასევე ორი ბავშვის სხეული.

გათხრების დროს, წითელი ფერი მეცნიერებს ცინაბრი ეგონათ – მკვეთრი წითელი მინერალი, რომელიც გოგირდს და ვერცხლისწყალს შეიცავს. გაოცება ფერმა გამოიწვია, რომელიც 1000 წლის მანძილზე მიწის ქვეშ კარგად იყო შემონახული.

ახალი კვლევის დროს, მეცნიერებმა საიდუმლო ინგრედიენტის გარკვევის მიზნით, საღებავის მცირე ნიმუში გამოიკვლიეს. ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდით დადგინდა, რომ წითელი საღებავი ცილებს შეიცავს. ამის შემდეგ, ამ ცილის იდენტიფიკაცია მოხდა. აღმოჩნდა, რომ წითელი საღებავი ადამიანის სისხლის 6 ცილას შეიცავს. მათ შორის – შრატის ალბუმინი და იმუნოგლობულინი G. საღებავი ჩიტების კვერცხების ცილებსაც შეიცავდა. ისინი ძლიერად არის გახრწნილი და მათი წარმომავლობის დადგენა ვერ მოხერხდა.

ადამიანის სისხლის ცილების იდენტიფიკაცია არქეოლოგების ჰიპოთეზას ადასტურებს – ჩონჩხების განლაგება სიკანის კულტურის ლიდერის “აღორძინებასთან” არის დაკავშირებული. ღებვაში სისხლის გამოყენება კი, მისი მაცოცხლებელი ძალის სიმბოლოს წარმოადგენდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*