უძველესი ფერადი “კომიქსები”

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის (CNRS) ინფორმაციით, იორდანიაში არსებულ ერთ–ერთ ძველ რომაულ ნეკროპოლისში ნანახი ვრცელი, კოლორიტული კედლის მხატვრობა ჯერჯერობით უძველესია აღმოჩენილ კომიქსთაგან, რომელიც წარმოაჩენს, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ქალაქებში მრავალი საუკუნის წინ.

ადამიანების, ცხოველებისა და ღმერთების ასობით ნახატი ასახავს მათ ყოველდღიურობას ხალხმრავალ ქალაქში ახ. წ. II საუკუნეში – მოსავლის აღებას, თავდასაცავი კედლის აგებას და სხვ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ კედლის ფერწერა მხოლოდ ნახატებისგან არ შედგება – მათ გვერდით ათობით წარწერაა. არამეულ ენაზე შესრულებული კომენტარები აღწერს ადამიანთა საქმიანობას ნახატებზე და ჩანს, ეს წარწერები იმავე მიზანს ემსახურება, რასაც სიტყვები თანამედროვე კომიქსებში.

“წარწერები, ფაქტობრივად, თანამედროვე კომიქსებზე “ბუშტებში” ჩახატული სიტყვების იდენტურია, რომლებიც პერსონაჟების მოქმედებას აღწერს”, ამბობს ცენტრის მკვლევარი, ისტორიისა და ძველ სამყაროთა ლაბორატორიის თანამშრომელი ჟან ბატისტ იონი.

52 კვმ ფართობის სამაროვანი შესანიშნავადაა შენახული. მთავარი სამყოფელის კედლებსა და ჭერზე დაახლოებით 260 ნახატი და 60 წარწერაა. ნახატებზე ვხედავთ აქტიურ მშენებლობას, ზოგჯერ ქაოსურსაც, სადაც “ბრიგადირები” ხელმძღვანელობენ “მუშებს” და სამშენებლო ტრავმებიცაა გამოსახული.

დეკაპოლისის სახელწოდებით ცნობილ რეგიონში სხვა სამაროვნებიც არის, ასევე მდიდრულად მოხატული, მაგრამ ეს კონკრეტული აღმოჩენა, მათი კომიქსების მსგავსი არამეული ტექსტებით, განსხვავდება იმავე პერიოდის ბერძნულწარწერებიანი მოხატულობებისგან.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*