უძველესი რომაული ღმერთები პეტრადან

მკვლევართა ჯგუფმა ჩრდილოეთ კაროლინიდან იორდანიაში, ძველ ქალაქ პეტრას გათხრებისას ღმერთების უძველეს ქანდაკებებს მიაკვლია. 

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ტომ პარკერი ამბობს, რომ არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა მითოლოგიური პანთეონის რამდენიმე ღმერთის, მათ შორის ქალღმერთ აფროდიტეს მარმარილოს ორი სტატუა იპოვეს, როცა პეტრას ერთ–ერთ რაიონში, ჩრდილოეთ რიჯში ქალაქის შიდა ნაწილს იკვლევდნენ.

petra-ancient-statue

ქალღმერთ აფროდიტეს მარმარილოს სკულპტურა

ტომ პარკერი, ისტორიკოსი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი: “ახლო აღმოსავლეთში საველე სამუშაოებზე ვარ 45 წელიწადზე მეტია, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჯერ არ გამიკეთებია. ქანდაკებები ნამდვილად იმსახურებს ლუვრსა და მეტროპოლიტენ მუზეუმში წარმოდგენას”.

აფროდიტეს გარდა, მიაკვლიეს კუპიდონის ქანდაკებებსაც. ისინი დაზიანებულია, თუმცა მოხერხდა როგორც ქანდაკების თავის, ასევე კვარცხლბეკის პოვნა. მათი აღდგენა სრულად არის შესაძლებელი.

ზაფხულში ექსპედიციის მუშაობის განახლებისას მისი წევრები ფიქრობდნენ, რომ ქალაქის ერთ უბრალო სახლს თხრიდნენ. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვან რამეს გადააწყდნენ – ურბანულ ვილას, რომელსაც წყალმომარაგებისა და აბანოების საკუთარი სისტემა ჰქონდა. ამდენად, ეს მარმარილოს ქანდაკებები, რომლებსაც კიბის ნაშთებთან მიაკვლიეს, მნიშვნელოვანი აღმოჩენაც არის და მოულოდნელიც.

ტომ პარკერი: “ჩვენ სხვა რამეს ვეძებდით, თუმცა აღმოჩენილი ნივთები ბევრს გვეუბნება ქალაქის იმჟამინდელი მოსახლეობის შესახებ”.

მკვლევარის აზრით, რომაული სტილის მარმარილოს ქანდაკებები მეტყველებს, რომ 106 წელს, რომაელთა მიერ ნაბატეველთა ქვეყნისა და დედაქალაქ პეტრას დაპყრობის შემდეგ, ადგილობრივებმა ბევრი რამ შეითვისეს რომაული და არა მხოლოდ რომაული, არამედ ერთ დროს მეზობელი ეგვიპტური კულტურიდანაც.

ძველი რომაული პანთეონის ღმერთების ქანდაკებების გარდა, ექსპედიციამ სხვა არაერთ არტეფაქტს მიაკვლია, რომლებიც ნაბატეველთა ყოველდღიურ ცხოვრებას ნათელს ჰფენს. მათ შორის საჭმლის მოსამზადებლად და შესანახად საჭირო დანადგარებს, კერამიკას, რკინის ხმლებს, კერამიკისგანვე დამზადებულ ზეთის ლამპებსა და საიუველირო ნაწარმს.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*