ფრანგები მეფე შარლ X–ის “დაბრუნებას” მოითხოვენ

b4522c229acb34b0419185ec3056494b

საფრანგეთის მეფე შარლ X

ფრანგი ისტორიკოსები მეფე შარლ X-ის ნეშტის სამშობლოში გადასვენების ინიციატივით გამოდიან. იგი ბურბონთა დინასტიის ერთადერთი მონარქია, რომელიც საფრანგეთში არ დაუკრძალავთ. მისი ნეშტი სლოვენიის ქალაქ ნოვა–გორიცაშია დასვენებული. ქალაქის მცხოვრებნი ფრანგი ისტორიკოსების ინიციატივას უარყოფითად შეხვდნენ.

ფილიპ დელორმი, ისტორიკოსთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი: “ჩვენ გვსურს, ბურბონთა დინასტიას ერთი სასაფლაო ჰქონდეს. იქ, სადაც ლუი XVI, მარია–ანტუანეტა და ლუი XVIII არიან დაკრძალული, შარლ X–ისთვის ადგილი უკვე ორი საუკუნეა გამოყოფილია. ეს ისტორიის ხელახლა განაზრება და ფრანგი ხალხის საკუთარ ისტორიასთან შერიგებაა”.

შარლ X, ლუი XVI–ის უმცროსი ძმა, გამეფებამდე გრაფ დ’არტუას ტიტულს ატარებდა. ისტორიკოსების ინიციატივა სლოვენიას ოფიციალურად არ გაუპროტესტებია, მაგრამ ქალაქის მერიცა და ადგილობრივი მოსახლეობაც ცხედრის კოსტანევიცაში, ფრანცისკანულ მონასტერში დატოვებას ითხოვს.

მატეი არკონი, ნოვა–გორიცას მერი: “ინიციატივის შესახებ მედიით გავიგეთ. რა თქმა უნდა, იდეას არ ვემხრობით, რადგან შარლ X აქ თითქმის 180 წელიწადია განისვენებს. ის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილია და ეს ადგილიც სამუდამო განსასვენებლად თავად აირჩია”.

ერთ დროს იტალიური ქალაქი გორიცია ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სწორედ ამ პატარა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად 1836 წელს შარლ X, რათა პრაღაში გავრცელებული ქოლერისთვის თავი აერიდებინა, თუმცა იმავე წელს მთელ რეგიონში ამ ვერაგი დაავადების ერთადერთ მსხვერპლად იქცა.

bourbonska_grobnica_ng6

შარლ X-ის და მისი ვაჟის საფლავი ნოვა–გორიცაში

მარიამ ბრეჩელი, გიდი: “ავსტრიელი ჰაბსბურგები მონარქებს შემდეგი წესით კრძალავდნენ – ისინი ცხედარს გულს აცლიდნენ. მეფეთა გულები ახლაც ვენაში, წმინდა ავგუსტინეს ეკლესიაშია დაკრძალული. შარლ X ამავე ტრადიციის მიხედვით დაიკრძალა. მისი გული საფრანგეთში უნდა ყოფილიყო, რადგან საფრანგეთის მეფე იყო, მაგრამ იმ დროს ფრანგებმა გულის მიღებაზე უარი თქვეს და ამიტომ გულიც ნოვა–გორიცაშია ცხედრის გვერდით, სამარხში”.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის საზღვრების ხელახალი დემარკაციისას გორიცია იუგოსლავიის შემადგენლობაში მოექცა, დღეს კი უკვე სლოვენიის ქალაქია. ნოვა–გორიცას მცხოვრებთათვის მონასტერში დაკრძალული ფრანგი მეფე მათი ისტორიის ნაწილია, რომლის დათმობაც, ფრანგი ისტორიკოსების სურვილის მიუხედავად, სლოვენიელებისთვის ადვილი არ იქნება. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენლის სამარხის სანახავად ნოვა–გორიცაში ყოველწლიურად 10 ათასზე მეტი ტურისტი ჩადის.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*